2022 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის ინიციატივით დაიწყო სოციალური შეღავათების მიმღები პირების დასაქმების პოლიტიკა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სამუშაო კონტრაქტს 200-მა ოჯახმა მოაწერა ხელი.
დასაქმებულები ანაზღაურებას სამუშაო საათების მიხედვით იღებენ. 8 საათიანი სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში 300 ლარს იღებენ. ბენეფიციარები გარდა ანაზღაურებისა, იღებენ სოციალურ დახმარებასაც, 4 წლის განმავლობაში კი მათი სახლების შემოწმება არ მოხდება.
დასაქმებულები ამბობენ, რომ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათ სამსახური ნახეს, სასარგებლოა. ადრე ისინი სამუშოს პოვნასთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდებოდნენ, ახლა კი ეს შესაძლებლობა აქვთ.
ერთ-ერთი ასეთი ადამიანია სოფელ დილითში მცხოვრები მარტიხელა დედა, მანუკიან ალვარდი, რომელიც ორ არასრუწლოვან ბავშვს ზრდის და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ადრე დახმარება, რომელსაც ის იღებდა არ იყო საკმარისი. თუმცა ახლა, მას შემდეგ, რაც ის პროგრამაში ჩაერთო, ფინანსური პრობლემები აღარ აქვს.
ალვარდ მანუკიანი სოფლის კლუბში მეეზოვედ მუშაობს, იღებს 300 ლარიან ხელფასს და სოციალურ დახმარებას 540 ლარის ოდენობით ორი არასრულწლოვანი შვილისთვის. ახლა მას აქვს სტაბილური სამსახური და დამატებითი შემოსავალი, რაც მას ხელს უწყობს, რომ ოჯახი არჩინოს და ფინანსური პრობლემები გადაჭრას.
პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წელზე უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირები, რომელთა ოჯახის რეიტინგი არ აღემატება 120 000 ქულას. ისინი ასევე სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას უნდა იღებდნენ. პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლიათ მხოლოდ პენსიონერებს და მათ, ვინც უკვე იღებენ ხელფასს. პროგრამაში მოხვედრა შეუძლია ადამიანს, რომელიც მუშაობდა და ექვსი თვის შემდეგ დაკარგა სამსახური.
დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს ოთხი წლით გარანტირებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, შენარჩუნდება მისთვის მინიჭებული ფულადი და არაფულადი შეღავათები. იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირები უარს იტყვიან დასაქმების შეთავაზებაზე, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შემოწმდება ერთი წლის შემდეგ. თუმცა ეს არ ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე მოქალაქეებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოციალური სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 120 000-მდე ქულის მქონე 800-მდე ოჯახია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 415 ოჯახი დარეგისტრირებულია სამუშაოდ და იღებს სოციალურ დახმარებას. ვაკანსიებს მერიის ეკონომიკური დეპარტამენტი აცხადებს.