9 ივლისს GIPA Media Lab პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების საავტორო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა ახალქალაქში, სადაც საუკეთესო ავტორები დაჯილდოვდნენ.
როგორც პროექტის მენეჯერმა, ნინო მახვილაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ჟიურის წევრებს გაუჭრდათ გამარჯვებულების გამოვლენა, რადგან წელს მონაწილეებმა აირჩიეს და გადაიღეს საკუთარი ფილმები ძალზედ სერიოზულ თემებზე. შედეგად 12-დან 7 საუკეთესო ფილმი დასახელდა.
პირველ ადგილზე გავიდა ნინოწმინდელი არტიომ ქოსიანის ფილმი “ასფარა: სოფელი-აჩრდილი”, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიტოვებულ სოფელ ასფარას შესახებ მოგვითხრობს. მეორე ადგილი დაიკავა ლილით კარაპეტიანმა სოფელ ფოკიდან, ფილმით “13 წლის ასაკში დაქორწინებული”, მესამე ადგილზე კი ორი ფილმი გავიდა სერგეი კურგინიანის “ცხოვრება წყლის გარეშე” და ნინოწმინდელი გრიგორ სააკიანისა და ამირან უსტიანის ფილმი “დიდი დღე”, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების ხელობაზეა.
აგრეთვე იყვნენ მონაწილეები, რომლებიც სპეციალურ ნომინაციებში დასახელდნენ. მათ შორის, შუშან მკრტჩიანი ფილმით “ქართული ენის მასწავლებელი”, ჰნაზიკ ავეტისიანი და მარინა კარაგულიანი ფილმით “მლოცველი ქალი”, ნარეკ ეღიაზარიანი ფილმით “მარტოხელა წყვილი”.
პროექტის ამ ეტაპზე მონაწილეები სწავლობდნენ ვიდეოს გადაღებას და მონტაჟს, ხოლო მომდევნო ეტაპებზე შეისწავლიან სოციალურ მედიასთან მუშაობას და მთელი პროექტის მანძილზე მიღებული ცოდნით მულტიმედია მასალების აგებას, რომლებსაც შემდგომ GIPA Doc U ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს წარუდგენენ.
ამავე ფესტივალის დროს თითოეული რეგიონიდან გამოვლინდება ერთი მონაწილე, ვისაც დაუფინანსდება სწავლა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ამჟამად უნივერსიტეტში სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლობს პროექტის 6 ბენეფიციარი.
პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. GIPA Media Lab-ი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 2016 წლიდან მოქმედებს.
დეტალურად აუდიო-მასალაში.