ტამბოვკა-ნინოწმინდის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 8 თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიწყო მუშაობა.
სოფელი ტამბოვკა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან 47 კილომეტრში მდებარეობს, ფარავნის ტბის სანაპიროზე. ზამთრის პერიოდში სოფლიდან ნინოწმინდის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადიოდა, რადგან მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალება აქვთ და ისიც თვეების მანძილზე გაფუჭებული იყო. სოფლის მოსახლეობა კი იძულებული იყო ნინოწმინდა-წალკის მთავარ გზაზე გამოსულიყო, რომელიც სოფლიდან 3 კმ-ში მდებარეობს, და აქედან თბილისი-ნინოწმინდის სამარშრუტო ტაქსით ემგზავრა ქალაქამდე ან ტაქსი დაექირავებინა.
ს. ახალი ხულგუმოს მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი სექტემბრიდან არ მუშაობს
ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება სოფლიდან სხვა სოფელში ან ქალაქ ნინოწმინდაში უჭირს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც გზები დიდთოვლობის შემდეგ იკეტება.
ავტობუსი სოფელს სომხურმა კათოლიკურმა ეკლესიამ გადასცა. ამჟამად იგი ტამბოვკა-ნინოწმინდის მარშრუტით უპრობლემოდ გადაადგილდება. როგორც მძღოლმა გვაცნობა, ტამბოვკიდან დილის 9 საათზე გამოდის. გზაში საჭიროების შემთხვევაში ჩერდება სოფელ ფფოკაშ, განძაში, საღამოში, სათხესთან და მოდის ნინოწმინდაში, სადაც 12:30 საათამდე რჩება და შემდეგ იგივე მარშრუტით ტამბოვკაში ბრუნდება. ამჟამად ტამბოვკა-ნინოწმინდის მარშრუტით მგზავრობა 6 ლარი ღირს, თუმცა მძღოლის თქმით, ეს ძირითად ხარჯებს მაინც არ ფარავს. “საწვავი გაძვირებულია, მგზავრები კი ცოტა მყავს. ყოფილა დღეები, როდესაც მგზავრი საერთოდ არ მყოლია. არასტაბილური საქმეა…,” – ამბობს ავტობუსის მძღოლი.
ამჟამად ავტობუსი ნინოწმინდაში კვირაში 3 ჯერ დადის: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. საგზაო ინფრასტრუქტურა ტამბოვკაში არ არის გამართული. წლების მანძილზე არაერთხელ ჩატარებულა გზის მოხრეშვის სამუშაოები, თუმცა ამაოდ… ძლიერი წვიმების გამო ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან გზა იშლებოდა. გასულ წელსაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფლის გზა მოიხრეშა, წელს კი უკვე შედგენილია პროექტი სოფლამდე მისასვლელი გზის მოასფალტებისთვის.