საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2022 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 170.7 მლნ. ლარი შეადგინა.
აქედან 13.1 მლნ. ლარი (7.7 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალია, 149.5 მლნ ლარი (87.6 პროცენტი) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 8.1 მლნ ლარი (4.7 პროცენტი) – სხვა შემოსავალი. ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99.5 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 30.8 მლნ. ლარია.
2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრებისა და ბაზრობების 30.5 პროცენტში ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ ბაზრობაზე – მხოლოდ სასურსათო საქონლით, ორი ბაზრობის ტერიტორიაზე – ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი.
ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2022 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 77.2 პროცენტი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად – 19.8 პროცენტი.
ბაზრებისა და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1.5 პროცენტი), კოოპერატივის (1.0 პროცენტი) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.5 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. 2022 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში.