საქართველოში უახლოეს 2 თვეში ვადა გასდის პაპილომავირუსის 12 ათასზე მეტ ვაქცინას, შესაბამისად, მას ვერავინ გამოიყენებს — ეს არის ვაქცინა, რომელსაც ათასობით ქალის დაცვა თითქმის 100%-ით შეუძლია საშვილოსნოს ყელის კონკრეტული ტიპის კიბოსგან.
2017 წელს, მაშინ, როდესაც პაპილომავირუსის ვაქცინაციის პროგრამა იწყებოდა, ჯანდაცვის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე კაკი ზოიძე ამბობდა, რომ ყოველწლიურად ამ დიაგნოზით საქართველოში, დაახლოებით, 200 ქალი იღუპება.
26 წლის ჩათვლით ქალებისთვის პაპილომავირუსზე აცრა საქართველოში უფასო და მარტივია — ამისთვის საკმარისია ერთ-ერთ ამცრელ პუნქტში მისვლა. ვაქცინაციის სიმარტივისა და აცრის ეფექტურობის მიუხედავად, მოსახლეობის მიმართვიანობა დაბალია.
2021-2022 წელს საქართველომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდა 70 ათასი დოზა ვაქცინა, რომელზეც 1 036 004 ლარი დახარჯა. თუმცა ვაქცინების სრულად ათვისება ვერ მოხერხდა, რადგან, 19 ივნისის მონაცემებით, NCDC-ის საწყობში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგია 32 598 დოზა.
აქედან 12 598 დოზა ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 2023 წლის 28 სექტემბერს იწურება, ხოლო 20 000 დოზის — 2025 წლის 2 მარტს.
აუცილებელია, პაპილომავირუსზე ქალები აიცრან, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ სქესობრივი ცხოვრება დაწყებული აქვთ და ეს მათთვის შემაკავებელი ფაქტორი არ იყოს.
სალომე კვარაცხელია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია, ის 32 წლისაა. რამდენიმე დღის წინ მან პაპილომავირუსის აცრის მე-2 დოზა გაიკეთა:
– „მაგალითად, მე რომ დაინფიცირებული ვიყო მე-6 შტამით, ვაქცინა მე-11; მე-16 და მე-18 შტამებისგან მაინც დამიცავს. მეტიც, სულ რომ სამივე შტამზე იყოს დადებითი ადამიანი, რატომ არ უნდა დავიცვათ იმ ერთისგან? ლოგიკა არის ეს.
როდესაც პრევენცია გინდა იმ დაავადების, რომელიც პოტენციურად საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს, ვაქცინაცია აუცილებელია. პრევენცია ყოველთვის სჯობს დაავადების შემთხვევაში მკურნალობას – გაცილებით ხარჯთეფექტურია და ნაკლები საფრთხეცაა“.
ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც პაპილომავირუსის ვაქცინაციის პროგრამას აქვს, მოქალაქეთა დაბალი ცნობიერებაა, რომელიც უნდა ამაღლდეს და ამაში აქტიური როლი, სახელმწიფოსთან ერთად, მედიამაც უნდა შეასრულოს.
წყარო: ნეტგაზეთი