ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლას თბილისშიც გააპროტესტებენ. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 31 ივლისის 19:00 საათზეა დაგეგმილი.
აქციის სახელწოდებაა “რუსეთი მტერია და არა სტუმარი!”
“დღეს, დილის 7 საათზე ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი. ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად.
ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს. სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს!
საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად”, — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
შეკრება აქტივისტთა ჯგუფმა “ჯიუტი GEUT” დაგეგმა.
რა ხდება ბათუმში
სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს გვიან საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ გემი ბათუმში 31 ივლისის დილას უნდა შესულიყო.
აქცია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, 31 ივლისსაც გაგრძელდა . პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე საპროტესტო პლაკატები, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მიიტანეს.
დაახლოებით 10:20 საათზე, ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ასევე, კვერცხებისა და ბოთლების სროლა მოჰყვა. ტრანსპორტში ხსენებული გემიდან ჩამოსული პირები ისხდნენ.
შსს-ს ბოლო ინფორმაციით, პროტესტის მიმდინარეობისას, პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხულიგნობას გულისხმობს.
ადგილზე პოლიციელები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულნი. მათ ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ნავსადგურის მიმდებარედ ორმაგი ჯებირები განალაგეს, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.
უკანასკნელ დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთიდან ბათუმში საკრუიზო გემი ჩადის. მანამდე, 27 ივლისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი გემი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.
ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
წყარო: ნეტგაზეთი