ნინოწმინდაში ჟოლოს კრეფის სეზონი დაიწყო. ადგილობრივებმა წლების მანძილზე ამ კენკრის ახალი სახეობები შემოიტანეს და ჟოლოს ბაღების გაშენება დაიწყეს.
10 წლის წინ და უფრო ადრე, როგორც თვითონ ფერმერები ამბობენ, ნინოწმინდაში ერთი სახეობის ჟოლო იყო გავრცელებული. ეს იყო ჯუჯა ჟოლო (ამ ჯიშის კონკრეტული სახელწოდება ჩვენს მიერ გამოკითხულთა ადამიანებისთვის უცნობია). ჯუჯა ჟოლო ფერმერთათვის რთული საკრეფია, რადგან ის პატარა ზომისაა და იჭყლიტება, 3-4 საათში კი მას წვენი გამოსდის ანუ დიდხანს შენახვა ისე, რომ არ გაფუჭდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა მას აქვს უფრო ტკბილი გემო და ხშირად ჯემების, მურაბებისა და კომპოტების მოსამზადებლად იყენებენ.
ახლა მოსახლეობის დიდ ნაწილს მოშენებული აქვს დიდრონი ჯიშის ჟოლოს ბაღები, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო მეტი მოსავალი მიიღონ და უფრო დიდხანს შეინახონ იგი.
წელს ნინოწმინდაში პროდუქტს 7 ლარად ყიდიან. უხვი ნალექისა და ამის შემდგომ მზიანი ამინდის გამო წელს მოსავალი უფრო მეტი და ხარისხიანია. გასულ, 2022 წელს, ჟოლოს გარკვეული სახის დაავადებები ჰქონდა, ან ნალექის ნაკლებობის გამო კენკრა არ იზრდებოდა.
ადგილობრივებისთვის ჟოლოს მოგროვება სეზონური სამუშაო და დამატებითი შემოსავალია. მოსავლის აღება კი 2-3 კვირა გრძელდება.