შოვში სტიქიის ზონიდან 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის ბავშვებიც

შოვში სტიქიის ზონიდან 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის ბავშვებიც

რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში დაიწყო ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შოვიდან უკვე გამოიყვანეს 40-მდე ადამიანი, მათგან სულ მცირე 5 ბავშვია.

აქტიური სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში უთხრეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.


შოვი ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ჰაერის საშუალო ტემპერატურა +20°C-ია. ონის მუნიციპალიტეტში, რომელსაც მიეკუთვნება შოვის კურორტი, წელიწადის განმავლობაში ნალექი საკმაოდ თანაბრად ნაწილდება. ზაფხულის თვეებში, ჩვეულებრივ, უფრო ნაკლები წვიმებია. თუმცა ბოლო პერიოდში ჰაერის ტენიანობა 60-90 პროცენტამდე აღწევდა.

რეგიონში, კერძოდ შოვში, წარსულში მეწყერების შემთხვევები ფიქსირდებოდა, რაც ინტენსიური ნალექებითა და ტერიტორიის გეოლოგიური თავისებურებებით იყო გამოწვეული. ბოლო დროს მეწყერი ჩამოდიოდა ატმოსფერული მაღალი ტენიანობის პერიოდში ან ძლიერი წვიმის შედეგად. რაჭა, ისევე როგორც საქართველოს ბევრი სხვა მთიანი რეგიონი, მეწყრული და სხვა გეოლოგიური მოვლენების საფრთხის წინაშეა.