15 წელი აგვისტოს ომიდან. რას იხსენებენ ომით დაზარალებულები?

15 წელი აგვისტოს ომიდან. რას იხსენებენ ომით დაზარალებულები?

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. მაშინ [2008 წლის აგვისტოში] ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ცხინვალში. ომში რუსეთი ღიად 8 აგვისტოს ჩაერთო.

საომარი მოქმედებები, ცხინვალის შემდეგ, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტში გადმოინაცვლა. ერთ-ერთი პირველი სოფელი, სადაც ბრძოლა დაიწყო, ერგნეთი აღმოჩნდა. სოფელი ერგნეთი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელში 160 სახლი გადაწვეს და 12 ადგილობრივი მოკლეს. აქ ომის კვალი 15 წლის შემდეგაც შესამჩნევია.

სოფელში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ცხოვრობს 71 წლის ლია ჩლაჩიზე, რომელმაც საკუთარი სახლის ნანგრევებში აგვისტოს ომის მუზეუმი დააფუძნა.

იგი ცხინვალში დაიბადა და პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1991 წელს, როდესაც ცხინავლის რაიონში კონფლიქტი დაიწყო, ლიას მეუღლე დაიღუპა. 90-იანებში ქალი ქალაქ რუსთავში ცხოვრობდა, 90-იანების დასასრულს კი ცხინვალთან ახლოს, ამჟამად საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ერგნეთში გადმოვიდა საცხოვრებლად შვილებთან ერთად.

ლია ჩლაჩიძე

2008 წლის 9 აგვისტოს ლიამ ერგნეთი სასწრაფოდ დატოვა და მხოლოდ 10 დღის შემდეგ, 19 აგვისტოს დაბრუნდა სახლში. სახლში, რომელიც უკვე ნანგრევებად იყო ქცეული.

“ფეხით გამოვიარე 7 კილომეტრი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინოდა, დავბრუნდი სოფელში. გზაზე დაგდებული საქართველოს დროშა დავინახე. ავიღე, გულში ჩავიკარი და ტანსაცმლის ქვეშ დავმალე, არავინ დამინახოს მეთქი. საშიში იყო…”, – გვიყვება ქალი.

დროშა, რომელიც ლიამ გზაზე იპოვა

ის თუ რა ხდებოდა სოფელში ამ 10 დღის განმავლობაში, ლიამ მხოლოდ გადმოცემით იცის. გვიყვება, რომ სახლიდან ყველაფერი წაღებული ჰქონდათ, რაც კი დარჩა, გადაწვეს.

5 დღიანი ომის შემდეგ სოფელში დაბრუნებულებს თითქმის არაფერი დახვდათ სოფელში. ერგნეთში დღემდე შემორჩენილია ომის დღეებში დახვრეტილი ავტომანქანები, სახლები, კასეტური ბომბების კვალი…

ომის დროს დახვრეტილი “ვოლგა”


ქრონოლოგია

სსრკ- ს დაშლის შემდეგ თავი იჩინა სეპარატისტულმა მოძრაობამ, რომელიც 1990-92 წლებში სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა. კონფლიქტი დროებითი ზავით დასრულდა და რეგიონში სიმშვიდის შესანარჩუნებლად დარჩნენ მშვიდობიმყოფელთა შერეული ძალები.

1991 წელს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე უმრავლესობამ ხმა დამოუკიდებლობას მისცა. საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს არც რეფერენდუმის შედეგებს და არც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას.

2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ოს სეპარატისტსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 8 აგვისტოს ომში ჩაერთო რუსეთი.

ცხინვალი. ფოტო გადაღებულია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიიდან, სოფელ ერგნეთიდან

რუსებისა და ოსების გაერთიანებულ სამხედრო შენაერთებსა და ქართველებს შორის საბრძოლო მოქმედებები ცხინვალში სამი დღე მიმდინარეობდა. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს.

9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა კოდორის ხეობაზე თავდასხმით მეორე ფრონტი გახსნეს და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში – 16 აგვისტოს.

ფოტოკოლაჟი, “აგვისტოს ომის” მუზეუმის შესასვლელთან

12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვები და რუსი ჯარისკაცების თვითნებობები არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2023 წლის აპრილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 130 მილიონამდე ევრო უნდა გადაიხადოს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. კომპენსაცია ნაწილდება სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ძარცვის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის და სხვა მსხვერპლთა მიმართ.