შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სტიქიური უბედურების ზონაში დაიღუპა ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, მირიან ჭელიძე.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.
პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს”, ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან, გიორგი ყარალაშვილი, სამირა ისაევა, ლუკა დუდაშვილი, დავით ბერიაშვილი გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.