ქალაქ ნინოწმინდის ნორაშენის ნაწილში მცხოვრები ხალხი უკმაყოფილოა იმით, რომ საბავშვო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლებიც 2 თვის წინ დაიწყო, დღემდე არაა დასრულებული, რაც ბავშვებისთვის პრობლემებს ქმნის.
მათი თქმით, ბავშვებს უწევთ ქუჩაში თამაში, რაც საფრთხეს უქმნის მათ. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ სამუშაოები მალე დასრულდება, “სანამ გარეთ თბილა”, და ბავშვებს ექნებათ სათამაშო ადგილი. აგრეთვე მათ აღნიშნეს, რომ არსებული ატრაქციონები არაა საკმარისი, მათ შორის კი დაზიანებულებიც არის. — “კარგი იქნებოდა, ახლები რომ დაემატებინათ, რადგან ამ ნაწილში ბევრი ბავშვია”.
აღსანიშნავია, რომ ნინიოწმინდის მუნიციპალიტეტში საბავშვო მოედნების კეთილმოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან რესურსებია გამოყოფილი. სამუშაოებს ინდ. მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანი ასრულებს.
საბავშვო მოედნების ტერიტორიების კეთილმოწყობა 6 სოფელსა და ნინოწმინდის ორ ნაწილში განხორციელდება, რაც მოიცავს გრუნტის დამუშავებას ტექნიკითა და ხელით საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად, ღორღის საფუძვლის მოწყობას, ბაზალტის ბორდიურისა და ბეტონის მოჭიმვის სამუშაოებს, ბეტონის დეკორატიული ფილების მოწყობას, სკამებისა და ურნების მონტაჟს სკვერში, გრუნტის ხელით დამუშავებას ატრაკციონის ირგვლივ რბილი კაუჩუკის საფარის მოსაწყობად, აგრეთვე ცვეთამედეგი კაუჩუკის საფარის მოწყობას, მშენებლობის დროს წარმოქმნილი ნარჩენების მოგროვებასა და ნაგავსაყრელზე გატანას, ახალი ატრაქციონის შესყიდვასა და მონტაჟს.
იმის გასარკვევად თუ როდის დასრულდება სამუშაოები და მოასწრებენ თუ არა დროულად, ინდ. მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანს ვესაუბრეთ. მისი სიტყვებით, სათამაშო მოედნებზე სამუშაოები გრძელდება. პროექტის თანახმად კი ვადა 20 ნოემბრამდე აქვთ.
მეტი ჩვენს აუდიო მასალაში.