მაშინ, როცა საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დღეს, 15 სექტემბერს დაიწყო, თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეების მშობლებმა გზა მცირე ხნით გადაკეტეს. ისინი რამდენიმე წლის წინ დანგრეული მე-4 საჯარო სკოლის ხელახლა მშენებლობის დროულად დაწყებას ითხოვენ და იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებიც შენობის არარსებობის გამო ექმნებათ.
“სხვა გზა არ დაგვიტოვეს. წლებია, ველოდებით სკოლის მშენებლობის დაწყებას. არანაირი სასიკეთო ცვლილება და ძვრა არ არის ამ მიმართულებით”, — უთხრა “ნეტგაზეთს” ლელა რატიანმა, რომლის შვილებიც ხსენებული სკოლის მოსწავლეები არიან.
რატიანის თქმით, მე-4 საჯარო სკოლის შენობა პანდემიის მიწურულს, ავარიულობის მიზეზით დაანგრიეს, რის შემდეგაც ბავშვები ორ სხვადასხვა სკოლაში გადაანაწილეს — მე-2 და მე-5 საჯარო სკოლებში.
მშობლის ცნობით, მასპინძელ სკოლებში ბავშვების რაოდენობის ზრდის ფონზე, დანგრეული სკოლის მოსწავლეებს სრულფასოვანი, 45-წუთიანი გაკვეთილები ვერ უტარდებათ.
“[ადრე] 20-25-წუთიანი იყო ონლაინ გაკვეთილები და 30- წუთიანი — პირისპირ სწავლება. ახლა რამდენიმე გაკვეთილი იქნება 40-წუთიანი და რამდენიმე — 35-წუთიანი”, — აღნიშნავს ის.
ლელა რატიანის თქმით, მის შვილებს გაკვეთილები შუადღისას, სხვადასხვა დროს ეწყებათ. ვინაიდან ბავშვები სკოლაში თავად დაჰყავს, დროის ეს ინტერვალი, ისევე, როგორც შუადღის ცვლა, ყოველდღიურად უქმნის პრობლემებს.
მისი შვილები ამჟამად ერთ სკოლაში დადიან, თუმცა არიან მშობლები, რომელთა შვილებიდან ზოგიერთს მე-2 სკოლაში უწევს სიარული, ზოგიერთს კი — მე-5-ში:
“ორ ცვლაში გვიწევს. უმცროსს 13:45-ზე [ეწყება საგაკვეთილო პროცესი], უფროსს კი — 14:30-ზე. ანუ ორი სხვადასხვა დრო მჭირდება, რომ ბავშვები სკოლაში დავტოვო. გამოსვლის დროც სხვადასხვაა და ვერ იმუშავებ ვერსად, ვერც სამსახური გექნება და ვერაფერი, რადგან უნდა მოერგო ბავშვებს. და თუ არ ვიმუშავებ, არაფერი გამოვა.
არიან მშობლები, რომლებმაც ერთ სკოლაში ერთი ბავშვი უნდა მიიყვანონ და მერე მეორე სკოლაში გაიქცნენ, რათა არც იქ დააგვიანდეთ გაკვეთილზე”.
პროტესტის მონაწილე მშობელი ამბობს, რომ ის და სხვები პროტესტს მაისშიც გეგმავდნენ, თუმცა მაშინ დაარწმუნეს, რომ ივნის-ივლისში დაიწყებოდა ახალი სკოლის მშენებლობა. ახლა, რატიანის თანახმად, განათლების სამინისტროდან ეუბნებიან, რომ პროცესმა მომავალი წლის დასაწყისამდე გადაიწია.
“[განათლების] სამინისტრო ინფრასტრუქტურის [სამინისტროს] აბრალებს, ინფრასტრუქტურა — [განათლებას] და ვერ ჩამოყალიბდნენ, რომ დაიწყოს რეალურად მშენებლობა.
ახლა გვეუბნებიან, რომ იანვარში დაიწყება მშენებლობა, რადგან მანამდე საბუთებს სჭირდება მოწესრიგება. შეიძლება, 21-ე საუკუნეში 3 და 4 თვე სჭირდებოდეს რაღაც საბუთების მოწესრიგებას და ამაში იკარგებოდეს უძვირფასესი დრო?” — დასძენს მშობელი.
გარდა მშენებლობის დაჩქარებისა, მშობლები ითხოვენ, ახალი სკოლის აშენებამდე გამოიძებნოს ალტერნატიული ფართი, რომელშიც სრულფასოვანი გაკვეთილები ჩატარდება.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ბევრ სკოლაში მიმდინარეობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სამუშაოები მართლაც დაგვიანდა. უწყების ცნობით, ამ მიმართულებით კონტროლს გაამკაცრებენ.
რაც შეეხება კონკრეტულად მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობის დაგვიანების მიზეზებს, “ნეტგაზეთი” აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროდან პასუხს ელის.
ამ საკითხზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს ჰკითხეს. მინისტრმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს უთხრა, რომ მშობლების წუხილი ესმის, თუმცა, როცა ტელეკომპანია პრობლემურ სკოლებზე “10-წუთიან სიუჟეტს” ამზადებს, “კარგი იქნება, წუთ-ნახევარი” დაუთმოს “400-მდე სკოლასაც”, რომელთა რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.
“რაც შეეხება ამ პრობლემას: იცით, რომ [ამის შესახებ]ვიცი; იცით ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება, რომ კონტრაქტორთან იქნება უმკაცრესი მიდგომა და არის უკვე ეს განხორციელებული… ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს ბავშვები არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ.
არც ერთი არ არის დღეს ღია ცის ქვეშ. ყველა გადანაწილებულია უახლოეს სკოლებში და ყველა სერვისი, რაც სჭირდებათ მათ, გარდა საგანმანათლებლო რესურსებისა, იგივე სატრანსპორტო მომსახურება, უზრუნველყოფილია. 1 დღეში და 1 კვირაში ეს სკოლა ვერ აშენდება”, — თქვა მინისტრმა.
მისივე სიტყვებით, “ასეთი სკოლა, სამწუხაროდ, არ არის ერთი და დაახლოებით ათია ქვეყანაში. თითოეულზე არსებობს სამოქმედო გეგმა”.
წყარო: ნეტგაზეთი