მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის „თავდაცვის არმიამ“ დღეს დილით განაცხადა, რომ გრძელდება სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები. ყარბაღის ე.წ. არმიის მტკიცებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, რომლებიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებსაც უტევენ, აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
თვითაღიარებული რესპუბლიკის სახალხო დამცველის, გეგამ სტეპანიანის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულია 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი და 20-ზე მეტი სამხედრო პირი.
აზერბაიჯანი დეზინფორმაციას უწოდებს სომხური მხარის განცხადებებს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ყარაბაღში სამოქალაქო მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს უტევენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, „ზუსტი დარტყმებით ანადგურებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებს და საბრძოლო ტექნიკას“.
სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანარ ეივაზოვმა ბაქოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ადგილობრივ მცხოვრებთ აიძულებენ იარაღის ხელში აღებას და საბრძოლო პოზიციებზე გასვლას.
მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზანია „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“.
აზერბაიჯანმა ოპერაციის დაწყების მიზეზად დაასახელა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლის და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა.
ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში სომხეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა უარყო და აზერბაიჯანის მიზნად დაასახელა ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის ჩათრევა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 19 სექტემბერს განაცხადეს, რომ მზად არიან ყარაბაღის სომხურ მოსახლეობასთან შესახვედრად და „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შესაწყვეტად, თუ „უკანონო შეიარაღებული ფორმირებები“ იარაღს დაყრიან და ადგილობრივი „უკანონო რეჟიმი“ თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს.
აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერომ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზახაროვამ განაცხადა, რომ სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებული არიან და კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ სისხლისღვრის შეჩერებისა და სიტუაციის დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ. ზახაროვას თანახმად, სიტუაციის გამწვავების მიუხედავად, რუსი „მშვიდობისმყოფელები” განაგრძობენ ყარაბაღში თავიანთი ფუნქციის შესრულებას.
ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო სომხეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომა 21 სექტემბერს გაიმართება.
წყარო: SKNEWS; რადიო თავისუფლება