კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ადიგენში კულუტურის სახლს ვერ ააშენებენ, რადგან სამინისტროს თანხა არ აქვს. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.
„ჩვენ ამის სახსრები არ გვაქვს…სამინისტროს, საჭიროებებთან შეფარდებით აქვს ძალიან მწირი რესურსი. ორ თვეში ერთხელ ვიკრიბებით და ვაკონტროლებთ, რომელ პროექტს დარჩა 10 ლარი, 100 ლარი, ან 500 ლარი, რომ სხვა მუხლებში გადავიტანოთ და სადაც საჭიროებაა იქ დავაბალანსოთ. იმ მწირი ბიუჯეტის ფონზე რაც ჩვენ გვაქვს, ინფრასტრუქტურული პროექტები ასეთი მეთოდით არის დაფინანსებული, მრავალწლიანი შესყიდვების ხარჯზე, ერთ წელიწადში ამ ყველაფრის დაფინანსება არის წარმოუდგენელი. ამიტომ ვერ დაგპირდებით, რომ დაგპირდეთ ეს იქნება ტყუილი. ჩვენ ახალი კულტურის სახლის მშენებლობის რესურსი უბრალოდ არ გაგვაჩნია“, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მომავალში თუ იქნება კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, მაშინ შეიძლება ამ საკითხზე საუბარი.
ადიგენში კულტურის სახლის მშენებლობის მოთხოვნით, თეა წულუკიანს სამცხის დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა მიმართა. დეპუტატმა ეს საკითხი გასული წლის მაისში გამართულ პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრთანაც დააყენა. მაშინ ირაკლი ქარსელაძემ თქვა, რომ 2022 წლის გეგმაში არ იყო.
ცნობისთვის, ადიგენში კულტურის სახლის ყოფილი შენობა ავარიულია, ადგილობრივი თვითმმართველობა მის დანგრევასა და ახლის მშენებლობაზე ბოლო პერიოდია აქტიურად საუბრობს.
მიმდინარე წლის იანვარში, ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ თქვა, რომ კულტურის სახლი აუცილებლად აშენდება, რადგან ადიგენის მუნიციპალიტეტს სჭირდება ისეთი შენობა სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს გამართავენ.
„არსებობს პროექტი, რომელსაც დაახლოებით 7 მლნ ლარამდე სჭირდება. უნიკალური პროექტია ერთ-ერთი საუკეთესო შენობა იქნება ამ მხარეში როცა აშენდება. დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ამ პროექტთან დაკავშირებით რაღაც ძვრები გვექნება. ამ დღეებში ჩვენი გუბერნატორი ხვდება პრემიერ-მინისტრს და იქ დააყენებს ამ საკითხს. სამწუხაროდ ჩვენ ამდენი თანხა ბიუჯეტში არ გვაქვს“,- განაცხადა 2023 წლის 24 იანვარს “სამხრეთის კარიბჭესთან” გოჩა ქიმაძემ.
მისივე განცხადებით, ახალი „კულტურის სახლის“ მშენებლობა ადიგენში ყოფილი საავადმყოფოს შენობის ადგილზე იგეგმება.
ასევე ნახეთ: