12 წლის ლუკასი პირველი ბავშვია, რომელიც „განუკურნებელი“ სიმსივნისგან განიკურნა

12 წლის ლუკასი პირველი ბავშვია, რომელიც „განუკურნებელი“ სიმსივნისგან განიკურნა

12 წლის ლუკასი თითქმის ისეთივე მოზარდია, როგორც ყველა სხვა მისი თანატოლი. „თითქმის“ იმიტომ, რომ მისი ამბავი ნამდვილი სასწაულია. ექვსი წლის წინ, მას ტვინის ღეროს ინვაზიური გლიომის დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის უკიდურესად აგრესიული სიმსივნე, რომელსაც „ფესვები“ ტვინში აქვს გადგმული. ამ სენით შეპყრობილი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, არაუმეტეს, ერთიდან ორ წლამდეა. ლუკასისა და მისი მშობლებისთვის სამყარო აღარ არსებობდა. თუმცა, ექსპერიმენტული მკურნალობა მალე განსაკუთრებულ შედეგებს გამოიღებს და ანალოგიური დაავადების მქონე ბევრ პაციენტს იმედი ჩაესახება. „ლუკასმა ყველა სირთულე გადალახა, – ამბობს ექიმი ჟაკ გრილი, რომელიც ახალგაზრდა ბელგიელს მკურნალობდა, – დღეს მისი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული სურათი, არსებითად, ნორმალურია და მასში რაიმე განსაკუთრებული არ შეინიშნება, გარდა ნაწიბურისა, რომელიც კიბოს დიაგნოსტირებისთვის გამოყენებული ბიოფსიიდან მომდინარეობს“.

ბელგიელ პაციენტს, წელიწადზე მეტია, დამატებითი მკურნალობა არ ჩატარებია და, როგორც ჩანს, ის უკვე სავსებით ჯანმრთელია. თუმცა, მასზე გულმოდგინე დაკვირვება და ზედამხედველობა გრძელდება. ექიმებმა ახლა უნდა დაადგინონ, როგორ დადგა ეს არაჩვეულებრივი შედეგი, რათა შეეცადონ, რომ მომავალში რაც შეიძლება მეტ პაციენტს დაეხმარონ. „სამწუხაროდ, ბევრს ბავშვს, რომლებიც ამ პრეპარატით მკურნალობდნენ, რეციდივი აღენიშნებათ“, – განმარტავს დოქტორი ჟაკ გრილი. 233 პაციენტიდან, რომლებიც კვლევის პირველ ფაზაში მონაწილეობდნენ, მხოლოდ 8 შეიძლება ჩაითვალოს პოტენციურ „ხანდაზმულად“, ანუ პაციენტებად, რომლებიც ავადმყოფობას 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადაურჩნენ. ლუკასი მათ შორის ყველაზე „წარმატებული“ პაციენტია. „სწორედ ბავშვების ამ ჯგუფის შესწავლით შევეცდებით, გავაუმჯობესოთ მკურნალობა, რომ დაავადება უფრო უკეთ გაკონტროლდეს, – განმარტავს ჟაკ გრილი, – ახლა, მაგალითად, ვცდილობ, სამედიცინო მეთოდებით აღვადგინო ის, რაც ლუკასის შემთხვევაში, ბუნებრივად მოხდა“. კვლევის მეორე ეტაპი ამჟამად მიმდინარეობს და მასში 360 პაციენტი მონაწილეობს. კვლევის ამ ეტაპზე მოხდება პრეპარატ ლევეროლიმუსის დამატებითი დატესტვა და მასთან იმ ახალი პრეპარატის შედარება, რომელიც ამერიკულმა სტარტაპ-კომპანიამ შეიმუშავა. სამომავლო იმედი არსებობს – სიცოცხლე რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდა პაციენტს უნდა გაუხანგრძლივდეს.

1TV