ისრაელი, რომელიც დღეს ჰამასის წინააღმდეგ ომშია ჩართული, იმ ტოპ-7 ქვეყანას შორისაა, სადაც საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქეა ოფიციალურად რეგისტრირებული.
კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ისრაელში საქართველოს 1 031 მოქალაქეა რეგისტრირებული. ეს მონაცემი მოიცავს როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეებს. ქვეყნების ტოპ-შვიდეულში ისრაელი მე-7 პოზიციაზეა და მას უსწრებენ – რუსეთი, საბერძნეთი, უკრაინა, გერმანია, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
ამასთან, ბოლო წლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ისრაელიდან საქართველოში იზრდება როგორც ტურისტების რაოდენობა, ასევე მატულობს ფულადი გზავნილების მოცულობაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობით ისრაელი წელს მე-4 ადგილზეა. 2023 წლის 2 კვარტალში ისრაელიდან საქართველოში 106 530 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ტოპ-ქვეყნებს შორის ისრაელი მე-7 ადგილზეა. იანვარ-აგვისტოში ისრაელიდან 141.320 მლნ აშშ დოლარამდე გადმოირიცხა.