სამცხე–ჯავახეთის 5 მუნიციპალიტეტს რეანიმობილი არ ჰყავს – ხატია დეკანოიძე

სამცხე–ჯავახეთის 5 მუნიციპალიტეტს რეანიმობილი არ ჰყავს – ხატია დეკანოიძე

საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქვეყნის 40 მუნიციპალიტეტში რეანიმობილი ხელმისაწვდომი არ არის, მათ შორის სამცხე–ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში. ქვეყანას მხოლოდ 22 რეანიმობილი ჰყავს, რაც არ არის საკმარისი.

„ფაქტია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 22 ერთეული რეანიმობილი არის ძალიან მცირე ქვეყნის მასშტაბიდან და რელიეფიდან გამომდინარე. აღნიშნული 22 ერთეული რეანიმობილიდან, 2021 წელს „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“ ოთხი მათგანი გადასცა იაპონიის საელჩომ. ასევე ცნობილია, რომ სასწრაფო სამსახურს ,,ჰეიდარ ალიევის ფონდმა’’ 2018 წელს გადასცა ერთი რეანიმობილი, რომელიც განთავსებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტში. 2023 წლის ივლისში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ლენტეხის მუნიციპალიტეტს აჩუქა ერთი რეანიმობილი. ამ პრობლემას სახელმწიფო უნდა აგვარებდეს და რეგიონებში რეანიმობილების არსებობა ცალკეული კომპანიებისა და პირების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“,–აცხადებს დეპუტატი.

ხატია დეკანოიძის თქმით, არასაკმარისი რეანიმობილების გამო, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იღებს დროულ გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს.

„მრავალ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ვერ იღებს დროულ სამედიცინო მომსახურებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. განსაკუთრებით ეს ეხება მაღალმთიან დასახლებებს, სადაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გაუმართავი ჯანდაცვის სისტემა სერიოზულ პრობლემას უქმნის მოსახლეობას. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ცხადია, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ ჰყავს რეანიმობილი და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოძახება ხდება სხვა ქალაქიდან. არის შემთხვევები, როდესაც რეანიმობილის ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება, ეს კი უმეტეს შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს. ხშირად ადამიანები თავიანთი ძალებით ცდილობენ ხმა მიაწვდინონ მთავრობას, რომ მოხდეს დროული რეაგირება, რათა აღარ განმეორდეს სავალალო შედეგები“,–ამბობს იგი.

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქვეყნის 40 მუნიციპალიტეტი, რომელთაც რეანიმობილები არ ჰყავთ არის: ვანი, ზესტაფონი, ჭიათურა, ხელვაჩაური, ხონი, ხობი, მესტია, ჩოხატაური, ქარელი, ქედა, ადიგენი, ასპინძა, წალენჯიხა, დმანისი, წყალტუბო, ნინოწმინდა, დუშეთი, რუსთავი, ხარაგაული, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ტყიბული, ხაშური, წალკა, დედოფლისწყარო, ცაგერი, საგარეჯო, თეთრიწყარო, ლანჩხუთი, დუშეთი, თიანეთი, ახმეტა, ონი, ახალქალაქი, ბორჯომი, კასპი, ჩხოროწყუ, მარნეული და ყვარელი.