სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც შრომისუნარიანები არიან, თუმცა დასაქმებაზე უარს ამბობენ, შესაძლოა სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმდეთ. საკითხზე სახელმწიფოს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს – აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე.
გიორგი კაკაურიძე ფიქრობს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ვისაც შრომა შეუძლია, არ უნდა იყოს მონდომებული, რომ მხოლოდ სოციალური შემწეობის იმედად იცხოვროს. ცვლილებები შესაძლოა 2–3 წელში დაიწყოს.
„სოციალურად დაუცველი სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს. შრომისუნარიანი მოსახლეობა უნდა მუშაობდეს. ამ მიზნით გვაქვს ჩვენ სწორედ ჯანდაცვის სამინისტროში საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა. სწორედ ეს არის ამ პროგრამის პირველი ეტაპი. ამ პროგრამამ მინიმუმ, 2-3 წელი უნდა იმუშაოს. შემდეგში კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების ათვისება უნდა დავიწყოთ, მათ შორის, ამ ადამიანების მიერ. კერძო სექტორში ათასობით ვაკანსიაა, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იყენებს ის მოსახლეობა, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი.
ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ეტაპობრივად შევძლოთ, მაქსიმალურად დასაქმდნენ ეს ადამიანები და ნაცვლად სოციალურად დაუცველისა, თავიანთ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული. ცალკე თემა იქნება, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველებს, ვინც დასაქმდებიან, შევუნარჩუნებთ იმ პაკეტს, რაც სოციალურად დაუცველებს აქვთ, მაგრამ ამავე დროს, შრომისუნარიანი ადამიანები უნდა იყვნენ მიდრეკილები იქით, რომ კერძო სექტორში იმუშაონ“,–აცხადებს მინისტრის მოადგილე.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამაზე, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა „სამხრეთის კარიბჭესთან“ უკმაყოფილებას გამოხატავდა. ერთ–ერთი, ვასო აბულაძე მოხუც მშობლებთან ერთად ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალაში ცხოვრობს. აბულაძეები სოციალურ დახმარებას იღებენ. ვანო ამბობდა, რომ ოჯახში შრომისუნარიანი მხოლოდ თავად არის, დასაქმების შემთხვევაში სოფლის მეურნეობას ვეღარ მიხედავს, რადგან პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული 300–ლარიანი ანაზღაურება ოჯახის შესანახად საკმარისი არ არის.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ზაზალოში მცხოვრები, ზაურ ხეჩაშვილი ჩვენთან ამბობდა, რომ სოციალური დახმარების დასანიშნად სააგენტოსთვის მიმართვას აპირებდა. იგი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ დასაქმების შესაძლებლობა მისასალმებელია, თუმცა სოფლიდან, რომელიც გარესამყაროსგან მოწყვეტილია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, დასაქმების პროგრამაში, სავარაუდოდ, ვერავინ ჩაერთვება.
როგორ აპირებს სახელმწიფო დაავალდებულოს შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე მოსახლეობა, რომ იმუშაოს, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებლები, რომელთაც ზოგ შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაც კი არ შეუძლია, ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის ივლისის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში საარსებო შემწეობას 12 620 ადამიანი იღებს, რომელთა შორის 7 421 პირი 16 წლამდე ასაკის ბავშვია.
სააგენტოს მონაცემებით, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღები ყველაზე მეტი პირი ახალციხის, ახალქალაქის და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტი – 3 040 პირი;
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 2 619 პირი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 2 307 პირი;
ადიგენის მუნიციპალიტეტი – 1 894 პირი;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიt – 1 830 პირი;
ასპინძის მუნიციპალიტეტი – 930 პირი.
(მონაცემები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეფუძნება. ასპინძის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცდომილებას).
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზაში რეგისტრაცია და შესაბამისი ქულის არსებობა ოჯახისათვის საარსებო შემწეობის მიღების წინაპირობაა. შესაბამისად, ბაზაში რეგისტრირებული ადამიანებისe უმრავლესობას სახელმწიფოსგან სწორედ შემწეობის მიღების საჭიროება აქვს.
მიუხედავად ამისა, საარსებო შემწეობას ბაზაში რეგისტრირებულთა მხოლოდ 55.6 % იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამგვარი მხარდაჭერის მიღმა ათიათასობით ადამიანი რჩება.