„17 წელია, ჩემი ქმარი ემიგრაციაშია. მე თვითონ ვამუშავებ მიწას და ამავდროულად მაქვს პატარა სამკერვალო. ყოველდღე ვშრომობ, რომ ჩემს დიდ ოჯახს შევეხიდო“, — გვიყვება 58 წლის გულნარა ელიზბარიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამიდან.
სოფელ კარტიკამის კაცების დიდი ნაწილი წელიწადის უმეტეს დროს შრომით მიგრაციაში ატარებს, ძირითადად რუსეთში. საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო შრომა კი ძირითადად ქალებზე გადადის.
„ქალების მხოლოდ 10-20%-ს აქვს მუდმივი სამსახური. დანარჩენები დაკავებული ვართ დიასახლისობით, სოფლის მეურნეობით. კაცები ზამთარში აქ არიან, გაზაფხულზე რუსეთში მიდიან გამომუშავებაზე, რადგან აქ არც მათ აქვთ მუდმივი სამსახური. რუსეთში იმიტომ, რომ ენა ესმით, ანაზღაურება მეტია… შესაბამისად, ჩვენს საქმესაც და კაცის საქმესაც ქალები ვაკეთებთ“, — გვიყვება ტატიანა დიშლოვაია სოფელ კარტიკამიდან.
„კარტოფილი მომყავს, თუმცა სარეალიზაციო ფასი ძალიან დაბალია, მოგება არ გვაქვს საერთოდ. არ გაამართლა კარტოფილმა“, — ამბობს გულნარა ელიზბარიანი.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გარდა, გულნარას თავისი მცირე ბიზნესი აქვს სამკერვალოს სახით და ასე ცდილობს თავის დიდ ოჯახს შეეხიდოს.
„ჩემი მეუღლე 17 წელია ემიგრაციაშია — მიდი-მოდის ყაზახეთში. ორი გოგო და ერთი ბიჭი მყავს. ისინი დაოჯახებული არიან. ჩემი ვაჟიც მამასთან ერთად დადის ყაზახეთში. მას აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ აქ სამსახური არ არის. უკვე აღარ ვფიქრობ ჩემზე, არამედ ვფიქრობ ჩემს რძალზე და შვილიშვილებზე. ძალიან რთულია მამაკაცის გარეშე ცხოვრება. ავუკრძალე ჩემს შვილს წასვლა“, — ამბობს გულნარა.
ემიგრაციაზე ფიქრობს 17 წლის აზი ქოჩოიანი:
„ვიცი თურქული, სომხური, ცოტა ქართული. ახლა ძალიან მინდა ვისწავლო ინგლისური და ესპანური. ჩვენს სკოლაში არის ინგლისური ენის გაკვეთილები, მაგრამ კვირაში მხოლოდ 1-3 საათი. ამერიკაში ცხოვრებაზე ვოცნებობ. იქ მყავს ნათესავები. საქართველო ჩემს გულშია, ძალიან მიყვარს, მაგრამ ცხოვრება ამერიკაში მსურს“.
მისი სურვილია, სოფელში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნას, სადაც ინგლისური ენის შესწავლას შეძლებს.
ორგანიზაციის „წინ ახალი შესაძლებლობებისკენ“ ხელმძღვანელ ლიოლია რაისიანის თქმით, მიგრაციის და მისი თანმდევი პრობლემები არა მხოლოდ კარტიკამში, არამედ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში არსებობს.
„კაცები მთელი 9 თვის განმავლობაში რუსეთში მუშაობენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კარტოფილის მოყვანა, მესაქონლეობა ქალების კისერზე გადადის. თიბვის პერიოდში შეიძლება, მთელი დღეები მთებში იყვნენ და თივას ზიდავდნენ. გარდა იმისა, რომ სახლშიც შრომობენ, ბავშვებს ზრდიან, კაცის საქმესაც ასრულებენ ყანებში. დამხმარე ძალა არ ჰყავთ და ძვირადღირებულ ტექნიკაზეც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი. ეს მძიმედ მოქმედებს მათი ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაზე“, — აცხადებს რაისიანი.
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაისიანის თქმით, არაერთი ოჯახი საბოლოოდ გადადის საცხოვრებლად რუსეთში.
თუმცა ლიოლია შენიშნავს დადებით ტენდენციასაც, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ქალთა სოციალური აქტივობის ზრდას უკავშირდება.
„არაერთი პროექტი განხორციელდა. გრანტები გასცეს, რომ ქალებმა ადგილზე დაიწყონ რაღაც საქმიანობა — ზოგმა ატელიე გახსნა, ზოგს პატარა ტრაქტორი შეუძინეს. გაეროს ქალთა ფონდმა დაგვიფინანსა ეს პროექტები, რომ ქალებს თავიანთი სახარჯი ფული ჰქონდეთ. არის რამდენიმე ოჯახი, ვინც ამ პროექტების შემდეგ დარჩა, რადგან თავიანთი რაღაც პატარა პური ნახეს საქართველოში. სახელმწიფო პროგრამებიც არის, უბრალოდ საინფორმაციო ვაკუუმი ჯერ კიდევ დიდია. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. ადრე სადაც სამი აქტივისტი ქალი მხვდებოდა, ისიც ხათრით, ახლა მათი რაოდენობა თვალსაჩინოდ გაიზარდა“, — აცხადებს ლიოლია რაისიანი.
ლიოლია რაისიანის ორგანიზაცია „წინ ახალი შესაძლებლობებისკენ“ მონაწილეობდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, ორგანიზებულ შეხვედრების ციკლში. პროგრამის მხარდაჭერით, ორგანიზაციამ „წინ ახალი შესაძლებლობებისკენ“ ახალქალაქის სოფლებში განახორციელა პროექტი, რომელიც ადგილობრივი ქალების საჭირო უნარებით აღჭურვას და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ადვოკატირების კამპანიების დაწყებას გულისხმობდა.
საქართველოს რეგიონების, განსაკუთრებით კი მაღალმთიანი და ცენტრიდან დაშორებული რეგიონების მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები ნაკლებად ცნობილი და აქტუალურია ცენტრალურ დონეზე. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის უფრო მჭიდრო კავშირის დასამყარებლად, ასევე ამ რეგიონების მოსახლეობის პირველადი საჭიროებების გამოსავლენად და მათი ინტერესების დასაცავად, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამა რეგულარულად ჩადის ამ რეგიონებში და ადგილობრივ მოსახლეობასთან არაფორმალურ გარემოში ღია შეხვედრებს მართავს.
სოფლები საბავშვო ბაღების გარეშე
ქალთა ჯაფას კიდევ უფრო ამძიმებს საბავშვო ბაღების არქონა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ არაერთ სოფელში. მაგალითად, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფარავანში ბაღისთვის შენობა სამი წელია აშენებულია, თუმცა არ ფუნქციონირებს. ბაღი არ აქვთ სპასოვკაში, კარტიკამიდან ბავშვები ბაღში მეზობელ სოფელში დადიან მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით. ხულგუმოში ბაღი ფუნქციონირებს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ის სტანდარტებს არ შეესაბამება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამოყოფილია მუნიციპალური ტრანსპორტი, ადმინისტრაციულ ცენტრში ან მეზობელ სოფელში ბავშვის ბაღში ტარება დამატებით დროს და ენერგიას მოითხოვს.
„ბაღების პრობლემას ორი მნიშვნელოვანი განზომილება აქვს: მშობლები — განსაკუთრებით დედები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ იმუშაონ, ფინანსური დამოუკიდებლობა ჰქონდეთ, მაგრამ ვერ ახერხებენ [მუშაობას, რადგან ბაღის გარეშე დარჩენილ ბავშვებს უვლიან] და მეორე — თვითონ ბავშვის განვითარება“, — ამბობს აითაჯ ხალილლი, ახალგაზრდული პლატფორმა „სალამის“ აქტივისტი.
იმის სადემონსტრაციოდ, რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის კოგნიტიური განვითარებისა და სოციალიზაციისთვის სკოლამდელი ასაკის სწორად გამოყენება, აითაჯი იშველიებს PISA-ს საქართველოს მონაცემთა ანალიზს, რომლის თანახმად, მოსწავლეებს, რომლებიც სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში მაინც დადიოდნენ სკოლამდელ დაწესებულებაში (47.7%), სხვებზე უკეთესი მოსწრება აქვთ. მაგალითად, ის, ვინც სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში დადიოდა, საშუალოდ 42 ქულით უკეთეს შედეგს აჩვენებს კითხვაში, ვიდრე სხვები.
„უმცირესობის წარმომადგენელი მოწაფეები 100 ქულით უფრო ნაკლებ შედეგს აჩვენებენ წერის დროს. წარმოიდგინეთ, რომ აქედან 42 ქულას მხოლოდ იმიტომ კარგავენ, რომ სკოლამდელი განათლების და აღზრდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ“, — აცხადებს აითაჯი.
აითაჯ ხალილლი ხაზს უსვამს, რომ საბავშვო ბაღების პრობლემა მთელ საქართველოში დგას, თუმცა, განსაკუთრებით- მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში.
„საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღებზე ხელმისაწვდომობა თუ არის დაახლოებით 86%, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონებში ეს ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი დაახლოებით 28%-ის ფარგლებშია. მაგალითად, დმანისში თუ ფუნქციონირებს 9 ბაღი, აქედან არცერთი არ არის აზერბაიჯანულ სოფლებში, რომელთა რაოდენობა არის 40-მდე. ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში აშენდება 6 ახალი საბავშვო ბაღი და სამი იქნება აზერბაიჯანული თემით დასახლებულ სოფლებში, რაც ვფიქრობ, ადვოკატირების კამპანიის შედეგიცაა. ასეთ დისბალანსს მოსახლეობაც ხედავს და უსამართლობის შეგრძნებას იწვევს მათში“, — ამბობს ხალილლი.
ხალილლისთვის თვითმმართველობების არგუმენტი [ფინანსური] რესურსების ნაკლებობასთან დაკავშირებით დისბალანსს ვერ ხსნის, თუმცა ადასტურებს, რომ ორენოვანი პროფესიონალი კადრების პრობლემა ობიექტურად დგას.
ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს ფინანსური სახსრები, ყველა სოფელში ბაღი იქონიოს. ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბაღების პრობლემა უფრო მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში და ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით არ არსებობს მუნიციპალიტეტი, რომელსაც ყველა სოფელში საბავშვო ბაღის გახსნის საშუალება ექნებოდა.
მაკარიანის ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მომავალ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამი ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი ცდილობს საკუთარი სახსრების და გრანტების მობილიზებას და ამზადებს პროექტებს ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ბაღების ასაშენებლად.
„მაგრამ ის, რომ ყველა სოფელს ჰქონდეს ბაღი, გამორიცხული იქნება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 64 სოფელია. ჩვენ რომ გვქონდეს 64 საბავშვო ბაღი, ამას მთელი ადგილობრივი ბიუჯეტი არ ეყოფა. ჯერ ერთი, ყველა სოფელს არ ჰყავს იმდენი ბავშვი, რომ საბავშვო ბაღები აშენდეს. თუმცა შემდეგ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რომ დაინიშნოს ტრანსპორტი ბავშვებისთვის“, — ამბობს ახალქალაქის მერი.
საქართველოს მთავრობამ გასული წლის ბოლოს დააანონსა ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად, ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.