რა ღირს ეგზოტიკური ხილი საქართველოში

რა ღირს ეგზოტიკური ხილი საქართველოში

ეგზოტიკური ხილი მთელს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ხშირად გვხვდება ხილი, რომელიც აქამდე არ გვინახავს. მას შემდეგ კი, რაც მათ სასარგებლო თვისებებზე ხდება ცნობილი, მოთხოვნა მატულობს.

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი პროდუქტები არც ისე იაფი სიამოვნებაა. გთავაზობთ ეგზოტიკური ხილის იმ ჩამონათვალს, რომელსაც თბილისის ამა თუ იმ სუპერმარკეტში ან ბაზარში შეხვდებით.

პიტაჰაია – საქართველოში პიტაჰაიას შეძენა რთული არ არის, ის ბევრგან იყიდება, ხოლო რაც შეეხება ფასს, 1 კილოგრამი საშუალოდ 20-25 ლარი ღირს.

კივანო – 1 კილოგრამი იმპორტირებული კივანოს შეძენა დაახლოებით, 35 ლარი დაგიჯდებათ. აღსანიშნავია, რომ იგი იმ ეგზოტიკურ ხილს განეკუთვნება, რომელიც საქართველოშიც მოჰყავთ. კივანო კახეთში, კერძოდ კი ლაგოდეხში მოჰყავთ.

რამბუტანი – ეს ხილი დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში გამოჩნდა. რამბუტანის დაგემოვნებას თუ გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ 1 კილოგრამში 30 ლარის გადახდა მოგიწევთ.

პომელო – ჩინური ციტრუსი ქართულ დახლებზე არც ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა და მისი ღირებულება 12 ლარს შეადგენს.

ის, რაც ეგზოტიკურად ითვლება, შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონისა და კულტურის მიხედვით. მაგალითად, ხილი, რომელიც ერთ ქვეყანაში ეგზოტიკურად ითვლება, შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ყოველდღიური საკვები – მეორეში. კლიმატის ცვლილებასთან და გლობალური ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, ეს წარმოდგენებიც იცვლება. მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბანანი კვლავ ეგზოტიკურ ხილად ითვლება, მაგრამ უკვე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად და ფართოდ მოხმარებადი ხილია.

BPN