რატომ ვერ ხვდება ვარძია „იუნესკოს“ ძეგლთა ნუსხაში და რა საფრთხეს ქმნის უკანონო მშენებლობები

რატომ ვერ ხვდება ვარძია „იუნესკოს“ ძეგლთა ნუსხაში და რა საფრთხეს ქმნის უკანონო მშენებლობები

მასალა “სამხრეთის კარიბჭე”, ავტორი: ნუკა სტეფნაძე

„ვარძია“, იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში მოსახვედრად ჯერ კიდევ 1999 წელიდან იბრძვის. ერთ–ერთი შემაფერხებელი მიზეზი გენ–გეგმის არარსებობაა. რატომ ჭიანურდება დოკუმენტის მომზადების პროცესი, რა საფრთხეს ქმნის ძეგლის მიმდებარედ ქაოტური განაშენიანება, როგორ ახერხებენ გარკვეული პირები კანონის გვერდის ავლით, ე.წ. წითელ ზონაში მშენებლობას და ვინ სარგებლობს ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიებით.

ვარძია არის XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტიდან 30 კილომეტრში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე.

იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში შესვლა ვარძიის ისტორიული კომპლექსის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით გაზრდის. რაც ხელს შეუწყობს ტურისტების და შემოსავლის მატებას.

იმისთვის, რომ ვარძიის ისტორიული კომპლექსი ძეგლთა ნუსხაში მოხვდეს, სახელმწიფოს სრულფასოვანი მართვის გეგმა უნდა გააჩნდეს.

ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წელს ხეობის გასწვრივ 20–კილომეტრიან მონაკვეთზე,  „ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი“ 485 000 ლარად შეიმუშავა. ეს იყო პირველი ეტაპი, ამის შემდეგ რა გაკეთდა გენერალური გეგმის მოსამზადებლად და როდის შეძლებს ვარძია “იუნესკოს“-ს ძეგლთა ნუსხაში მოხვედრას, ჩვენთვის უცნობია. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა, პასუხი ვერც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის შემდეგ მივიღეთ.

2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ თვითნებური მშენებლობები ცვლის ძეგლის ისტორიული ლანდშაფტის იერსახეს და, ამავდროულად, ზიანს აყენებს ვარძიის კომპლექსის „იუნესკოს“ ძეგლთა ნუსხაში წარდგენის პროცესს.

„ამ ლანდშაფტის ჩამოყალიბებული, ისტორიული კონტექსტი უნდა იყოს ხელუხლებელი. ქალაქმშენებლობის ყოველგვარი ქაოტური განაშენიანება და თვითნებური მშენებლობები ვნებს ამ პროცესს და პერსპექტივას უსპობს ვარძია-ხერთვისი-ოლდას ერთიანი ლანდშაფტის ნომინაციის პროცესს“, – ამბობდა ბექა ბარამიძე.

ვარძიის მიმდებარე ტერიტორიის ერთი ნაწილი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, მეორე ნაწილი კი ახალქალაქს.

ვინ ფლობს ობიექტებს ვარძიის მიმდებარედ

ვარძიასთან ახლოს 4 კვების ობიექტი და 1 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს. ცოტა მოშორებით, დაახლოებით 600 მეტრში კიდევ ერთი სასტუმრო შენდება.

ოთხი კვების ობიექტიდან ერთ–ერთი, „რესტორანი ვარძია“ მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზეა განთავსებული, არცერთ შენობას საკადასტრო რუკაზე კოდი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სავარაუდოდ უნებართვოდ არის აშენებული.

რესტორანი, ამჟამად ადგილობრივ, შოთა მელიქიძეს აქვს ნაქირავები. როგორც თავად ამბობს ეპარქიისგან. თუმცა რა ტიპის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ჩვენთვის უცნობია, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და სასულიერო პირებთან გვამისამართებს.

რესტორნის მიმდებარედ 21 700 კვ.მ ფართი საქართველოს საპატრიარქოს, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას აქვს დარეგისტრირებული [საკადასტრო კოდი 60.10.34.053]

ხუთი  ფანჩატურიდან და სამი შენობიდან, რომელიც მტკვრის ნაპირზეა განთავსებული, მხოლოდ ერთი შენობა დგას საპატრიარქოს კუთვნილ მიწაზე. ადგილობრივების თქმით, ამავე ტერიტორიაზე ცხოვრობს სასულიერო პირი, ბერი გიორგიც.

მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით კითხვა სასულიერო პირსაც დავუსვით, მან განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა და დეტალებზე  ჩვენთან არ ისაუბრებდა.

„არ მაქვს სურვილი რომ ვისაუბრო, აზრს ვერ ვხედავ და მიზეზს. რა საჭიროა, რაში გაინტერესებს?! მე მიზანს ვერ ვხვდები თქვენსას. ყველაფერი კანონის ფარგლებშია. პირიქით, აქეთ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ხელს გვიშლიან“,– გვითხრა მან.

ორთო რუკის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე 2012 წლის ივლისში ერთი ნანგრევი და ერთი შენობა დგას, 2015 წელს კი ორი შენობა და ერთი ფანჩატური. რა პერიოდში აშენდა ხუთი ფანჩატური და როგორ მოიპოვა საპატრიარქომ მშენებლობის უფლება, ჩვენთვის უცნობია, ამ თემაზე სასულიერო პირი და კვების ობიექტის ამჟამინდელი მფლობელი არ საუბრობენ.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ვარძიის დედათა მონასტრში კი გვითხრეს, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ:

„თუ ეს საქმე ძიებაში არ არის რატომ კითხულობთ, რა თქვენი საქმეა რატომ დგას და როგორ არის?! რა გინდათ საპატრიარქოსგან?! უკანონოდ არ არის, ვინ გეკითხებათ ჟურნალისტებს სად რა არის და როგორ?! თქვენ მიხედეთ თქვენს რეპორტაჟებს, ჩვენ შეგვეშვით. სხვა ინტერესი გაქვთ, შეეშვით ეკლესიას, ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ. არის საპატრიარქოს საკუთრება და ყველაფერი არის გაფორმებული და ვინ გეკითხებათ აქვს, თუ არა საკადასტრო კოდი მინიჭებული?! შეგიძლიათ სხვა უკანონო მშენებლობაზე გააკეთოთ, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“,– გვითხრა მონასტრის ერთ–ერთმა მონაზონმა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ მფლობელის ვინაობის გასარკვევად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართა, თუმცა,  უწყებიდან მოგვწერეს, რომ ჩვენს მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემებით (სიტუაციური ნახაზი) ვერ მოხდა უძრავი ნივთის იდენტიფიცირება.

საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, საჯარო რეესტრის საკადასტრო რუკით დგინდება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებია. ასევე პრობლემას ქმნის მდინარის კალაპტოთან სიახლოვეც, რადგან აქ კიდევ დამატებითი რეგულაციების დაცვაა საჭირო.

„აქ ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ერთი ის, რომ აღნიშნული მშენებლობა არის განხორციელებული ნებართვის გარეშე, რადგან არ არის გარკვეული ვინ არის მესაკუთრე. მეორეს მხრივ ეს არის მდინარის კალაპოტი. თუ ამჟამად არის დაწყებული წარმოება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარებასთან დაკავშირებით, ეს საკითხიც შესასწავლია, რადგან მდინარის კალაპოტში არ შეიძლება მშენებლობის განხორციელება და აქ თავისებური რეგულაცია  ხორციელდება. ამას სჭირდება ექსპერტიზის დასკვნა მშენებლობის განსახორციელებლად, ამ შემთხვევაში კი მესაკუთრეც არ არის დადგენილი“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

მისი თქმით, საკითხი ასპინძის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეისწავლოს. არ არის გამორიცხული, რომ შენობები დემონტაჟს დაექვემდებაროს.

აქვე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო მშენებლობა წლების წინ განხორციელდა, სამართალმემკვიდრეობითი რეაგირება მოქმედი ხელისუფლების მხრიდან უნდა მოჰყვეს:

„მიუხედავად იმისა, რომ მიდებარე ტერიტორიაზე საპატრიარქოს აქვს მიწები საკუთრებაში, მდინარის კალაპოტში მშენებლობის უფლება მათ არ ჰქონდათ. თუ წყალუხვობა მოხდა, საფრთხე პირველ ეტაპზე შეექმნება ამ ტერიტორიას, სადაც კოტეჯებია. გარდა ინფრასტრუქტურული უსაფრთხოებისა, ადამიანური უსაფრთხოება დგას დღის წესრიგში. ეს არის დემონტაჟის და ჯარიმის საკითხი, წესით დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან ჩვენ არ ვიცით ასეთი ტიპის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე თუ არის შესაძლებელი. ეს არის სავარაუდოდ უკანონო მშენებლობა“, – ამბობს საიას იურისტი.

რადგან ირკვევა, რომ შენებლობა სავარაუდოდ უნებართვოდ არის შესრულებული, პრობლემაა მისი გაქირავების საკითხიც: „თუ არ არის დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და შენობა, ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულება არის არსებითი ნაკლის მქონე. ეს გულისხმობს იმას, რომ სასულიერო პირს არ აქვს მისი გაქირავების უფლება“, –ამბობს იურისტი.

დაჯარიმდა თუ არა აღნიშნული მშენებლობების გამო ვინმე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენთვის უცნობია. ამ თემაზე საჯარო ინფორმაცია ასპინძის მუნოიციპალიტეტის მერიამ არ მოგვაწოდა.

სასულიერო პირები არა, მაგრამ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ, ფანჩატურის და დამცავი კედლის გაკეთებისთვის რესტორანი „მასპინძელის“ მეპატრონე, გულქან მელიქიძე 16 000 ლარით დააჯარიმა.

მელიქიძემ ვარძიის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კუთვნილ ნაკვეთში (1500 კვ.მ მიწაზე), რესტორნის გვერდით, სამშენებლო სამუშაოები 2019–2020 წლებში აწარმოა, [დადგა ფანჩატური და მის გვერდით ამოაშენა დამცავი კედელი].

ასპინძის მერიის გადაწყვეტილება გულქან მელიქიძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა, მისი ადვოკატი სოსო ხითარიშვილის განცხადებით, დაკისრებული ჯარიმა უსაფუძვლოა, რადგან მსგავსი ტიპის შენობებს ნებართვის გაცემა არ სჭირდება.

„იქ სხვებსაც აქვთ მსგავსი რაღაცები მრავლად, თუმცა მერია რეაგირებას არ ახდენს. გარკვეული ნაცნობების, ან გავლენების გამო. მხოლოდ ისეთი კატეგორიის ხალხი იჩაგრება, რომლებსაც სხვებთან შედარებით ნაკლები გავლენა და ნაკლები პატრონი ჰყავს. მიუხედავად იმის, რომ ჩვენ საქმეში გვქონდა გარკვეული დოკუმენტაციაც. ჩვენ არ ვაპელირებთ იმაზე, რომ სხვას აქვს ნებართვის გარეშე აშენებული. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პირველი კლასის შენობა ნაგებობა და არ სჭირდებოდა ნებართვა“,–თქვა ადვოკატმა.

იგი გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

დაჯარიმების ფაქტის მიუხედავად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ „სამხრეთის კარიბჭეს“ საჯარო ინფორმაცია დაუმალა და არ მიაწოდა, თვითმმართველობამ არც სხვა მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა, ამიტომ ჩვენთვის უცნობია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გულქან მელიქიძის მსგავსად, დაჯარიმდა თუ არა სხვა პირები, ან რა ღონისძიებები გატარდა უკანონო მშენებლობების აღმოსაფხვრელად.

მერიამ მხოლოდ ის მოგვწერა, რომ „ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის დაცვის არეალში და ნებისმიერი სახის მშენებლობაზე ვრცელდება მორატორიუმი. შესაბამისად, ბოლი 5 წლის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ასპინძის მუნიცპალიტეტის მიერ ნებართვა არ გაცემულა“.

გარდა ამისა, ინფორმაცია ახალციხის რაიონული სასამართლოდან და ასპინძის მაგისტრი სასამართლოდანაც გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი ვერც ამ შემთხვევაში მივიღეთ.

„თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ცალკე აღრიცხვა და სტატისტიკურად დამუშავება არ ხდება, რის გამოც მოკლებული ვართ თქვენს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას“,– ნათქვამია სასამართლოების მიერ გამოგზავნილ პასუხში.

საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, რედაქციას შეუძლია თვითმმართველობის და სასამართლოს წინააღმდეგ სარჩელით მიმართოს:

„მერიამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლები დაარღვია, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემას ავალდებულებს. მას ეს ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა. თუ იქ იყო სადმე პერსონალური ინფორმაცია, ეს უნდა დაეფარა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონიდან გამომდინარე. ვინაიდან მერს არ ჰყავს ზემდგომი, შესაბამისად, მის მიერ გაცემული ადმინისტრაციული აქტი საჩივრდება სასამართლოში.

რაც შეეხება შეეხება სასამართლოს. ჩანს რომ ეს არის გარკვეული პრაქტიკა და მიდგომა, არა მარტო ახალციხის. ხშირად შიდა ქართლის სასამართლოებიც ასეთ პასუხს გასცემენ, რაც არასწორია. მიუხედავად იმისა, ამუშავებს თუ არა სტატისტიკას, ის ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია. ის 10–დღიანი ვადა კი ინფორმაციის დამუშავებისთვის უნდა გამოიყენოს. ამ შემთხვევაში,რადგან ინფორმაცია გაცემულია საჯარო ინფორმაციაზე პასუხიმგებელი პირის მიერ, უნდა გასაჩივრდეს სასამართლოს თავმჯდომარესთან“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი, სამსართულიანი სასტუმრო დგას, მისი სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი არსენ ტაბატაძეა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით 5 035 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მან 2018 წელს ნიკოლოზ ასტამიძისგან იყიდა.

სასტუმრო მკაფიოდ ჩანს ვარძიის გამოქვაბულებიდანაც, ასევე სასტუმროსგანაც მოჩანს ვარძია. დავინტერესდით აქვს, თუ არა მშენებლობის ნებართვა მიწის მფლობელს, მაშინ როცა, როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მორატორიუმის ფარგლებში, 2019 წელს 120–ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა შეუჩერეს შპს „ნიალას“ და ფანჩატურის დადგმის გამო დააჯარიმეს გულქან მელიქიძე.

ადგილზე მისულებს არავინ დაგვხვდა. ვერც მშენებლობის ნებართვის შესახებ განთავსებული დაფა ვნახეთ.

რედაქცია სასტუმროს მფლობელის ძმას, ავთანდილ ტაბატაძეს დაუკავშირდა, მან გვითხრა, რომ ძმა რუსეთშია, თუ რაიმე გვაინტერესებდა მისთვის გვეკითხა.

„თქვენ როგორ ფიქრობთ ნებართვა, რომ არ ჰქონოდა და საბუთები წესრიგში ვინ აშენებინებდა მაგას?! საბუთები ყველაფერი მწყობრშია, მშენებლობას ხელს არავინ უშლის“,– გვითხრა მან.

აღნიშნული სასტუმრო ვარძიის მიმდებარედ არის, თუმცა ტერიტორია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოაშენს ეკუთვნის.

ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია, ჩვენ დავინტერესდით, სასტუმრო მეპატრონის ნებართვით არის შეჩერებული, თუ რომელიმე უწყების დავალებით. ახალქალაქის მერიიდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ, რომ  მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე, კონკრეტულად  ვარძიის კომპლექსის მიმდებარედ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ნებართვის მისაღებად 6 განცხადება შევიდა. მშენებლობის უფლება კი მხოლოს ერთს, არსენ ტაბატაძეს მისცეს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ  ხუთ შემთხვევაში უარის მიზეზი არასრულყოფილი დოკუმენტებია.

აკაკი ნათენაძეს სოფელ გოგაშენში „ჭაჭკარი“ მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 63.20.31.326)არსებული საცხოვრებელი სახლთან საცხოვრებელი ოთახების მიშენება სურდა.

რაც შეეხება ჯიმშერ ნათენაძეს  სოფ. გოგაშენში „ჭაჭკარი“ მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 63.20.32.006) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის და საკუთრებაში არსებული მთელი ტერიტორიის შემოღობვის ნებართვას ითხოვდა. უარი მიიღო სააგენტოსგან ბონდო ნათენაძემაც, რომელიც სოფ. გოგაშენში „ჭაჭკარი“ მდებარე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ63.20.31.294) სასათბურე მეურნეობის მშენებლობას ითხოვდა.

„სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, შესაძლებელი იქნება საკითხის განხილვა და აღნიშნული დოკუმენტაციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში განმეორებით გაგზავნა“, – ნათქვამია გამოთხოვილ ინფორმაციაში.

გარდა აღნიშნულისა, ახალქალაქის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ  2021 წელს სოფელ აფნიის მცხოვრებლებმა (8 მოქალაქემ) კოლექტიური განცხადებით მიმართეს თვითმმართველობას და საკუთარ ნაკვეთებამდე  (ს/კ 63.20.32.121; ს/კ 63.20.32.117; ს/კ 63.20.32.120; ს/კ63.20.32.042; ს/კ 63.20.32.078; ს/კ 63.20.32.006; ს/კ  60.10.34.555; ს/კ  60.10.34.563) მისასვლელი ძველი საავტომობილო გზის საკუთარი ხარჯებით შეკეთების ნებართვა ითხოვეს. დაუკმაყოფილეს თუ არა მოთხოვნა ჩვენთვის უცნობია, ამ საკითხზე მერიისგან მიღებულ წერილში განმარტებული არ არის.

24 წელი იუნესკოს ძეგლის სტატუსის მოლოდინში

„იუნესკოს“ ძეგლთა  ნუსხაში ვარძიის მოსახვედრად აუცილებელია სახელმწიფოს ძეგლის სრულფასოვანი მართვის გეგმა უნდა გააჩნდეს. აღნიშნული გეგმა კი ამ დრომდე არ არის მომზადებული.

ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მტკვრის ხეობის გასწვრივ 20–კილომეტრიან მონაკვეთზე, „ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის“ შემუშავება 2015 წლის 26 იანვარს დაიწყო. ეკონომიკის სამინისტრომ ამისთვის პირდაპირი შესყიდვის ფორმით, 485 000 ლარზე შპს „გეოგრაფიკთან“ ხელშეკრულება გააფორმა. პროექტი 10 სოფლის (ტოლოში, ხერთვისი, ნაქალაქევი, თმოგვი, მირაშხანი, კუმურდო, გოგაშენი, აფნია, ხავეთი და დაბნია) ტერიტორიას მოიცავდა. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით უნდა შეემუშავებინათ გეგმარებითი პრინციპები, რომელსაც მუნიციპალიტეტები დაამტკიცებდნენ და ამ ტერიტორიების ტურისტული განვითარება დაიწყებოდა. თუმცა, ამ დრომდე აღნიშნულ სოფლებში ტურიზმის განვითარების კუთხით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.  აღნიშნული პროექტის გაჭიანურებაზეც გასულ წელს 2022–ში წერდა „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოც“.

ასევე 2015 წლის აპრილში, ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულუტურული ლანდშაფტის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პირველად ინვენტარიზაციაზე, კიდევ ერთი პროექტი იყიდა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. სატენდერო ხელშეკრულება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 8 600 ლარზე გაფორმდა.

საბოლოოდ მომზადდა თუ არა დოკუმენტი, რა კეთდება კულტურის სამინისტროს მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით და არის თუ არა ისტორული კომპლექსის მიმდებარედ წარმოებული მშენებლობები „იუნესკოს“ ძეგლთა ნუსახში შესვლის შემაფერხებელი, ჩვენთვის უცნობია – ამ თემებზე პასუხი ვერ მივიღეთ  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან ჩვენს კითხვებს არც ვარძიის დირექტორმა ილია თედორაძემ არ უპასუხა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ასევე კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელიც.

მიზეზების გასარკვევად დავუკავშირდით „საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასაც“, ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, რომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კულტურის სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორის, თამუნა უჩიძის განმარტებით, ის თანხა, რომელიც სახელმწიფომ ტენდერებში დახარჯა, „გადაყრილია“.

„სახელმწიფომ ნახევარი მილიონი ლარი ბიუჯეტიდან ჯერ ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის ფორმით გადაიხადა და მერე ფაქტორივად ეს ფული ტყუილად გადაყარა. ანუ, ამ პროექტის შემდეგ, რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით, მთელი რიგი პროექტები ადგილობრივ თვთმმართველობებს და ეკონომიკის სამინისტროს ერთად უნდა განეხორციელებინათ. თუმცა, იმ 10 სოფელში, რომელსაც ეს პროექტი მოიცავს, ტურიზმის კუთხით ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. 8 წლის წინ შედგენილ პროექტს კი დღეს ვეღარავინ გამოიყენებს, რადგან მაგალითისთვის, მინიმუმ მდინარის კალაპოტის საზღვარი შეიძლება იყოს შეცვლილი“, – ამბობს იგი.

რატომ ჭიანურდება ვარძიის გენგეგმის შემუშავება

კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის ყოფილი მინისტრი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მიიჩნევს, რომ  მთავრობა ვარძიის„იუნესკოს“ ძეგლთა ნუსხაში მოსახვედრად არაფერს აკეთებს:

„იუნესკოს სიაში ვარძიას ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პასიურობა. ჩვენს მთავრობას არ სცალია არც ვარძიისთვის და არც ნომინაციის მომზადებისთვის. ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა განაშენიანების გეგმაზე ტენდერი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს დოკუმენტაცია დევს სამინისტროში. მაგრამ როგორც „თხა და გიგო“, ისე ვერ იგებენ ამ დოკუმენტაციის შინაარსს. დღემდე არაა მოქმედებაში შესული. ამხელა ფული დახარჯა სახელმწიფომ, დოკუმენტი მომზადდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა რომ ცხოვრებაში შემოსულიყო. გაურკვევლობა და ნონსენსია, არსებობს გეგმის ძალიან კარგი ვარიანტი, მაგრამ არ მოქმედებს. ეს მთავრობის არასწორ ხედვაზე, უნიათობაზე და სიბრმავეზე მეტყველებს. არავითარი ინტერესი არ აქვს დღევანდელ რუსულ ხელისუფლებას, რომ დასავლეთთან იყოს ინტეგრირებული. მათ შორის „იუნესკოსთან“, – ამბობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

ის რომ ვარძიის მიმდებარედ განაშენიანების გეგმის არარსებობა დიდი გამოწვევაა, ადასტურებს სამცხის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილიც. ამბობს, რომ სივრცითი დაგეგმვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებულია, მათ შორის გაკეთდება ვარძიაშიც.

„კარგად მოგეხსნებათ რამდენად უდიდესი კულტურულ–ისტორიული ძეგლია ჩვენთვის ვარძია, რა თქმა უნდა მის მიმდებარედ უნდა იყოს სწორი განაშენიანება ანუ გეგმარებითი განაშენიანება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ვიზიტორთა ნაკადს  ჩვენს რეგიონში, ასევე ისტორიულ–კულტურული ძეგლის შენარჩუნებას. გასულ წელს იყო პრეზენტაცია მთლიანობაში სივრცითი მოწყობის შესახებ. მიმდინარეობს პროცესი და ქვეყნის მასშტაბით დაიწყება სივრცითი დაგეგმვა. აუცილებელია ის რომ ქაოტური განაშენიანება არ დაგვხვდეს, ვისაც როგორ მოუნდება ისე რომ განაშენიანდეს ეს დაუშვებელია. აქედან გამომდინარე სივრცითი დაგეგმარების მოწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა მის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პუნქტი, ყველას ის მიდგომა, რომ ხელი არ შეეშალოს ვარძიას „იუნესკოს“ სიაში შესვლისთვის“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ დეპუტატი.

იუნესკოს სიაში მოსახვედრად, შერჩეული ძეგლი ორგანიზაციის 10 კრიტერიუმიდან ერთ–ერთს ან რამდენიმეს უნდა აკმაყოფილებდეს:

ათი კრიტერიუმიდან ექვსი კულტურულ ძეგლებს ეხება, ხოლო დარჩენილი ოთხი კი ბუნებრივ ძეგლებს. იუნესკოს წარმომადგენლობით სიაში აღნიშნულია, რომ ვარძია–ხერთვისი ათიდან ექვს (II, III, IV, V, VI, VII) კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოსახვედრად ძეგლი წარდგენისას ხუთ ეტაპს გადის. პირველი ეტაპი წარმომადგენლობითი სიაა, რომელშიც ვარძია–ხერთვისი ამჟამად არის შესული. მომდევნო ეტაპი ნომინაციის ფაილის მომზადებაა, რომელიც ძეგლის წარმდგენმა ქვეყანამ უნდა შეადგინოს, რასაც შემდგომ მრჩეველთა საბჭოს წევრი ორგანიზაციები განიხილავს. განხილვის დასრულების შემდეგ, სამთავრობათაშორისო მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი იკრიბება, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ძეგლის სიაში მოხვედრის შესახებ. პროცესის დასრულებისას, იუნესკო მუდმივად ახდენს არსებული კრიტერიუმების კონტროლს და გადახედვას.

დაკარგული ინვესტიცია

მასობრივად მშენებლობების შეჩერება არ მიაჩნია სწორად პუბლიცისტ, კუკური მეტრეველს, მას ვარძიის მოპირდაპირედ, 2400 კვ.მეტრზე სასტუმრო აქვს აშენებული. ამბობს, რომ მიწა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიძინა.

იგი ფიქრობს, რომ დაინტერესებულ პირებს ბიზნესის წარმოების უფლება უნდა მიეცეთ:

„ჩემი სასტუმროს უკან ტერასებია, მიწა ცდება და მინდოდა ვენახი გამეშენებინა, ვცადეთ ეს მიწა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან მერიის ბალანსზე გადმოგვეტანა, მაგრამ უშედეგოდ. მუნიციპალიტეტში გვითხრეს რომ ვარძიის არეალში გენ–გეგმა მუშავდება და ვიდრე ეს არ დასრულდება მტკაველი მიწა არ გაიცემაო. ჩვენც მოთმინებით ველოდებით,  მაგრამ იმავე მიწაზე სხვებს შეაქვს განაცხადი. ჯერ ვერ მოახერხეს მისი დაკანონება, მაგრამ მაგასაც მოახერხებენ. ჯერ ერთი, ეს გენ–გეგმა რატომ არის ამდენი ხანი დაუმუშავებელი?! ან ეს ხეობა რატომ არის ასე განუვითარებელი?! არაფერი არ არის აქ, არც ინფრასტრუქტურა, არც გარემო რომ ხალხი მოდიოდეს და რჩებოდეს, ნახავენ ვარძიას და გარბიან“,– ამბობს კუკური მეტრეველი.

ვარძიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, იჯარით აღებული მიწის დაკანონებას უშედეგოდ ცდილობს მეფუტკრე, გურამ ზედგინიძე. ამბობს, რომ უფლებას მხოლოდ იმიტომ არ აძლევენ, რომ ტერიტორია ორი მონასტრის შორის მდებარეობს. თუმცა ამავე მონაკვეთში, მტკვრის მეორე მხარეს [სოფელ აფნიის ტერიტორიაზე] სასტუმრო შენდება.

„შესყიდვაზე განაცხადი ჯერ კიდევ  15–20 წლის წინ შევიტანე. იჯარით მაქვს და ყოველ წელს ვიხდი გადასახადს. გიორგი გახარიას პრემიერობის დროს გამოსცეს ბრძანება მეიჯარეებისთვის პირდაპირი წესთ შესყიდვაზე კონკურენციის გარეშე. შევიტანე განაცხადი, მეურნეობის გაკეთება მინდოდა, ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მომივიდა პასუხი წითელ ზოლშია ეს ტერიტორია და არ გვაქვს უფლება გავცეთო. მაინტერესებს მტკვარს გაღმა წითელი ზოლი არ არის ვარძიიდან 300 მეტრში და მე  ერთ კილომეტრში ვარ ვარძიიდან და აქ წითელი ზოლია?!“,– ამბობს გურამ ზედგინიძე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ ვარძიის მოპირდაპირე მხარეს 2019 წელს 120–ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა სააგენტომ გენ–გეგმის არ არსებობის და საყდრისის კომიტეტის აქტიური პროტესტის გამო შეაჩერა.

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, წარმოშობით ბორჯომელი სოსო ორჯონიკიძე, იმ კომპანიის 50%-ანი წილის მფლობელია, რომელმაც 2016 წელს ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს, 13 873 კვადრატული მეტრი მიწა აუქციონით შეიძინა, 2018 კი ასპინძის მერიასა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს იქ მიწისქვეშა სასტუმროს მშენებლობის, ბილიკების მოწყობისა და გამწვანების ნებართვა სთხოვა. ნებართვა მხოლოდ გამწვანებაზე გაიცა, სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა სააგენტომ მიიჩნია, რომ ეს არა გამწვანება, არამედ სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები იყო და 2019 წლის 29 მარტს მისი შეჩერება მოითხოვა

2019 წელს სააგენტომ განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაბრუნებოდა, თუმცა სააგენტოს მითითება ამ დრომდე არ შესრულებულა.

აღნიშნული სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგი იყო საყდრისის კომიტეტიც.  მისი წევრი, ნინო ბურჭულაძე ამბობს, რომ ვარძიის იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში მოსახვედრად, ეს ერთ–ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იქნებოდა:

„მოგეხსენებათ ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს რომელსაც 500–მეტრის ვიზუალური დაცვის ზონა გააჩნია. სასტუმრო, რომლის მშენებლობის შეჩერება ჩვენ მოვახერხეთ, სწორედ ამ ზონაში იყო შემოჭრილი. მინდა გითხრათ, რომ ძეგლი  არ არის მხოლოდ ძეგლი, ის აღიქმება მთლიან გარემოში. ამიტომ ვარძიის ვიზუალური აღქმის დამახინჯება ჩვენთვის მიუღებელი იყო. შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის უცნობია რომ ვარძია,  მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ვერ ხვდება, ამის გამომწვევ ძირითად მიზეზს  ვარძიის  ქალაქდაგეგმარების დოკუმენტის არქონა წარმოადგენს, სივრცითი მოწყობის დოკუმენტს ვგულისხმობ. ამიტომ ამ დოკუმენტის შექმნამდე რაიმე მსხვილი სამშენებლო სამუშაოები  კიდევ ერთი დამატებითი ბარიერი იქნებოდა ვარძიის“  იუნესკოს“ ნუსხაში მოსახვედრად.

მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ხელისუფლებას და საზოგადოებას რომ ვარძია ნამდვილად იმსახურებს იყოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ამიტომ პირველ რიგში იქნებ გაკეთდეს  სივრცითი მოწყობის დოკუმენტი. რომელიც სერიოზული ნაბიჯი იქნება ვარძიის ინტერესებისთვის გადადგმული“, – ამბობს იგი.

მისივე თქმით, საყდრისის კომიტეტი, ვარძიის მიმდებარედ ბიზნესის განვითარების წინააღმდეგი არ არის:

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არ  ვართ ბიზნესის განვითარების მოწინააღმდეგეები. ჩვენ ძეგლებთან მიმართებაში კანონის დაცვას ვითხოვთ. კონკრეტულ სასტუმროსთან მიმართებაში ვაცხადებდით, რომ, თუ სივრცითი მოწყობის დოკუმენტი  დაუშვებდა ასეთ ადგილებში სამშენებლო სამუშაოებს თუ „ იუნესკო“ იქნებოდა თანახმა, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ წინააღმდეგები არ ვიქნებოდით. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ვარძიის მიმდებარედ ყველა მიწა არის გაყიდული თუ კი პრეცედენტი შეიქმნებოდა ვარძიის ვიზუალური დაცვის ზონაში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების, მაშინ ეს სხვა მიწების მფლობელებისთვის იქნებოდა დამატებითი მოტივაცია, რომ დაეწყოთ თუნდაც კანონის დარღვევით დიდი სამშენებლო  პროცესები. ეს ყველაფერი კარგ შედეგამდე ნამდვილად არ მიგვიყვანდა“.

რაც შეეხება ვარძიის შესასვლელთან მდებარე პატარა კაფე–რესტორნები, რომლებიც დაახლოებით 13 წლის წინ აშენდა და მათ ნაწილს მშენებლობის ნებართვა არ აქვს,  ასე გვპასუხობს:

„როგორც იტყვიან უკვე „ზის“ გარემოში, თუმცა დამატებით იქ ე.წ. ფაცხების ან სხვა ანალოგიური ობიექტების დამატება  წახალისებული არ უნდა იყოს“.

გენგეგმის არარსებობა, რომ ინვესტორების მოზიდვას უშლის ხელს, ამის შესახებ სამცხის დეპუტატმა პარლამენტში გამოსვლისას ჯერ კიდევ 2022 წელს ისაუბრა:

„ამ ეტაპზე ყველა ინვესტორს ვისტუმრებთ უარით, რადგან არ გვაქვს განვითარების გენერალური გეგმა, შესაბამისად ვერ ვეუბნებით ინვესტორს რისი გაკეთება შეიძლება. ინტერესი მაღალია და გენგეგმის არსებობობის პირობებში გვექნება რეგიონში კარგი ინვესტორების მოზიდვის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვღებულობთ ვარძიის მიმდებარედ  ქაოტურ განვითარებას და უკანონო მშენებლობას“, – ამ სიტყვებით მიმართა ინფრასტრუქტურის მინისტრს დეპუტატმა.

მაშინ მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ „107 სივრცითი დოკუმენტი იქნა დამუშავებული, ვიცი რომ ეკონომიკის სამინისტრომ, რომლის გამგებლობაშიც დაბრუნდა სივრცითი მოწყობის დეპარტამენტი, აქტიურად აპირებს შესაბამისი მდებარეობების განვითარებას, მათ შორის ეს მდებარეობებიც არის და დარწმუნებული ვარ, რომ მალე გაჩნდება ის შესაძლებლობა, რა ახალ შესაძლებლობებზეც თქვენ საუბრობდით

ვინ ხუჭავს თვალს ისტორიული ძეგლების დაზიანებაზე

ვარძიის დაცვის ზონაშია ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლი „ვანის ქვაბები“ და „თავკვეთულას მონასტერი“ სასულიერო პირებმა ორივე მათგანში უკანონო სამუშაოები აწარმოეს.

2018 წელს ვანის ქვაბებში მონასტრის წინაძღვარი, იღუმენი, მათე ვაშაყმაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებდა, რომ ძეგლზე მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები ჩასვა, სატრაპეზოს კედელი კი, 2012 წელს, სააგენტოს ნებართვით აშენდა. თუმცა სააგენტოში, იმ დროს ვერც ყოფილი და ვერც იმჟამინდელი ხელმძღვანელი ნებართვის გაცემის ფაქტს ვერ იხსენებდა.

ფოტო გადაღებულია 2018 წელს

იურისტები მაშინ აცხადებდნენ, რომ ეროვნული მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლზე კანონდარღვევით მშენებლობის წარმოება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 88–ე მუხლის მიხედვით, 12 000 ლარით ჯარიმდება.

თუმცა იმ დროს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსაგან მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს.

„მას შემდეგ რაც სასულიერო პირები გავაფრთხილეთ, მსგავსი რამ აღარ განმეორებულა. დაგვპირდნენ, რომ ჩვენთან შეთანხმების გარეშე არაფერი შეიცვლება. მას შემდეგ რაც ვანის ქვაბების რეაბილიტაცია დაიწყება ეს კარ–ფანჯრებიც შეიცვლება“, – ამბობდა 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ახალა უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.

2018 წელს ასევ გახშირებული ქვათაცვენის გამო „ვანის ქვაბების“ სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, მაგრამ ძეგლის რესტავრაცია არ დაწყებულა.

რაც შეეხება „თავკვეთულას მონასტერს“ როგორც ადგილობრივები ამბობენ, სასულიერო პირმა, ეკლესიის ქვეშ 18–მეტრიანი გვირაბი გაიყვანა. გარდა ამისა, ძეგლის წინა მხარეს რამდენმე ქვის ბოძი გააკეთა. ბერმა იოანემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ ღია სატრაპეზოს აშენებს, და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გეგმავს სამუშაოები ბოლომდე მიიყვანოს.

„არაფერი არ შემითანხმებია, ქვეყნის საქმეს ვაკეთებ. ვაფუჭებ რამეს, თუ ჩემზე კარგის გაკეთება შეუძლიათ? რა უნდა შევუთანხმო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს? ვარძია აგერ გააკეთა სააგენტომ და რა ღირს იქ შესვლა? – 15 ლარი. მეც ცეხი გავაკეთო? ფული ვიშოვო?. ეს იქნება გადაფარებული ღია ტრაპეზი, სადაც ლოცვა ჩატარდება, ამით არანაირი ლანდშაფტი არ იცვლება. კლდის ფერებში გათამაშდება, მე თვითონ მხატვარი ვარ, ისე გავაკეთებ, რომ არაფერი არ შეიცვლება. ტერასები გავაკეთე, ვაზი და კაკალი დავრგე, ამოსასვლელი გზა მოვაწყვე, კიბეები, სკამები და ღობე გავაკეთე. რა არის ამაში ცუდი ვერ გავიგე? ეს შენდება ხალხისთვის, მრევლისთვის. მოვა ხალხი ილოცებს და გაუხარდება“,-  ამბობს ბერი იოანე [ერისკაცობაში ირაკლი პაიჭაძე].

ვიდეო სოციალურ ქსელში 2022 წელს გავრცელდა

გახდება თუ არა სასულიერო პირების აღნიშნული ქმედებები კიდევ ერთი ხელისშემშლელი პირობა „იუნესკოში“ მოსახვედრად, უცნობია.

„სამხრეთის კარიბჭემ“ არაერთხელ დაუკავშირდა და მიწერა კულტურის სამინისტროს და სააგენტოს, თუმცა ისინი ჩვენთან, კომენტარს არ აკეთებენ.

SKNEWS