როგორ სრულდება ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები?

როგორ სრულდება ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები?

1 ივლისიდან ძალაში შევიდა ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრება როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები. იმისთვის, რომ სამშენებლო ნებართვა მიიღოთ, მოთხოვნილ დოკუმენტაციას ასევე თან უნდა ახლდეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით გაცემული დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ის შენობა, რომლის აშენებასაც გეგმავთ, ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„ენერგოეფექტურობის ცენტრის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგულაციის ძალაში შესვლიდან 4 თვის თავზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაახლოებით 4000-მდე სამშენებლო ნებართვაა გაცემული, საიდანაც 1500 დედაქალაქზე მოდის.

„პროგრამა ძირითადად მუშაობს გამართულად, თუმცა უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ნებართვის მაძიებელმა ან მათმა ტექნიკურმა ჯგუფმა კარგად აითვისოს ეს პროგრამა.

პრობლემურია ის, რომ აქამდე ნებართვის მისაღებად არ მოეთხოვებოდათ ისეთი დეტალიზაცია პროექტში, რასაც ეს პროგრამა და შესაბამისობის დეკლარაცია ითხოვს. მაგალითად არ იყო დეტალურად გაწერილი, რა სახის მასალით იქნებოდა შენობა აშენებული, შემინულ ზედაპირებზე არ იყო დეტალური ინფორმაცია მოთხოვნილი. ახლა კი საჭიროა ნებართვის მოპოვების პროცესამდე ეს იქნეს იდენტიფიცირებული“,-აცხადებს გიორგი აბულაშვილი.

მისი თქმით, კვლევების მიხედვით, ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების დაცვის ვალდებულება კვადრატული მეტრი ფართის თვითღირებულებას დაახლოებით 5-10%-ით აძვირებს, თუმცა ხარჯს მნიშვნელოვნად აჭარბებს ის სარგებელი, რასაც ენერგოეფექტური ფართის მესაკუთრე გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების შემოღების შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგო-კლასები მიენიჭება. ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს და წლის ბოლომდე მზად იქნება შენობების ენერგომახასიათებლობის სერტიფიცირების წესები, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა, რომელიც შევა ექსპლუატაციაში, მას უნდა გააჩნდეს ენერგო-სერთიფიკატი, თუ რომელ ენერგო-კლასს მიეკუთვნება ის. მინიმალური ენერგოეფეტურობის სტანდარტების მქონე შენობა, მომავალში D კლასს მიეკუთვნება, თუმცა შესაძლებელია უკეთესი სტანდარტის შენობის აშენება, რომელსაც A, ან B კლასი მიენიჭება.

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ენერგო-კლასისი სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო იქნება შენობის ან ფართის გაყიდვა/გაქირავების შემთხვევაშიც. ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში მომავალი წლის ბოლომდე შევა.

BMG