Starlink-ის მაღალსიჩქარიანი სატელიტური ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია – ამის შესახებ თავად ილონ მასკმა X-ის პლატფორმაზე დატვიტა. სიახლეს ქართველი მომხმარებელი განსხვავებული შეფასებით შეხვდა: ერთი ნაწილისთვის ახალი ტექნოლოგიის დანერგვა სასიხარულო ამბავია, მეორისთვის კი ის ძვირად ღირებულ სერვისებთანაა დაკავშირებული. როგორც “მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” თავმჯდომარე, უჩა სეთური, BMGTV-ის ეთერში განმარტავს, Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში ფართო ბაზარზე გათვლილი არ არის და ის ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტზე მოთხოვნას ვერ ჩაანაცვლებს.
“საქართველო ტექნოლოგიურად სრულად დაიფარა პრემიალური, კარგი ხარისხის, მარტივად გამოყენებადი სერვისებით. მანამდეც არსებობდა დაბალ ხარისხიანი, უფრო რთულად გამოყენებადი სატელიტური სერვისები, თუმცა მათი ფასი მაღალი იყო, მოსახერხებელი ნაკლებად იყო და, ჩავთვალოთ, რომ უკვე გამარტივდა ეს პროცესი. სულ 2 წუთი სჭირდება, რომ ავაწყოთ მიმღები, რომელიც რამდენიმე წამში ავტომატურად უსწორდება თანამგზავრს – ეს ძალიან კარგი ამბავია.
თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ფართო ბაზარზე გათვლილი სერვისი, ეს პრემიალური სერვისი. ჩანაცვლების ფაქტორები შეიძლება იყოს ფასი და ხარისხი – ორივე შემთხვევაში ოპტიკასთან შედარება არასწორი და შეუძლებელიც კია – განსაკუთრებით ქალაქის პირობებში. რეგიონებში შეიძლება შევადაროთ, თუმცა ეს დროებითია, რადგან გვახსოვს, რომ მიმდინარეობს ოპტიკის გაყვანა მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის რაჭაში, აჭარაში, სვანეთში და ლეჩხუმში და ეს ამბავი უკვე გამორიცხავს მათთვის თანამგზავრული ალტერნატივის შეთავაზებას, მიუხედავად სიჩქარისა”, – ამბობს უჩა სეთური.
Starlink-ის ყოველთვიური გადასახადი ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის 160 ლარს შეადგენს, ხოლო სერვისის აპარატურის მისაღებად გადასახდელი თანხა 1780 ლარია, მაგრამ ეს თანხა ერთჯერადია. ამასთან, 235 ლარი არის გადასახდელი აპარატურის თბილისში მისაღებად, კორპორაციული მომხმარებლების შემთხვევაში კი ფასები იზრდება და მხოლოდ ინფრასტრუქტურა 8320 ლარზე მეტი ჯდება.
“ეს ნამდვილად რევოლუციური ტექნოლოგიაა. ფასიც, საქართველოსთვის უფრო დაბალია შეთავაზებული, ვიდრე ჩვენ ველოდით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას სავარაუდოდ განბაჟების ფასიც დაემატება და, ამის მიუხედავად ვთვლით, რომ არც ეს თანხაა კატასტროფული. ტექნოლოგია მოცულობითაც მცირეა ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ამიტომ არ ვფიქრობთ, რომ ძვირია, – არც საცალო და არც კორპორაციულ დონეზე”, – ამბობს უჩა სეთური.
Starlink-ის ინფრასტრუქტურის მიღებას მომხმარებელი 1-2 კვირაში შეძლებს. მართალია, ინტერნეტის სიჩქარე ცვალებადია და დამოკიდებულია, როგორც ამინდზე, ასევე ხელოვნური თანამგზავრების ადგილმდებარეობაზე, თუმცა ეს ფაქტორები განსაკუთრებულ შეფერხებებს არ იწვევს. გადმოწერის შემთხვევაში, Starlink-ის ინტერნეტი 40-220+ მეგაბიტი/წმ-ის შუალედში მერყეობს, ატვირთვის შემთხვევაში კი, შუალედი 8-25+ მეგაბიტი/წმ-ია. დაყოვნება კი, 20-იდან 60 მილიწამამდე მერყეო