‘ორ თვეზე მეტია მოტაცებით მემუქრება’- ახალქალაქელ კაცზე შემაკავებელი ორდერი და ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდა

‘ორ თვეზე მეტია მოტაცებით მემუქრება’- ახალქალაქელ კაცზე შემაკავებელი ორდერი და ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრები ახალგაზრდა მასწავლებელი, ლ. კ. ახალქალაქში მცხოვრებ 35 წლამდე კაცს ადევნებაში ადანაშაულებს. „საფარის“ იურისტის, დიმიტრი ჩხიტუნიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცოლად შერთვის მიზნით, კაცი ბოლო რამდენიმე თვეა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს.

მას შემდეგ, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში, კაცის არაერთი გაფრთხილების შემდეგ, ახალგაზრდა ქალზე  ზეწოლა არ შეწყდა, ლ. კ-მ 10 ნოემბერს სამართალდამცავ უწყებას მიმართა. მიმართვის შემდეგ, 11 ნოემბერს, მოძალადის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა.

ელექტრონული ზედამხედველობა არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად დაწესებული ღონისძიება, რომლითაც ხორციელდება მოძალადის მსხვერპლთან მიახლოების კონტროლი.

კანონის თანახმად, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების დაწესება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

„2 თვეზე მეტი ხანია მემუქრება, რომ მომიტაცებს, რომ მარტო მისი უნდა ვიყო და არც ციხე აშინებს, არც პოლიცია  და არც ჩემი ძმები! მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგი ვიყავი, მოვიდა ჩემს სახლში, ურთიერთობაზე უარი ვუთხარი, მერე მწერდა, მირეკავდა. ვბლოკავდი ყველგან, რადგან საშინლად მაწუხებდა. რამდენჯერმე ზეპირად დამემუქრა , რომ მომიტაცებს და ციხის არ ეშინია, რადგან საჯარო მოხელეა და ,,ნაცნობები” ჰყავს. საღამოს მანქანით მივდიოდი ბაბუის სახლში და დავინახე, რომ რამდენიმე მანქანა იდგა იქ. უკვე უნდა მეშინოდეს სახლიდან გარეთ გასვლის რადგან მანიაკია?! (პოლიციისთვის მიმართვის შემდეგ) რაც დავბრუნდი სახლში, სხვადასხვა ადამიანები ხვდებიან  ჩემს ძმას და ყველა იმას უმეორებს, რომ ჩემი ნაბიჯი არ იყო სწორი! ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ ახლა მათი ,,კარგი კაცობის” გამო გოგოებმა არ  გააგრძელონ მოძალადესთან ცხოვრება და არ გახდნენ იძულებითი ქორწინების მსხვერპლი“,-წერს იგი.

მისი უფლებადამცველის, „საფარის“ იურისტის, დიმიტრი ჩხიტუნიძის თქმით, სამართალდამცავ უწყებაში მიმართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში, ამ კაცის მხრიდან განიცდის ადევნებას. ემუქრება, რომ მოიტაცებს და ძალით მოიყვანს ცოლად… უკანასკნელი დღეები იყო გადამწყვეტი, რადგან  მოხდა ( მოძალადის მიერ) ძმის ნახვა და ქუჩური მეთოდებით (საქმის გარჩევა) რომ გადაწყვეტილება მიეღოთ. ეს არის ადევნება, რამაც მსხვერპლს აიძულა შეეცვალა ცხოვრების წესი. სამსახურში ვეღარ დადის, ონლაინ მუშაობს კაცის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ადევნების კვალიფიკაციას იძლევა დანაშაული. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება“,-აცხადებს იგი.

ლ.კ–ზე განხორციელებულ ადევნებას სოციალ ქსელში ეხმაურება უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია.

„ქცევა არ იცის ხალხმა, იმიტომ არ იცის, რომ ჯერ არ უნახავთ თავს როგორ იცავს ქალი თვითონ კანონს დახმარებით სხვა კაცების გარეშე. ყველა მუქარას და ყველა ზეწოლას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, კერძოდ, ყველას უნდა გაესაუბროს პოლიცია. გოგოებო, ნუ შეშინდებით და ნუ მოითმენთ ნურც ადევნებას და ნურც მოტაცების მუქარას. აუცილებლად მიმართეთ პოლიციას და აუცილებლად მოგვმართეთ ჩვენ. სამცხე-ჯავახეთში  საერთოდ პირველად გამოიყენეს ელექტრონული სამაჯური, იმიტომ რომ პირველად მოითხოვა გოგომ. ხოდა, მოითხოვეთ თქვენც – ძალიან ეფექტურია. თუ ხედავთ, რომ მოტაცების რისკი არსებობს – იმოქმედეთ, გაგვაგებინეთ და დანარჩენი უკვე ჩვენზეა და პოლიციაზე“,-წერს ის.

რა ეტაპზეა გამოძიება, „სამხრეთის კარიბჭე“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.

თუ თქვენ გახდით ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ძალადობის თაობაზე:

  • დარეკეთ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე 112;
  • შეატყობინეთ უბნის ინსპექტორს/მართლწესრიგის ოფიცერს ან/და სასამართლოს;
  • მოითხოვეთ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემა,

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ დარეკონ საკონსულტაციო ცხელ ხაზზე 116 006 – აღნიშნულ ნომერზე სპეციალისტი კონსულტაციებს უწევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. მომსახურება 24-საათიანი, უფასო და ანონიმურია.

SKNEWS