საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა – თიბისი კაპიტალი

საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა – თიბისი კაპიტალი

2023 წლის 9 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებულ მიმოხილვაში.

თიბისი კაპიტალმა პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის, იგივე FMCG სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა, რომლის მთავარი მიზანია, რომ ინვესტორებსა და კომპანიებს გააცნოს ქვეყნის აღნიშნულ სექტორში არსებული ტენდენციები და განვითარების, თუ წინსვლის პოტენციალი.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს, FMCG ბაზარი წლიურად 25%-ით გაიზარდა და 5,06 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ბაზრის ასეთი ზრდა მის მდგრადობაზე და შემდგომი ზრდის პოტენციალზეც მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სექტორის ძლიერი გაფართოება მეტწილად ემთხვევა თიბისი კაპიტალის წლის დასაწყისში გამოთქმულ ვარაუდებს.

FMCG ბაზრის ორგანიზებულმა მოთამაშეებმა საქართველოს რეგიონებში მკვეთრად გაზარდეს საკუთარი მასშტაბები, რის შედეგადაც გაიზარდა რეგიონული ბაზრის წილი.

2023 წლის ცხრა თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა ბაზრის ძირითადი მოთამაშეების გადანაწილების კუთხით. ორგანიზებული ბაზრის წევრთა ნახევარზე მეტი კვლავ რჩებიან საუკეთესო მოთამაშეთა შორის.

ამასთან, კვლევის თანახმად, ფასების ინდექსი 2023 წლის განმავლობაში საკმაოდ სტაბილური იყო, ხოლო სასურსათო CPI მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დეფლაციას განიცდიდა. 2023 წლის პირველ 9 თვეში, სტაბილიზირებული ფასების ფონზე, LFL გაყიდვების 15%-იანი ზრდა, გაზრდილ მოთხოვნაზე მიუთითებს.

იმის მიუხედავად, რომ FMCG ბაზარი წლიურად 25%-ით გაიზარდა, შემოსავლების რეგიონალური დაყოფა უფრო ღრმა ხედვას გვაძლევს შემდგომი განვითარების სტრატეგიების შესახებ, რომლებსაც საცალო ვაჭრობაში ფართოდ გამოიყენებენ. რეგიონების კუთხით, ზრდა არსებითი იყო როგორც შემოსავლების, ასევე საქართველოს რეგიონებში მაღაზიათა რაოდენობის მიხედვით, დედაქალაქთან შედარებით, რა თქმა უნდა. ორგანიზებული FMCG ბაზრის შემოსავლები თბილისში 23%-ითაა გაზრდილი, ხოლო რეგიონებში 28%-ით. თუ გასულ წელს თბილისში 1 170 მაღაზია იყო, ეს რიცხვი 20%-ით, 1 405-მდე, რეგიონებში კი 912-დან 1 268-მდე, 39%-ით გაიზარდა.

ორგანიზებული FMCG ბაზრის შემოსავალთა უდიდესი ნაწილი, 61.3% კვლავ დედაქალაზე მოდის, მაგრამ ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 1% პროცენტითაა შემცირებული. დეტალური რეგიონული ანალიზის თვალსაზრისით, მეორე ადგილზე მყოფმა რეგიონმა აჭარამ, შემოსავლების კუთხით, ყველაზე დიდი ზრდა განიცადა ბოლო 9 თვის განმავლობაში.

2023 წელს აგრეთვე დაფიქსირდა FMCG ბაზრის მთლიანი მოგების ზღვრის წლიური 0.8-პროცენტიანი შემცირება. წლიური კოეფიციენტები უკეთესად აჩვენებს კომპანიებსა და ინვესტორებს ორგანიზებული ბაზრის მოთამაშეების მომგებიანობას.

ამასთან, FMCG სექტორში უნაღდო დანახარჯების ანალიზი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბაზრის განვითარებას, რაც რეგიონებში კიდევ უფრო მაღალი ტემპებით ფიქსირდება. ფასების სტაბილიზებული დონე ასევე აისახა საშუალო ქვითრის ზომაზე და იგი უცვლელად ინარჩუნებს 16.2-ლარიან ნიშნულს.

BPN