სარწყავი სისტემის განვითარებისთვის საქართველომ შესაძლოა, 70 მლნ ევროს სესხი აიღოს

სარწყავი სისტემის განვითარებისთვის საქართველომ შესაძლოა, 70 მლნ ევროს სესხი აიღოს

სარწყავი სისტემის განვითარებისთვის საქართველომ შესაძლოა, 70 მლნ ევროს სესხი აიღოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

დოკუმენტები ძირითადად საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის და კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამებს ეხება.

მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებები: „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება (საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა)“, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 1)“ და „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“ კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

მისი ინფორმაციით, ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსთვის ჯამში 70 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება – ერთი არის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი, მეორე კი – ინფრასტრუქტურის კომპონენტი.

საინვესტიციო პროექტი (ინფრასტრუქტურის კომპონენტი) მოიცავს: საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას, რაც თავის მხრივ გულისხმობს სახელმწიფო მმართველობითი კონტროლის გაძლიერებას საქართველოს მელიორაციის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად, გამჭვირვალობისთვის და ეფექტიანობისთვის და ირიგაციის სისტემის მდგრადობას, კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად; პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობასა და წყლის მენეჯმენტში კლიმატ-გონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად; საქართველოს მელიორაციის მმართველობისა და რისკების მართვის გაუმჯობესებას. პროექტები უკავშირდება ზემო და ქვემო სამგორის სარწყავი არხების რეაბილიტაციას.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკთან ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული, ერთია ბიუჯეტის მხარდამჭერი პროექტი – 14 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო მეორე უკავშირდება ქვემო სამგორის რეაბილიტაციას, კრედიტის ოდენობაა 30,8 მლნ ევრო.

ბიუჯეტის მხარდაჭერის შემთხვევაში სესხის ხანგრძლივობა არის 15 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი არის სამი წელი, რაც შეეხება საინვესტიციო კრედიტს, ეს არის 25-წლიანი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდია 5 წელი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება, რომლებიც ქვეყნის საირიგაციო სისტემის გამართვას ეხება. სამინისტროები მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ, რომ საუკეთესო პირობებით მომხდარიყო ამ არხების რეაბილიტაცია და ფერმერებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, რათა წვდომა გაუჩნდეთ წყალზე. საირიგაციო წყალზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ დამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს ამ არხების რეაბილიტაცია. პროექტი ემსახურება იმ მიზნებს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს გარემოსდაცვითი კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

მან მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს იმისათვის, რომ კლიმატზე და გარემოზე მორგებული სასესხო ხელშეკრულებების დადება ამ ქვეყანაში უკვე რეალობად აქციეს, რასაც 5-10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.

ორივე კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

BPN