ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე, შსს–მ „კონსერვატიული მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სიმონ ეღიაშვილი 1 000 ლარით დააჯარიმა.
რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ დროშების დაწვას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, “მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, იდენტიფიცირების შემდეგ, ისინი შესაბამისად დაჯარიმდებიან”.
უწყების განცხადებით, სიმონ ეღიაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 17418ე მუხლით დაჯარიმდა, რაც ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას გულისხმობს. კანონის მიხედვით, ქმედება დასჯადია საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი დროშის შებღალვისას. დანაშაული პირველ ჯერზე 1 000 ლარიანი ჯარიმით ისჯება. მისი განმეორების შემთხვევაში კი 2 000 ლარიანი ჯარიმით, ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით.
საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების აღსანიშნავად ახალციხის ცენტრალური ქუჩები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით იყო მოფენილი. ხომ არ ჩამოხსნა რომელიმე მათგანი სიმონ ეღიაშვილმა, ამის გასარკვევად ახალციხის მერიას დავუკავშრდით, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ.
სიმონ ეღიაშვილის განცხადებით, დროშა, რომელიც მან დაწვა, თავად იყიდა, ამიტომ ჯარიმა უსაფუძვლოა.
„სრულიად უსამართლოა და არასწორია ამ ხელისუფლების მხრიდან ეს ყველაფერი. ყველაფერს დრო სჭირდება და აუცილებლად პასუხი მოეთხოვება ყველას. ადვოკატი გაასაჩივრებს ამ ჯარიმას აუცილებლად“,–აცხადებს იგი.
ცნობისთვის, სიმონ ეღიაშვილმა დროშა, მისი განცხადებით, ლაშა შარუხიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად დაწვა, რომელიც მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის გამო დააკავეს. შარუხიას პროკურატურამ ბრალი სსკ-ს 187-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის შეფასებით, ევროკავშირის დროშის დაწვა საზოგადოებრივ აზრზე გავლენას მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში მოახდენს, რადგან ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციის პროცესს.
“ჩემთვის აღმაშფოთებელია ეს ფაქტი! როცა მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეებში დიდ გამარჯვებას და მივიწევდით იქითკენ, რომ შევსულიყავით ნორმალურ, ცივილურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში და ეს საბჭოური ნარატივები მოგვეშორებინა, რაღაცა ძალები კიდევ არ აპირებენ დანებებას. მგონია, რომ მათთვის იყო ყველაზე დიდი დარტყმა კანდიდატის სტატუსის მიღება. არ ელოდნენ სტატუსს, ან ხელის შეშლა უნდოდათ. ნუ ჰგონიათ, რომ დროშის დაწვით ამ პროცესს ხელს შეუშლიან. ვფიქრობ, რომ მათ ეს დავალება მიიღეს. ეს ადამიანი ამას შეგნებულად აკეთებს, რაღაცა ანაზღაურების გამო. ძალიან ამორალურია. საზოგადოების 90% რა თქმა უნდა ნეგატიურად მიიჩნევს ამ ფაქტს და არავინ მისი მხარდამჭერი არ იქნება! როგორც არიან, მასე დარჩებიან!“,–ამბობს ცირა მესხიშვილი.
მისივე თქმით, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ევროკავშირი ერთადერთი გარანტიაა.
„გარდა ევროკავშირისა, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, რადგან ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხოებას, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ 30 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ. ევროპის დიდი ოჯახის წევრობა საქართველოსთვის ჩვენი ისტორიის და ტრადიციების შენარჩუნებარის გარანტია“,–აცხადებს ის.
“კონსერვატიული მოძრაობა” 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. პოლიტიკური გაერთიანება პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ დააფუძნა. “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარეა ალტ-ინფოს სატელევიზიო გადაცემების ერთ-ერთი წამყვანი ზურაბ მახარაძე, ხოლო გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა. “კონსერვატიული მოძრაობა” გამოირჩევა პრორუსული, ანტიდასავლური და ძალადობისკენ მოწოდების გზავნილებით.
ინფორმაციის წყარო: SKNEWS