უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ მრავალშვილიან  1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ოჯახებს თავადაც შეუძლიათ განაცხადების გაკეთება მუნიციპალურ ცენტრებში, რასაც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს.

„ინფორმაცია გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტიდან, ასეთი ოჯახები სადაც არის, სავარაუდოდ აღრიცხულია. ამის საფუძველზე ჩვენც მივმართავთ და თვითონაც შეეძლებათ განაცხადების გაკეთება, რასაც შემდეგ განვიხილავთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

SKNEWS