პოლიციამ მარნეულის მკვიდრი დააკავა, რომელმაც ძაღლი სიკვდილამდე სცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.
ხის ხელკეტით ცხოველის ცემის კადრები აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ ორშაბათს გაავრცელა. ვიდეომ ათასობით ნახვა მოიპოვა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ძაღლის გადარჩენის იმედით, თბილისიდან ცხოველთა დამცველებმა იმავე დღეს მარნეულში მანქანა გაგზავნეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის უკვე მკვდარი იყო.
შუაღამით მარნეულის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორ ათეულამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც მოითხოვეს, რომ დამნაშავე კანონის სრული მოცულობით დაისაჯოს.
აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც მარნეულის პოლიციის უფროსმა, გიორგი ნავროზაშვილმა დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია.
“აღნიშნული პირი დაკავებულია… გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ნავროზაშვილმა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველებისადმი სისასტიკეს გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.