“საქართველოს ფოსტაში” ირწმუნებიან, რომ ტარიფები საშუალოდ 15%-ით გაიზარდა

“საქართველოს ფოსტაში” ირწმუნებიან, რომ ტარიფები საშუალოდ 15%-ით გაიზარდა

“საქართველოს ფოსტაში” ირწმუნებიან, რომ ტარიფები საშუალოდ 15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში წერია, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ფოსტა” ეხმაურება კომპანიის წინააღმდეგ მედიაში და სოციალურ ქსელებში დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც შეეხება ტარიფების ცვლილებას.

კომპანია განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ “საქართველოს ფოსტა” ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას”, – ნათქვამიოა ფოსტის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 2 კილოგრამამდე წონის ამანათის მისამართამდე მიტანის ღირებულება 8.5 ლარიდან 19 ლარამდე გაიზარდა. იმ შემთხვევაში კი თუ მომხმარებელი მიღებული ამანათის სერვისცენტრიდან გატანას გადაწყვეტს, 14 ლარი უნდა გადაიხადოს.

ცნობისთვის, საქართველოს ფოსტის 2022 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 2022 წელს 23 მილიონი ლარით შემცირდა და ₾71 მილიონი შეადგინა. ამასთან, გაიზარდა “ფოსტის” ზარალიც, თუკი 2021 წელს ეს 1.1 მილიონი ლარი იყო, 2022-ში ზარალმა 12 მილიონ ლარს მიაღწია. უცნობია იყო თუ არა ტარიფების დრამატულად გაზრდის მიზეზი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები- შესაბამისი კითხვებით bm.ge საქართველოს ფოსტას, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა უკვე რამდენიმე დღეა მიმართავს, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ამასთან, შეცვლილი საფასო პოლიტიკის შესახებ ოფიციალური განმარტება კომპანიას ამ დრომდე არ გაუკეთებია, შესაბამისად, მომხმარებლებმა გაზრდილი ტარიფები ახალი წლიდან უშუალოდ სერვისცენტრებში შეიტყვეს.

BMG