2023 წლის 11 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 247.7 მილიონი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები შეიძინა, რაც იმპორტის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. 2022 წელთან შედარებით ეს თანხა 59 მილიონი დოლარით, ანუ 31%-ით მეტია.
იმპორტის სტატისტიკაში ტელეფონების რაოდენობა მითითებული არაა, თუმცა თუკი საშუალო ფასი იქნებოდა იგივე რაც 2022 წელს იყო (269 დოლარი=724 ლარი+18% დღგ=855 ლარს). ეს ნიშნავს, რომ გასულ წლის 11 თვეში ქვეყანაში 921 ათასი მობილური ტელეფონი შემოვიდა. შესაბამისად, გასულ წელს ტელეფონის შეძენა მოსახლეობის 24%-ს შეეძლო.
იმპორტის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი სმარტფონი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოდის, რაც ტელეფონების გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, რადგან UAE-ს გავლით იმპორტიორებს მობილურების უფრო კონკურენტუნარიან ფასად შესყიდვა შეუძლიათ. ტელეფონების 63% სწორედ UAE-დან შემოვიდა. მეორე ადგილზეა ჩეხეთი, 52 მილიონი დოლარის იმპორტით. რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ვიეტნამი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ტელეფონების ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად იქცა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველოს მობილური ტელეფონები შემოაქვს:
1) არაბთა გაერთიანებული საამიროები – 156,408,860 დოლარი;
2) ჩეხეთი – 51,945,670 დოლარი;
3) ვიეტნამი – 20,940,540 დოლარი;
4) ჰონ-კონგი – 9,446,340 დოლარი;
5) ინდოეთი – 5,630,980 დოლარი.
რაც შეეხება მობილურების რეექსპორტს, საქართველოდან უცხოეთში (ძირითადად სომხეთსა და აზერბაიჯანში) 2.9 მილიონი დოლარის სმარტფონები გავიდა. ეს 2022 წელთან შედარებით ხუთჯერ ნაკლებია.