ყოფილმა აღმზრდელმა ახალციხის ბაღების გაერთიანებას პროკურატურაში უჩივლა

ყოფილმა აღმზრდელმა ახალციხის ბაღების გაერთიანებას პროკურატურაში უჩივლა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ა(ა)იპ „ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“, N1 ბაგა–ბაღის ყოფილ აღმზრდელს, მარინა ლალუაშვილს სამსახურში აღდგენაზე უარს ეუბნება. ამის გამო, გათავისუფლებულმა თანამშრომელმა პროკურატურას მიმართა. იგი საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა.

მარინა ლალუაშვილმა ბაღების გაერთიანებას საქმე უზენაეს სასამართლოში 2023 წლის ივნისში მოუგო. უზენაესმა ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სსიპ–ის ხელმძღვანელობას უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის პოზიციაზე აღდგენა და იძულებითი განაცდური საათების ანაზღაურება დაავალა. გაერთიანებამ ყოფილ აღმზრდელს თანხა აუნაზღაურა. სამსახურში აღდგენაზე კი უარს ეუბნება.

მარინა ლალუაშვილის ადვოკატი, ნინო დემეტრაძე იმ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ბაღების გაერთიანების უკანონო გადაწყვეტილებაზე მეტყველებს.

„იძულებით განაცდურის ანაზღაურების შემდეგ გავიგეთ, რომ ბაგა გაუქმებულა. თუ დაწესებულება აღარ არსებობდა და აღდგენას არ აპირებდა, მაშინ სრული განაცდური რატომ ჩაერიცხა მარინა ლალუაშვილს? არ არსებული სამსახურის განაცდური ჩაურიცხეს? მათ შეეძლოთ უზენაეს სასამართლოში განეცხადებინათ, რომ ბაგა–ბაღი გაუქმებული იყო. სასამართლო შეცდომაში შევიდა, რადგან არ იცოდა ბაგა–ბაღის გაუქმების შესახებ. ჩვენ, მხარემ, ამის შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, როცა აღსრულებას მივმართეთ. (ეს რომ გვცოდნოდა) ჩვენი სასარჩელო მოთხოვნას დავაზუსტებდით და ნებისმიერ ბაგაში, ნებისმიერ მსგავს პოზიციაზე აღდგენას მოვითხოვდით“,–განმარტავს ის.

მისივე თქმით, N1 ბაგა 2022 წლის 17 სექტემბერს გაუქმდა, იძულებით განაცდური საათები კი 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით აუნაზღაურდათ.

გარდა აღნიშნულისა, ნინო დემეტრაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მარინა ლალუაშვილს იძულებით განაცდური საათების შესაბამისი ანაზღაურება, იქამდე დაუგროვდება, სანამ სამსახურში არ აღდგენენ.

ადვოკატის განმარტებით, საქმე შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დასჯადია. ეჭვის საფუძველს იძლევა ისიც, ხომ არ გაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არამიზნობრივად.

სსკ–ს 381–ე მუხლით, რაც განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ან/და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 240–360 საათამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქცია ააიპ–ის დირექტრს, მარინა მერაბიშვილს დაუკავშირდა. მან კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრა და განაცხადა, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

ცნობისთვის, N1 ბაგის აღმზრდელი, მარინა ლალუაშვილი სამსახურიდან 2021 წლის ივნისში გაათავისუფლეს, ოთხი თვით ადრე კი საყვედური გამოუცხადეს.

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა. სასამართლომ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, ლალუაშვილის სამსახურში დაბრუნება და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაავალა, აღნიშნული გადაწყვეტილება გაერთიანებამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, ამ უკანასკნელმა დაწესებულების საჩივარი მხოლოდ ერთ პუნქტში დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა სააპელაციოს გადაწყვეტილებას  უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, უზენაესმა კი ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

SKNEWS