„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების უკანონო მშენებლობები ბაკურიანში

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების უკანონო მშენებლობები ბაკურიანში

მასალა მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტ, ნუკა სტეფნაძის მიერ. 

 

ბაკურიანში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირის, ბესიკ ფილაურის ძმის კომპანია 2018 წელს უკანონოდ აშენებული კოტეჯებისთვის, 4 წლის შემდეგ დააჯარიმეს. ტყის პირველ ზოლში, ჯერ მშენებლობა დაიწყეს და შემდეგ მიიღეს ნებართვა „ოცნების“ შემწირველების კომპანიებმა „თრიალეთმა“ და „მწვანე ველმაც“. ახალციხის რაიონული სასამართლო დაჯარიმებული ათობით პირის საქმეს განიხილავს. უკანონო მშენებლობები იმდენად მასშტაბურია, რომ ხშირად მათთვის არც ჯარიმის გადახდა წარმოადგენს პრობლემას.

„უკან მიდევნებული ლამპარი“

შპს “ფილა” ერთ–ერთია, რომლის საქმეც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, ამჟამად მხარეები მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. როგორც გავარკვიეთ კომპანიამ 2018 წელს კურორტზე კოტეჯები უკანონოდ ააშენა და შემდეგ გაყიდა. აღნიშნული შპს, ბორჯომის მერიამ, კოტეჯების აშენებიდან თითქმის ოთხი წლის შედეგ, 2022 წელს დააჯარიმა და შენობების დემონტაჟი მოსთხოვა.

შპს „ფილას“ მფლობელი ბესიკ ფილაურია, რომელიც 2017–2020 წლებში „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის უფროსის პოზიცია ეკავა. საყურადღებოა ისიც, რომ ფილაური, ამჟამად ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დასუფთავების სამსახურის“ [რაც თავად დაგვიდასტურა] უფროსია.

შპს „ფილამ“ უკანონო სამუშაოები ბესიკ ფილაურის თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელში დაიწყო, თუმცა ამ პერიოდში (2017–2021 წლები) კომპანია მისი ძმის, მიხეილ ფილაურის მფლობელობაში იყო.

ბესიკ ფილაური საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2022 წლის იანვარში მოექცა, როცა ბაკურიანში პრემიერის ცოლისთვის ტყის გადაცემის გასაპროტესტებლად ასულ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს კონტრაქცია გაუმართა და ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბორჯომის მერიამ დაჯარიმება მას შემდეგ დაიწყო, რაც შპს „ფილამ“ კოტეჯები ააშენა და გაყიდა კიდეც.

„ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ადვოკატის განმარტებით, შპს „ფილა“ დაჯარიმდა იმიტომ, რომ მითითების მიუხედავად, კომპანიამ ბორჯომის მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია არ წარადგინა, აღნიშნულის შესახებ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააგენტო ბაკურიანში ერთი წლის წინ შეიქმნა, ამჟამად სწორედ ეს უწყება ახორციელებს მშენებლობებზე ზედამხედველობას.

„კომპანიის წარმომადგენელი საქმის განხილვისთვის მერიაშიც დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა. გამომდინარე იქიდან, რომ შპს–მ სამართალდარღვევა არ გამოასწორა, მერიამ მიიღო მისი დაჯარიმების გადაწყვეტილება და უკანონოდ აშენებული მშენებლობის დემონტაჟი“, – განაცხადა 2023 წლის დეკემბერში გამართულ სასამართლო პროცესზე სააგენტოს წარმომადგენელმა.

დიდველის ტერიტორიაზე შპს „ფილას“ მიერ აშენებულ კოტეჯებს ამჟამად სხვა მესაკუთრეები ჰყავთ. კომპანიის ადვოკატის, ალექსანდრე პაპაშვილის განმარტებით, მისთვის გაუგებარია 2019 წლამდე წარმოებულ მშენებლობაზე, ახლა რატომ აჯარიმებენ, მაშინ როცა საქმეს ხანდაზმულობის ვადაც გასული აქვს.

„ჩვენ ვთვლით, რომ კანონმდებლობა არ გვაქვს დარღვეული, რადგან მშენებლობა განხორციელდა 2019 წლამდე. შპს „ფილას“ მიერ აშენებულ 10 კოტეჯს 2018 წლის 17 ოქტომბერს საკუთრების სტატუსი აქვს მინიჭებული, სახელმწიფომ დაარეგისტრირა. ბორჯომის მერიას მხოლოდ 2022 წელს გაახსენდა, რომ ჩემს მარწმუნებლებს თურმე უკანონო შენობა–ნაგებობა ჰქონდათ“, –თქვა პაპაშვილმა პროცესზე.

მოქალაქეები, რომლებმაც კოტეჯები შეიძინეს, აცხადებენ, რომ ქონების შესყიდვის დროს, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, პრობლემა არ შეჰქმნიათ, ეს ფაქტორი სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს:

„მე ეს ბინა, რომ შევიძინე, საჯარო რეესტრში, ყველაფერი წესრიგში იყო, არც არავის უხსენებია, რომ მსგავსი პრობლემა შეიძლება წარმოქმნილიყო, სახლი ისე შევამოწმე, რომ ბუხარიც კი ანთებული იყო, ტელევიზორი ჩართული. სად იყო ზედამხედველობა მაშინ? როცა მშენებლობა დამთავრდა ყველა ეტაპი გაიარა, დარეგისტრირდა, ყველაფერი გაიყიდა? წლების შემდეგ როგორ ვეჯახებით ამ პრობლემას“,– განაცხადა ერთ–ერთმა დაზარალებულმა.

ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალციხის რაიონული სასამართლო.

დაჯარიმების საკითხზე „სამხრეთის კარიბჭე“ ორივე ძმას დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს.

„ბობოლინოები“

ძმებ ფილაურების მსგავსად, ბაკურიანში უკანონო მშენებლობა აწარმოვა, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირმა, ლაშა გოგოლაძემ.

კომპანიის დირექტორს ლაშა გოგოლაძეს და მის ძმას გიორგი გოგოლაძეს ბაკურიანში „ბობოლინების“ სახლით ცნობენ. ამ სახელწოდებით – შპს „ბობოლინო“ – 2015 წელს, ერთ-ერთმა ძმამ, ლაშა გოგოლაძემ კომპანიაც დააფუძნა.

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების თანახმად, ძმები ბაკურიანში ჯამში დაახლოებით 10 ჰა მიწას ფლობენ. ტყის პირველ ზოლში ლაშა გოგოლაძის კომპანიებს 15–ზე მეტ სასტუმრო, ან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აქვს აშენებული. გარდა აღნიშნულისა, შენობების ნაწილი კურორტის ერთ–ერთ პრესტიჟულ ადგილზე – აღმაშენებლის და წაქაძის ქუჩებზე მდებარეობს. ლაშა გოგოლაძე ბაკურიანში ე.წ. 25–ანების საბაგიროსაც ფლობს.

ერთ–ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ტყის პირველ ზოლში მიწის ნაკვეთები აქვს ლაშა გოგოლაძის შპს „არქტურია“.

შპს „არქტურს“ 5 შვილობილი კომპანია აქვს, რომლებიც შპს „არქტურის“ მსგავსად მიწის ნაკვეთებს ყიდულობენ, მშენებლობებს იწყებენ და შემდგომ ბინებს ყიდიან.

შპს „არქტური“ ლაშა გოგოლაძემ 2016 წლის აპრილში იყიდა. აღნიშნულ კომპანიაში (რეორგანიზაციამდე) 45% წილს გიორგი (გოგი) თოფაძე ფლობდა, რომელიც მერვე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო. მან სხვადასხვა დროს აღნიშნული პარტიის ანგარიშზე 180 000 ლარი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა გოგოლაძეა დირექტორი გოგი თოფაძის (15%) შპს „ქართუ უნივერსალის“ შვილობილი კომპანიის შპს „თრიალეთი +“ის.
15 000 ლარით „ქართული ოცნების“ შემწირველია ლაშა გოგოლაძის კიდევ ერთი ბიზნესპარტნიორი გიორგი აზარიაშვილი, რომელთან ერთადაც შპს „გარეჯი 2022“-ში 50% წილს იყოფს.

ლაშა გოგოლაძე ჯამში 12 სხვადასხვა კომპანიაში ფლობს წილებს, ან ხელმძღვანელობს. მან მმართველ პარტიას, [„ქართულ ოცნებას“] 2023 წლის 6 ოქტომბერს 60 000 ლარი შესწირა. მანამდე კი კურორტზე უნებართვო სამუშაოები მისმა ერთ–ერთმა კომპანიამ შპს „მწვანე ველი 22“–მა აწარმოა. კომპანია 2022 წელს დააფუძნა და თავად არის 100%–იანი წილის მფლობელიც.

უკანონო მშენებლობისთვის ბორჯომის მერიამ, გოგოლაძეების ორი კომპანია „მწვანე ველი“ და შპს „თრიალეთი “ დააჯარიმა.

იურისტი, ნათელა გოგოლაძე ფაქტს გვიდასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი კომპანიები არა მშენებლობისთვის, არამედ მშენებლობის დასაწყებად მიწის გათხრის გამო დააჯარიმეს.

„მწვანე ველი“ არის შპს „არქტურის“ შვილობილი კომპანია. რაც შეეხება ჯარიმას, ეს იყო ჩვენი ბრალეულობა. იქიდან გამომდინარე, რომ ბაკურიანი არის მაღალმთიანი ზონა და ზამთარი იწყება ძალიან ადრე ამიტომ, ნებართვის მიღებამდე, ერთი თვით ადრე დავიწყეთ სამუშაოები. ეს იყო ძირითადად მიწის სამუშაოები და კანონის გათვალისწინებით დავჯარიმდით“,– ამბობს ნათელა გოგოლაძე.

ნათელა გოგოლაძის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას ყველა პრობლემა მოგვარებული აქვს. შპს „მწვანე ველზე“ მდებარე სამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მშენებლობის ნებართვა 2022 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და 2023 წლის დასაწყისში მიიღეს.

რაც შეეხება ჯარიმას, ბორჯომის მერიაში გასაჩივრეს, თუმცა ნებართვის მიღების შემდგომ დავა აღარ გააგრძელეს: „მოხდა ისე, რომ მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროში შეთანხმდა, წერილი უკვე არსებობდა და სსიპ–მა ნებართვა გასცა. შევწყვიტეთ საქმე და ჯარიმა გადავიხადეთ“,– გვითხრა მან.

“მუნიციპალიტეტის სერვისების განვითარების სააგენტოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სამი კორპუსიდან მშენებლობის მხოლოდ ერთზე აქვთ, რომელიც 2023 წელს 24 იანვარს მიიღეს. ორის შემთხვევაში კი მხოლოდ “ესკიზის წინასწარი შეთანხმების დოკუმენტია” ატვირთული, აღნიშნული ვებ–გვერდით, თუ ვიმსჯელებთ, მშენებლობის ნებართვები არ არის გაცემული. (ერთი კორპუსის ესკიზი 2022 წლის 22 ივნისს არის ატვირთული, მეორესი კი ამავე წლის 22 აგვისტოს).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანია 2022 წლის 22 ნოემბერს მსურველებს უკვე სთავაზობდა “მწვანე ველის გამორჩეულ დასახლებაში” ბინის შეძენას. ტექსტს თან ერთვის ვიდეო, სადაც ჩანს თითქმის დასრულებული მშენებლობა.

საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, მხოლოდ ესკიზის საფუძველზე კომპანიას მშენებლობის დაწყების უფლება არ ჰქონდა.

შპს „თრიალეთი“

სამშენებლო სამუშაოები ნებართვის მიღებამდე დაიწყო ლაშა გოგოლაძის კიდევ ერთმა კომპანია – შპს „თრიალეთმაც“.

„კი, გვქონდა კიდევ ერთი შემთხვევა [საუბარია გოგი თოფაძის ყოფილ საკუთრებაზე], იქაც ჯარიმა გადავიხადეთ და შემდეგ გავაგრძელეთ სამუშაოები. ნებართვის მიღებამდე გაჩერებულები ვიყავით, აქაც მიწის სამუშაოები იყო მხოლოდ“,– ამტკიცებს ნათელა გოგოლაძე.

იგი თავადვე გვიდასტურებს, რომ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ და ბორჯომის მერია მშენებლობების ნებართვებს არ აჭიანურებს და დროულად გასცემს.

რაც შეეხება ლაშა გოგოლაძის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შეწირვას, ამბობს რომ ეს მათ პრივილეგიას არ ანიჭებს.

ბაკურიანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში გააქტიურებული მშენებლობების გამო კურორტმა იერსახე დაკარგა. მიუხედავად ამისა, საჯაროდ უკანონო მშენებლობებზე საუბარი არ სურთ.

„არ მომწონს ამდენი მშენებლობა, არც სათიბი დატოვეს, არც ტყე. თავის დროზე, როცა მიწა რიგდებოდა მე არ მომცეს. აქ ვინც იშენებს თბილისელები და პარლამენტის წევრები არიან. ააშენებენ აბა რა იქნება, ხელს რა შეუშლის?!“,–გვითხრა ერთ–ერთმა ადგილობრივმა.

ტყეში დაწყებული მშენებლობები არ მოსწონს ადგილობრივ ლიანა გვარამაძესაც: „მე რომ ამ უბანში გადმოვედი საცხოვრებლად 1991 წელს, სულ სამი სახლი იყო. დამსვენებლები, რომლებიც წლებია დადიან, ამბობენ, რომ ბაკურიანმა იერსახე დაკარგა“,– ამბობს იგი.

კურორტზე უკანონო მშენებლობების და გაცემული ნებართვების შესახებ ინფორმაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან და “ბაკურიანის განვითარების სააგენტოდან” გამოვითხოვეთ, თუმცა უშედეგოდ, მერიამ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა, სააგენტომ კი მხოლოდ სტატისტიკა მოგვაწოდა. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭემ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საჩივარი შეიტანა.

საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, ბორჯომის მერიამ საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი დაარღვია. მისივე თქმით, ინფორმაციის დამალვა შესაძლოა მიანიშნებდეს რაიმე კორუფციულ გარიგებებსაც.

„როდესაც საჯარო დაწესებულება ამ დოზის ფარავს და არ ამხელს ინფორმაციას, რომელიც უნდა იყოს საჯარო, რა თქმა უნდა ჩნდება კითხვები. რამდენად სწორად საქმიანობს საზედამხედველო, ასევე ნებართვის გაცემის პროცესში თვითონ მუნიციპალიტეტი. ხომ არ იკვეთება გარკვეული კორუფციული გარიგებები იმ ფონზე, როცა დიდი რაოდენობის მშენებლობები მიმდინარეობს. კარგი იქნება თუ ამ საქმიანობით – მშენებლობის ნებართვის გაცემის და ზედამხედველობის ნაწილში შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან “,– განაცხადა ქეთი ბებიაშვილმა.

„ბაკურიანის განვითარების სააგენტოსგან“ მიღებული ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში კურორტზე 117 სამშენებლო სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათგან 45 დააჯარიმეს. 19 შემთხვევაში მოქალაქემ დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივრა

 

ვინ არის პასუხისმგებელი ბაკურიანში ქაოტურ მშენებლობებზე

მენაშენთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის და არქიტექტორის, ირაკლი როსტომაშვილის განმარტებით ბაკურიანში ქაოსურ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეებს, მოსამართლეებს და არქიტექტორებსაც ეკისრება. პრობლემა კომპლექსურად არის გადასაჭრელი.

„თავის დროზე ბაკურიანში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, აშენებდა ყველა ვისაც რა და როგორ უნდოდა. ზუსტად ამან გამოიწვია ის პრობლემა, რომ კურორტზე მუდამ საცობია. მე მგონია, რომ ცოტა განუკითხაობისკენ არის წასული სიტუაცია. მოქმედი და წინა ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებს. ანუ ეს არის კომპლექსური პრობლემა და ამ პრობლემას ჰქვია ქართველების მენტალიტეტი – არაკეთილსინდისიერი მერი, არაკეთილსინდისიერი მოსამართლე, არაკეთილსინდისიერი მშენებელი, მეზობლები, რომლებიც ფულს აიღებენ და მერე ჩუმდებიან“,– ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

ურბანისტი ირაკლი ჟვანია, კურორტში არსებულ პრობლემებზე ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა – „ეს ბაკურიანი გახეთქვამდე რომ არის მისული დაუფიქრებელი მშენებლობებით, მის ირგვლივ შესანიშნავი სოფლები საერთოდ მიგდებულია – მიტარბი, ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, ლიბანი, ცემი, წაღვერი… ბაკურიანის ასე გატენვას ჯობდა ამ სოფლებში გადანაწილებულიყო დატვირთვა და აწყობილიყო გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მოდერნიზებული კუკუშკით, ავტობუსებით, „შატლებით“, მარხილებით… მაგრამ არ გვიყვარს ჩვენ ფიქრი, შორს გახედვა, დაგეგმვა და მომავალზე ზრუნვა. დღეს გვინდა ყველაფერი და მარტო ჩვენთვის. ხოდა აგერ ბატონო დაარეგულირა ბაზარმა“.

ბაკურიანში ქაოსურ მშენებლობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა.

„დაბა ბაკურიანს ფაქტობრივად არ გააჩნია ხედვა, რა ტიპის დასახლება უნდა იყოს ტურისტული თვალსაზრისით. როგორ უნდა მოემსახუროს იქ ჩასულ ვიზიტორებს. მსგავს გეგმასა და ხედვაზე არ მუშაობს ხელისუფლების პირველი პირები. მათ მხოლოდ პირად კომფორტი აინტერესებთ. სამართალს ვერ მიაღწევ ვერ სასამართლოს გზით, რადგან მთლიანად სასამართლო არის მურუსიძის ხელში, მურუსიძე კი ბიძინა ივანიშვილის ხელში“,–აცხადებს ფარულავა.

ცნობისთვის, ქრთამის სანაცვლოდ, ბაკურიანში მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მფარველობისთვის ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი 2020 წლის 28 თებერვალს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი.

ლევან ლიპარტიამ კი ამავე მეწარმეს უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც 8000 ლარი მიიღო.

ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7–7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა , საიდანაც ორ წელს საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებდნენ, ხუთი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნებოდათ. ორივეს ჯარიმის სახით 5–5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. თუმცა ყოფილმა მერმა საპატიმრო რამდენიმე თვით ადრე დატოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ლევან ლიპარტიას, პირველი მოადგილე ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილი იყო, ხოლო გოგიჩაიშვილის მოადგილე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მოქმედი მერი ოთარ არბოლიშვილი.

ჯარიმები
ადვოკატი, ალექსანდრე პაპაშვილი ერთ–ერთია მათ შორის, რომელიც ბაკურიანში დაჯარიმებული პირების ინტერესებს სასამართლოში იცავს.

მისი თქმით, უკანონო მშენებლობებზე დაჯარიმების ფაქტები ბოლო პერიოდში გაიზარდა:

„თავის დროზე ბორჯომის მერია ვერ ახდენდა შესაბამის კონტროლს უკანონო მშენებლობებზე. კანონის გამკაცრების შემდეგ, მათ შორის დაიწყეს დაჯარიმება იმ პირების, რომლებმაც უკანონო სამუშაოები 2019 წლამდე აწარმოეს“,– ამბობს ალექსანდრე პაპაშვილი.

ადვოკატის მსგავსად, „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი, ეკატერინე ორჯონიკიძეც გვიდასტურებს, რომ ბორჯომის მერია კურორტში მიმდინარე უკანონო სამშენებლო სამუშაოებზე სათანადო რეაგირებას ვერ ახორციელებდა:

„სსიპ–ის შექმნის მიზანი სწორედ ის იყო, რომ კურორტში ქაოტური და ქაოსური განაშენიანება შეზღუდულიყო. პრინციპში შედეგმაც არ დააყოვნა.

„ბაკურიანის განვითარების სააგენტომ“ სრულყოფილი მუშაობა გასული წლის ივნისში დაიწყო და ამ პერიოდში 117–120–მდე დარღვევა გამოვავლინეთ. მათ შორის დაჯარიმებულია 45 პირი.

ბორჯომიდან ბაკურიანში, რომ ამოხვიდე დაახლოებით 30–40 წუთი მაინც გჭირდება. ვერანაირად ვერ მოახერხებდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიური ზედამხედველობა გაეწია მშენებლობებისთვის, თუნდაც სიშორის გამო“,– განმარტა ორჯონიკიძემ.

ორჯონიკიძის მსგავსად, ბორჯომის მერი, ოთარ არბოლიშვილიც ადასტურებს, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი სათანადო ზედამხედველობას ვერ უზრუნველყოფდა.

„პრობლემა მართლაც სერიოზული იყო. ჩვენც არაერთი საჯარიმო ოქმი გვაქვს შედგენილი. იყო პერიოდი, როდესაც ზედამხედველობას მუნიციპალიტეტი სათანადოდ ვერ ახორციელებდა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში გავაქტიურდით და ყოველგვარი მიკერძოების და ყოველგვარი პრივილეგიების გარეშე ვაჯარიმებთ კანონდამრღვევებს. საკმაოდ დიდ საჯარიმო სანქციებზე გავიდა მოსახლეობა… რადგან სახელმწიფოს კეთილი ნება აქვს და არ ახორციელებს დემონტაჟს სწორედ, ამის გამო მიიღეს საკანონმდებლო დონეზე ამნისტია“,– თქვა მან.

აუქციონი პრემიერის ცოლისთვის

პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს, 2021 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აუქციონის წესით, ბაკურიანში 5 958 კვ.მეტრი ტყე, 49 წლით გადასცა. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აუქციონის მიმდინარეობისას დაინტერესება მხოლოდ ნუნუ თამაზაშვილმა გამოხატა.

“გამარჯვებულმა პირმა, ტყის ფართობი გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით – ტურისტული ინფრასტრუქტურის (დროებითი ტიპის ფანჩატურის) მოსაწყობად. ტურისტული მარშრუტის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში დასაშვებია საფეხმავლო ბილიკების და მსუბუქი კონსტრუქციის მცირე ზომის ფანჩატურების განთავსება ბაკურიანის გენგეგმის შესაბამისად“, – წერია იჯარის ხელშეკრულების პირობებში.

პრემიერის ცოლი ყოველწლიურად იჯარის სახით 6 255 ლარს იხდის.

ამავე გვერდზე ვკითხულობთ, რომ „მოსარგებლე ვალდებულია, გრძელვადიანი ტყით სარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში, შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყით სარგებლობის გეგმა. დაუშვებელია ტყით მოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყით სარგებლობის გეგმის ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე“.

ტყის გადაცემიდან ორი წლის თავზე, ჩვენ დავინტერესდით ასრულებდა თუ არა ნუნუ თამაზაშვილი ხელშეკრულებით ნაკისრ პირობას, თუმცა ვერ გავარკვიეთ, რადგან დაცვამ ტერიტორიაზე შესვლის და გადაღების უფლება არ მოგვცა.

არადა, აუქციონის პირობებში წერია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, სარგებლობა უნდა განხორციელდეს შემოღობვის გარეშე.

„ხომ ხედავთ რომ არაფერი არ არის გაკეთებული და არანაირი სამშენებლო სამუშოები არ მიმდინარეობს, დატოვეთ ტერიტორია“,– გვითხრა დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობა არ გვითხრა.

აუქციონით ნაკისრი პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, კითხვებით მივმართეთ ეროვნულ სატყეოს სააგენტოსაც, თუმცა წერილობიით გამოთხოვილი ინფორმაციაზე პასუხი არ მოგვაწოდეს.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელისგან, ეკატერინე ორჯონიკიძესგანაც.

ღარიბაშვილ–თამაზაშვილების და მისი ოჯახის წევრების მიერ ბაკურიანში ფართების შეძენა და დასაკუთრება ამით არ დასრულებულა. 2023 წლის 10 ივლისს პრემიერის პენსიონერმა სიდედრმა, მაია პაპიაშვილმა 930 კვადრატული მეტრი მიწა სწორედ მისი შვილის [ნუნუ თამაზაშვილის] სახლის და ტყის ფართიდან რამდენიმე მეტრით მოშორებით იყიდა. საინტერესოა ის გარემოება, თუ როგორ მოახერხა პენსიონერმა სიდედრმა აღნიშნული ტერიტორიის შეძენა, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულ პერიმეტრზე მდებარეობს ჩვენთვის უცნობია.

ცნობისთვის, 2021 წლის 28 იანვარს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ბოტკოველმა, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებს მოსთხოვეს ხელი მოეწერათ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლისთვის იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას ითხოვდნენ. სწორედ ამის გამო, ამავე დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. ბორჯომის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა ოპოზიციის ქმედება პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა, რომ სადავო არაფერია, რადგან ნუნუ თამაზაშვილს მიწა კანონიერად გადაეცა.

ენმ–ს წევრები მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილი და მისი ოჯახის წევრები პოლიტიკური გავლენებით და მათზე მორგებული პირობებით ცდილობენ მიწების და ტყეების უკანონოდ დარეგისტრირებას.

„ნუნუკა თამაზაშვილზე ტყის ნაწილის გადაცემის შემდეგ, ჩვენ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მივმართეთ წერილობით რომ მოეწოდებინათ აღნიშნულ ტრანზაქციებთან და ყველა ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუმცა სააგენტომ არ გადმოგვცა ის მნიშვნელოვანი მატერიალური მტკიცებულებები, რომელიც მოგვცემდა საშუალებას სასამართლოს გზით გაგვესაჩივრებინა. ეს კიდევ ერთი კლასიკური ნიმუშია იმის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავის ძალაუფლებას იყენებს, რომ პირადი კეთილდღეობა უზრუნველყოს. კონკრეტულად ეს ტყის მასივი, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილმა გაიფორმა მდებარეობს მისი საკუთრების მომიჯნავედ, ანუ მიწის ნაკვეთი მიიმაგრა, ასე რომ ვთქვათ ქონების მართვის სააგენტომ ყოველგვარი საკანონმდებლო მოთხოვნების გარეშე გამოიტანა და მიაკუთვნა. იჯარის ის წელი და ის ვალდებულებები რაც წერია აჩენს უამრავ შეკითხვას და საინტერესო იქნებოდა რას იტყოდა სასამართლო, სწორედ ამიტომ გვინდოდა ადმინისტრაციული წესით გაგვესაჩივრებინა, თუმცა ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია დაგვიმალა“,– აცხადებს ენმ–ს წევრი ლაშა ფარულავა.

სამშენებლო ამნისტია – წინასაარჩევნო გათვლა თუ პრობლემის მოგვარების გზა

სამშენებლო ამნისტიაზე ხელისუფლებამ პირველად 2023 წლის 20 ნოემბერს დაიწყო საუბარი.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ამნისტია გავრცელდება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნებართვის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ შენობა-ნაგებობაზე.

„ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მასობრივად არის აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომელზეც არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა ან არ არსებობს სამშენებლო დოკუმენტაცია… ასეთ სახლებში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და მათ აღარ ექნებათ დაჯარიმების ანდა დემონტაჟის რისკი, ისინი სრულად ისარგებლებენ საკუთრების უფლებით, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების რეალიზების კიდევ ერთი ნათელი დასტური იქნება. ეს ინიციატივა არის არამხოლოდ ამნისტია, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას. ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ნებისმიერი ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა, აღნიშნულ ინიციატივას „საარჩევნოდ ამუშავებენ მანქანას“ უწოდებს, მისი თქმით, ამინისტია უკანონო მშენებლობების პრობლმას ვერ მოაგვარებს:

„ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო ედავება აბსოლუტურად სამართლიანად, გამოიყენებენ 2024 წელს დაგეგმილ არჩევნებზე. ყველაფერს აკეთებენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის ძალაუფლება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს, მათ საარჩევნო ყულაბაში აღმოჩნდეს. ჩვენ ცხადია ამ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ვუზიარებთ“,– ამბობს ლაშა ფარულავა.

საიას იურისტი, ქეთი ბებიაშვილი იმ საფრთხეებზე საუბროს, რაც შეიძლება ამნისტიის შემდეგ მივიღოთ.

„მიმდინარე წელი არის საარჩევნო წელი, ძალიან ბევრი “მსგავსი სიახლეები” იქნება ალბათ ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი, სამართლიანი და პასუხობდეს ადამიანის უფლებებს. წარმოდგენილ შემთხვევაში, ინიციატივა, რამდენად უპასუხებს ადამიანის უფლებას, რომ იცხოვროს უსაფრთხო გარემოში და უსაფრთხო საცხოვრებელ სახლში, ეს საკითხი ძალიან კრიტიკულად დგას, რადგან ნებისმიერი უკანონო მშენებლობის უკან არის დარღვეული ნორმები, ამ დარღვეულ ნორმებთან ამნისტია რამდენად არის მიზანშეწონილი საკითხავია. თუ ასეთი შენობა–ნაგებობების ამნისტიაც მოხდა, ჩვენ შეიძლება მივიღოთ “მკვლელი შენობები”. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს, აუცილებლად უნდა იყოს გამორიცხული „მკვლელი შენობები“. ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს და არავითარ შემთხვევაში ფიზიკურ პირს არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა უკანონო მშენებლობაზე“,– თქვა მან.