ხელშეკრულებებს აღარ გვიგრძელებენ – სამცხე–ჯავახეთში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა

ხელშეკრულებებს აღარ გვიგრძელებენ – სამცხე–ჯავახეთში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ააიპ–ებში დასაქმებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, რომ სამსახურების გარეშე დარჩნენ, რადგან 2024 წლის იანვრიდან ხელშეკრულებები აღარ  გაუგრძელეს.  მათი თქმით, მსგავს ვითარებაში ათობით მოქალაქეა.

პრემიერ–მინისტრის ინიციატივით ამოქმედებული „სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის“ ფარგლებში, მოქალაქეები 2022 წლის დასაწყისში დაასაქმეს.

ისინი საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში ძირითადად დასუფთავებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, ნაწილი კი ქუჩებსა და სკვერებს ალაგებდა. ჯამში რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული სამცხე–ჯავახეთში, მათგან რამდენი დარჩა სამსახურის გარეშე 2024 წლის იანვრიდან, ჩვენთვის უცნობია. დასაქმების სააგენტოში განაცხადეს, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირის თქმით, მერის წარმომადგენელმა ის წინასწარ გააფრთხილა, რომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებოდა.

„მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით, თავიდან, როცა დაგვასაქმეს, გვითხრეს რომ სამსახური 4 წლის განმავლობაში გვექნებოდა, მაგრამ ახლა გამგებელმა გვითხრა, რომ ერთ–ერთი უნდა დავრჩენილიყავით, ამიტომ ჩემი მეუღლე რჩება სამუშაოდ მე ვეღარ“, – გვეუბნება ერთ–ერთი ადგილობრივი.

იგი ერთი  წლის განმავლობაში მუშაობდა, მისი მოვალეობა შიდა ქუჩების დასუფთავება იყო.

რა მიზეზით აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულებები სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ამის გასარკვევად, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის რწმუნებულს, ნოდარ ბაბელაშვილს დავუკავშირდით.

,,არ არის იმის საშუალება, რომ ყველა დავასაქმოთ. ასფალტირებული გზები არაა საკმარისი ყველა მათგანის დასასაქმებლად“, – გვითხრა მან.

ჩვენს კითხვაზე, რომ მაშინ, რატომ დაასაქმეს 2023 წელს იმაზე მეტი კადრი, ვიდრე რეალურად საჭირო იყო სოფელში, არ გვპასუხობს:

„მე არც ხელშეკრულება დამიწერია და არც გამიუქმებია, მიბრძანდით მერიაში და გაარკვიეთ, მე მეტი არაფერი ვიცი“, –გვითხრა ნოდარ ბაბელაშვილმა.

„სამხრეთის კარიბჭე“ ასპინძის მერს, როსტომ მაგრაქველიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარზე უარი გვითხრა, „არ მცალია, თათბირზე ვარ“.

სამსახურის გარეშე დარჩა არაერთი ადამიანი ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. ისინიც სხვების მსგავსად სკოლებში, ბაღებსა და მუნიციპალიტეტის სხვა ააიპ–ებში იყვნენ დასაქმებულები.

„ფერსის ბაღში სოციალურად დაუცველები დასაქმებულები რომ ვიყავით გაგვათავისუფლეს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ერთ–ერთმა მოქალაქემ.

კიდევ ერთი მოქალაქე წერს, რომ ხელშეკრულება ისევ გაუგრძელდა და  მუშაობს.

„თითქმის 2 წელი ვიმუშავე, ახლა მეუბნებიან აღარ გვაქვს ვაკანსია და ვეღარ გამუშავებთო, არ ვიცი რა არის მიზეზი“,  – ამბობს ერთ–ერთი მოქალაქე „სამხრეთის კარიბჭესთან“, რომელიც საბავშვო ბაღში მუშაობდა.

კითხვის დასმამდე გაგვითიშა ტელეფონი ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, მარინა მერაბიშვილმა. ჩვენგან განსხვავებით, მოქალაქეებს კითხვებზე სოციალურ ქსელში უპასუხა:

„ბაღებში სოციალურად დაუცველ დასაქმებულებს ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე, ხოლო 2024 წლის იანვრის თვეში გამოცხადდება ახალი ვაკანსიები საჭიროებისამებრ ბაღების მიხედვით და ისევ დასაქმდებიან სოციალურად დაუცველები!“, – დაწერა 27 დეკემბერს მერაბიშვილმა „ახალციხელების ჯგუფში“.

რადენი ადამიანი იყო დასაქმებული ახალციხის ააიპ–ებში და რამდენ მათგანს აღარ გაუგრძელდა ხელშეკრულება, ამის გასარკვევად ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, ია გოგატიშვილს დავუკავშირდით, მან გვითხრა, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ. პრესსამსახურის წარმომადგენელს მერთან შეხვედრის შეთანხმებაც ვთხოვეთ, თუმცა გვითხრა რომ “ვერ მოხერხდებოდა”.

“რეგულაციების შესაბამისად ხდება შტატების დაშვება. მაგალითად, რამდენ კვადრატულ მეტრზე რამდენი მეეზოვეა საჭირო. ამ რეგულაციების დაზუსტება დასაქმეების სააგენტოს მხრიდან მოგვიანებით მოხდა. მათ რომ კითხოთ ამომწურავ პასუხს მიიღებთ”, – გვითხრა ია გოგატიშვილმა.

რამდენი სოციალურად დაუცველი იყო დასაქმებული სამცხე–ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში და რამდენს აღარ გაუგრძელდა ხელშეკრულება, ასევე რას გულისხმობს ახალი რეგულაცია, ჩვენთვის უცნობია. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა სამცხე–ჯავახეთში, მარიამ მაღრაძემ გვითხრა, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

,,სოციალურად დაუცველებთან გაფორმებული ხელშეკრულება სტანდარტულად ერთწლიანი იყო. იგი ყველა ბენეფიციართან ყოველ წლის 1–ელ იანვარს ფორმდება და დეკემბერში სრულდება. ახალი სამუშაო წლის დასაწყისში კი ყველა მათგანთან ხელახლა იდება ხელშეკრულება, კვლავ ერთი წლის ვადით“, –განმარტავს მარიამ მაღრაძე.

ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია როდის და რამდენ პოზიციაზე გამოაცხადებენ მუნიციპალიტეტები ვაკანსიას და ექნებათ თუ არა შესაძლებლობა იმ პირებს დასაქმება, რომლებსაც ხელშეკრულების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოეწურათ.

აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ სურთ ადიგენის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერებსაც.

ცნობისთვის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შრომის ანაზღაურება თვეში 300 ლარს შეადგენს. დასაქმების პროგრამა 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

მარიამ მაღრაძის განმარტებით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიუხედავად, მოქალაქეს სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება:

“სამსახურიდან გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მათ ყოველთვიური შემწეობა შეუწყდებათ, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიუხედავად, ყველას უნარჩუნდება სოციალური დახმარება”, – ამბობს იგი.

SKNEWS