საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში ფიქსირებული 100 მეგაბაიტ/წამის სიჩქარის ინტერნეტი ფიზიკური პირი აბონენტების მხოლოდ 1%-ს აქვს .
comcom-მა საქართველოს და ევროპის 24 ქვეყნის კომუნიკაციების სექტორის ფასების შედარებითი კვლევის დოკუმენტი გამოაქვეყნა. ანგარიში მარეგულირებლის დაკვეთით კომპანია techinsights-მა ჩაატარა. ანგარიშის თანახმად, საქართველოში მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მცირეა, რაც სატელეკომუნიკაციო კომპანიების მხრიდან ამ კატეგორიის სერვისზე დაწესებული მაღალი ტარიფით არის განპირობებული.
“აბონენტების უმეტესობა საქართველოში, ირჩევს დაბალსიჩქარიან მომსახურებას, რადგან მაღალსიჩქარიანი მომსახურება ძალიან ძვირია. 2022 წლის ბოლოს, აბონენტების მხოლოდ 1% მოიხმარდა 100 მბ/წმ და უფრო მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებას (კომბინირებული მომსახურებების ჩათვლით), ხოლო ევროპაში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ, 55%-ს უტოლდება და მერყეობს 20%-სა (საბერძნეთი) 87%-ს (ესპანეთი) შორის (DESI 2023 Indicators, EC Europa)). მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ასეთი დაბალი მოხმარება საქართველოში, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მაღალი ფასებით. საქართველოში ასეთი მაღალი ფასების შენარჩუნების შემთხვევაში, აბონენტების მიერ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მოხმარების ზრდა ნაკლებ მოსალოდნელია.
ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი, 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში 17%-ით იაფია. მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ინტერნეტზე კი საქართველოში ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე 136%-ით მეტია”, – ნათქვამია კვლევაში.