M ახმეტელისა და M ვარკეთილის მიმდებარედ კომერციული ფართები რუსთაველის გამზირზე მეტად მოთხოვნადია – Sakura Properties

M ახმეტელისა და M ვარკეთილის მიმდებარედ კომერციული ფართები რუსთაველის გამზირზე მეტად მოთხოვნადია – Sakura Properties

„საკურა ფროფერთის“ დამფუძნებლის ვიქტორია საკუროვას თქმით, თბილისში არსებული კომერციული ფართები მოთხოვნის მხოლოდ 60%-ს აკმაყოფილებს. საკუროვა ამბობს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია მოთხოვნა M ახმეტელისა და M ვარკეთილის მიმდებარედ არსებულ მთავარ ქუჩებზე, სადაც კვ.მ-ის ფასი 25-30$-მდეა გაზრდილი. შედარებისათვის, რუსთაველის გამზირზე არსებული კომერციული ფართების ფასი 35-40$-მდე მერყეობს.

„გასულ წელს ვამბობდი, რომ კომერციული უძრავი ქონების დეფიციტია, წელს ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გამწვავებულია. ეს არის ოფისები, სავაჭრო ფართები, კვების ობიექტები და სხვა. არსებული მოთხოვნის 60%-ს ვერ ვაკმაყოფილებთ. საოფისე მიმართულებაში მოთხოვნა უფრო პრემიუმ სეგმენტზე, განსაკუთრებით დიდ ფართებზე – 1000კვ.მ და მეტი, ასეთი ოფისების პოვნა ცენტრალურ უბნებში თითქმის შეუძლებელია.

სავაჭრო ფართების მხრივ მნიშვნელოვნად გაზრდილია მოთხოვნა ვარკეთილში და გლდანში. საინტერესოა, რომ რუსთაველზე უფრო მეტად მოთხოვნადია დღეს ამ ორი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია, ფასი კი ძალიან უახლოვდება რუსთაველს.

ხიზანიშვილისა და ჯავახეთის ქუჩებზე კვ.მ-ის ფასი 25-30$-ს აღწევს, რუსთაველზე კი 35-40$ ღირს გადასახადების გარეშე. ვარკეთილის მეტროსთან უფრო რთულია ნორმალური ფართის მოძიება, ვიდრე რუსთაველზე. ამ ყველაფრის ახსნაა მოსახლეობის ტრაფიკი. გვერდითა ქუჩებზე შეიძლება 10$-ით იაფი ღირდეს, თუმცა მეტროს მიმდებარედ ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ასეთი აქტიურობა წინა წლებში არ იყო, რაც დღეს არსებობს.

ყველაზე მოთხოვნადი კომერციული მიმართულებით არის მეტრო ახმეტელი, მეტრო ვარკეთილი, რუსთაველი, პეკინი, ცინცაძე, მიცკევიჩი, ყაზბეგი და ლესელიძე, ლესელიძე ყველაზე ძვირი ქუჩაა თბილისში. ფასი ამ ადგილებში იწყება 25$-იდან და ადის 40$-მდე“, – განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში Sakura Properties დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ.

BMG