ინდოეთის ოკეანის კუნძულ მაურიტიუსზე ტროპიკულმა ციკლონმა მწვავე წყალდიდობა გამოიწვია და მინიმუმ ერთი ადამიანი იმსხვერპლა – ამის შესახებ Euronews იტყობინება. გამოცემის ცნობით, წყალდიდობას მოტოციკლეტის მძღოლი ემსხვერპლა, რის შემდეგაც მთავრობამ კომენდანტის საათი დააწესა.
ბრძანების თანახმად, ნებისმიერი ადამიანი, გარდა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პერსონალისა, სახლში უნდა დარჩეს შემდგომ ინსტრუქციამდე. დაიხურა სკოლებიც, საავადმყოფოებში კი მხოლოდ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტები ფუნქციონირებს. გაუქმდა ფრენებიც.
სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ციკლონების სეზონი იანვრიდან იწყება და მარტის ჩათვლით გრძელდება – სწორედ ამ დროსაა სამხრეთ ნახევარსფეროში ოკეანეები ყველაზე თბილი, წყლის მაღალი ტემპერატურა კი ციკლონის მაპროვოცირებელია. თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანების მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება ექსტრემალურ ამინდს კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის, რის გამოც ციკლონის მსგავსი ბუნებრივი მოვლენები კიდევ უფრო გახშირდება.
ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები კი ადასტურებს, რომ კავშირი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მასშტაბურ სტიქიებსა და გლობალურ დათბობას შორის ნამდვილად არსებობს. World Weather Attribution Group-მა 2022 წელს კომპიუტერული სიმულაციით სხვადასხვა სცენარი შეისწავლა, თუ რამდენად ინტენსიური იქნებოდა ციკლონების წარმოქმნა, თუ პლანეტის საშუალო ტემპერატურა სხვადასხვანაირად გაიზრდებოდა.
სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მასშტაბური და მომაკვდინებელი შტორმი 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც ინდოეთის ოკეანის ციკლონ “ოდაის” მოზამბიკში, მალავისა და ზიმბაბვეში ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.