მანქანების უცხოეთიდან ჩამოყვანის ცრუ დაპირებით მოქალაქე 653 181 ლარს დაეუფლა –პროკურატურა

მანქანების უცხოეთიდან ჩამოყვანის ცრუ დაპირებით მოქალაქე 653 181 ლარს დაეუფლა –პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელმაც ინტერნეტ სივრცეში ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა და მოტყუებით მოქალაქეებისგან 653 181 ლარი მიითვისა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 30 იანვარს, შპს ,,კავკასიის სატრანსპორტო კომპანია 2019“ დააფუძნა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, კომპანიის სახელით, ინტერნეტ სივრცეში ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. ბრალდებულმა მოქალაქეებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, შერჩეული ავტომანქანების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღო. ამ გზით ბრალდებული 653 181 ლარის ოდენობით თანხას დაეუფლა, რის შემდეგაც მიიმალა”,-ვკითხულობთ განცხადებაში.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.

SKNEWS