აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვა რეკორდულ $2 მილიარდამდე გაიზარდა – მიზეზები

აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვა რეკორდულ $2 მილიარდამდე გაიზარდა – მიზეზები

საქართველოს 21.5 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. ქვეყნის დასავლელი პარტნიორი ქვეყანა TOP-3 სავაჭრო მიმართულებას შორის მოხვდა და მთლიან ვაჭრობაში 9.5%-იანი წილით თურქეთისა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 046 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც აშშ-სთან ვაჭრობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. შესაბამისად, ამერიკასთან ექსპორტ-იმპორტი 2023 წელს ჯამურად 60.1%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკასთან მთავარი სავაჭრო საქონელი, რამაც გასულ წელს ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია მსუბუქი ავტომობილებია. სავაჭრო პარტნიორობის დიდი ნაწილი – 95.2% იმპორტზე მოდის. გასულ წელს ამერიკიდან საქართველომ 1 მილიარდ 949 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც 2022 წლის იმპორტს 92.5%-ით აღემატება.

ამერიკიდან კი საქართველომ გასულ წელს ძირითადად მსუბუქი ავტომობილები შეიძინა. იმპორტში ამ დასახელების საქონელს 94% უკავია. გასულ წელს აშშ-დან ავტომობილების იმპორტის ღირებულება გაორმაგებულია. ხოლო რაოდენობრივად ქვეყანაში ამერიკიდან 147 892 ავტომობილი შემოვიდა, 43 209 ავტომობილით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.

ამ საქონლის გარდა აშშ-დან საქართველო შემდეგი დასახელების საქონელს ყიდულობდა. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები – $1.8 მლრდ, 147 892 ცალი;
  2. ნახმარი ტანსაცმელი და სხვა ნაწარმი – $7.1 მლნ, 480 ტონა;
  3. თხილი და სხვა კაკალი – $5.9 მლნ, 2 097 ტონა;
  4. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – $5.8 მლნ, 102 ტონა;
  5. თევზი გაყინული – $4.7 მლნ, 2 003 ტონა;
  6. პოლიმერები ვინილქლორიდისა ან სხვა ჰალოგინირებული ოლეფინებისა – $4.5 მლნ, 5 318 ტონა;
  7. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის – $4.5 მლნ, 4 854 ტონა;
  8. მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები – $4.3 მლნ;
  9. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი – $4.1 მლნ, 103 ტონა;
  10. სატვირთო ავტომობილები – $3.3 მლნ;

რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს ამერიკაში საქართველოდან საქონლის გატანის მაჩვენებელი 63.4%-ით შემცირდა. კლება აშშ-სთან წლების განმავლობაში მთავარი საექსპორტო საქონლის – ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირებითაა განპირობებული. 2023 წელს ამერიკის მიმართულებით ამ კონკრეტული საქონლის გატანის მაჩვენებელი 70.3%-ით შემცირდა.

ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. ფეროშენადნობები – $69 მლნ, 58 574 ტონა;
  2. ყურძნის ნატურალური ღვინოები – $5.6 მლნ, 906 ტონა;
  3. ხილისა და ბოსტნეულის წვენები – $3 მლნ, 2 167 ტონა;
  4. ეთილის სპირტი არადენატურირებული – $2.2 მლნ, 539 ტონა;
  5. საფრენი აპარატების ნაწილები – $1.6 მლნ, 2 ტონა;
  6. მინერალური და მტკნარი წყლები – $1.3 მლნ, 2 543 ტონა;
  7. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები – $1.3 მლნ, 101 ტონა;
  8. სამშენებლო ნაწარმი ხისა – $1.2 მლნ, 271 ტონა;
  9. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან – $1.1 მლნ; 420 ტონა;
  10. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული – $1 მლნ, 869 ტონა;

BMG