მანქანაში რომ შემაგდეს, ხუთიდან სამი პოლიციელი არაადეკვატური გახდა – გელა მთივლიშვილი

მანქანაში რომ შემაგდეს, ხუთიდან სამი პოლიციელი არაადეკვატური გახდა – გელა მთივლიშვილი

ფოტო:რადიო თავისუფლება

თბილისში, კეკელიძის N1–ში, აღსრულების ბიუროს მიერ ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი განცხადებით, პოლიციამ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„მანქანაში რომ შემაგდეს, ხუთიდან სამი პოლიციელი არაადეკვატური გახდა, როცა კატეგორიულად მოვითხოვე დაკავების მიზეზის, საფუძვლების განმარტება და ადვოკატთან დარეკვა. უკანა სავარძლიდან ერთი გადმოხტა, მეორე გვერდით მყავდა და მახრჩობდნენ. სხვა არაფერი ჰქვია მათ არაადამიანურ ქმედებას. სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დამჭირდა და სასწრაფო არ გამოიძახეს. 40 წუთი პოლიციის მანქანაში ვყავდი დატყვევებული. მერე ბრძანება მიიღეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში წამიყვანეს. პირველ ეტაპზე იქაც დამამცირეს პოლიციის დეტექტივებმა – პროვოკატორი, მოაშორეთ, ინტრიგანი – ეს და მსგავსი სიტყვები არ დაიშურეს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოიძახეს ექიმი, უკვე სამმართველოში, რომელმაც დახმარება გამიწია“,–იხსენებს გელა მთივლიშვილი.

გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 20 პირი დააკავა, მათგან 18 ადმინისტრაციული წესით, ორი კი სსკ–ს 187–ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

გამოსახლების პროცესს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხდარზე განცხადებას ავრცელებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციის განმარტებით, ადგილზე მუშაობის ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს.

„ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც აკრძალავდა ზამთრის ან ღამის პერიოდში გამოსახლებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. გარდა ამისა, გამოსახლების პროცედურას დაქვემდებარებული არაერთი შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ძირითადად იგნორირებულია გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების მოწყვლადობის შეფასება, მათ შორის, ოჯახის უსახლკაროდ, ქუჩაში დარჩენის რისკები.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ასევე, არის სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მინიმალური გარანტიები. კერძოდ, იძულებითი გამოსახლება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და აუცილებელია იგი განხორციელდეს კანონის, ადამიანის უფლებისა და გონივრულობისა და პროპორციულობის ზოგადი პრინციპების ზედმიწევნით დაცვის შესაბამისად. ამას გარდა, ადეკვატური დაცვის გარეშე პირის იძულებით გამოსახლება არ შეესაბამება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ პაქტის მოთხოვნებს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა). ამასთან, ზოგიერთი აქტიური თუ პასიური საშუალების, როგორც საპოლიციო ძალის გამოყენება ასეთ ვითარებაში, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით“,–ვკითხულობთ განცხადებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მხრიდან კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით,  გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

SKNEWS