რა ხდება პრემიერ–მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ

რა ხდება პრემიერ–მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ

 29 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა. საქართველოს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ორი კვირა აქვს, რომ ნდობა გამოუცხადოს „ქართული ოცნების“ მიერ წამოყენებულ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს.

საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მიხედვით, გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე, მთავრობის მეთაურის მოვალეობას კი ვიცე-პრემიერი ასრულებს. რაც შეეხება მინისტრებს, ისინი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობენ.

ახლად დაკომპლექტებულ მთავრობაში შესაძლოა ძველი მინისტრებიც ვიხილოთ, ან მინისტრთა კაბინეტის სრულიად ახალი შემადგენლობა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის არსებულ შემადგენლობაში ხუთი მინისტრის შეცვლა იგეგმება, მათ შორის არიან კულტურის მინისტრი–თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი– ჯუანშერ ბურჭულაძე, იუსტიციის მინისტრი– რატი ბრეგაძე, ჯანდაცვის მინისტრი– ზურაბ აზარაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი– ილია დარჩიაშვილი.

რა ხდება პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით,  საქართველოს პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას საქართველოს კონსტიტუციის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის ახალი კანდიდატის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე არ უსაუბრია. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს, რომელიც პარტიის მოქმედი თავმჯდომარეა. თავმჯდომარის პოსტს კი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის პოზიციას 2013–2015 წლებში იკავებდა. მეორე ვადით იგი პრემიერად 2021 წელს დაინიშნა.