ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ საკუთარი ნებით გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან.
ეს უკვე მეორედ მოხდა და მეორედაც მოულოდნელად. პირველად ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წლის ბოლოს გადადგა, მეორედ კი, ახლა, ივანიშვილის პოლიტიკაში „მესამედ მოსვლიდან“ ზუსტად ერთ თვეში.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ღარიბაშვილი პრემიერობიდან გაშვება პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. ცნობილია ისიც, რომ მომავალი პრემიერი დიდი ალბათობით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება. ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
ფორმალური წესი ასეთია: მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ესე იგი, ბიძინა ივანიშვილი, პრემიერობის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭოს წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი პოლიტსაბჭოს თანხმობით წარედგინება პარლამენტს, სადაც უმრავლესობა ასევე „ოცნების“ ხელშია.
რისთვის დასჭირდა ეს გადაადგილება ივანიშვილს? საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენი თვთ ადრე რა სტრატეგია აქვს “ქართულ ოცნებას”?
პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომ პოლიტიკაში მობრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა თამაშიდან გაიყვანა ღარიბაშვილი, მაგრამ არც პოლიტიკურ სიტუაციას მოწყვიტა. მისივე თქმით, “ახლა ისეთი არაფერი ხდება”, რომ აუცილებელი ყოფილიყო ღარიბაშვილის, კობახიძის ან სხვა ნებისმიერი ვინმეს ჩანაცვლება. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, “ივანიშვილმა წინასწარ გააკეთა სვლა” და ფაქტობრივად დაიტოვა ვარიანტი იმის, რომ თუ საჭირო გახდა, გაზაფხულზე ისევ განახორციელოს მთავრობის ცვლილება.
29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. ის პარტიის თავმჯდომარის პოსტს გადაიბარებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანამდე სამთავრობო მედია TV იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” მოქმედ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის თანამდებობა ორჯერ დაიკავა. პრემიერმინისტრის პოსტზე პირველად 2013 წელს დაინიშნა, თუმცა ის ორ წელში, 2015 წელს მოულოდნელად დატოვა. შემდგომში ის ამავე თანამდებობაზე 2021 წლის 18 თებერვალს აქამდე მოქმედი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ წარადგინეს.
ვახტანგ ძაბირაძე: “სამთავრობო ცვლილებებს მოგვიანებით ველოდი, მაგრამ ივანიშვილი, საკმაოდ, ფრთხილი კაცია, ზედმეტად ფრთხილიც. მან ახლა ჩაანაცვლა, ფაქტობრივად „როქი“ გააკეთა. ბუნებრივია, რეალურად არაფერი შეიცვლება, თუმცა ფასადი მაინც შეიცვლება. ეს არის გამოწვეული იმ ვითარებით, რაც დღეს ქვეყანაშია: გაფიცვები, გამოსახლებები და ა.შ. გუნდი შეიცვლება და ამით „ქართული ოცნება“ რაღაც დივიდენდების მიღებას შეეცდება. ამან თუ ვერ გაამართლა, მაისის ბოლოს „ქართულ ოცნებას“ ისევ შეუძლია ახალი ცვლილებები განახორციელოს.
რა თქმა უნდა, ღარიბაშვილსაც შეეძლო ცვლილებების განხორციელება, მაგრამ უფრო მომგებიანი იქნება, თუ კობახიძე განახორციელებს ამ ცვლილებებს.
მგონია, რომ ივანიშვილი უფრო მეტად ენდობა ღარიბაშვილს, ვიდრე კობახიძეს. თამაშიდან გაიყვანა [ღარიბაშვილი], მაგრამ არც პოლიტიკურ სიტუაციას მოწყვიტა. თუ ღარიბაშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც ის იქნება, ამიტომ ღარიბაშვილი დააკომპლექტებს „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიას. თუ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი მესამედ დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე.
ძაბირაძის აზრით, ივანიშვილმა იცის, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნებში დიდი პრობლემები ელის:
“ქართულ ოცნებას“ არჩევნები წაგებული აქვს. მთავარი ის არის, ოპოზიცია მოიგებს თუ არა ამ არჩევნებს. „ქართულ ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს, მაგრამ ოპოზიციამ შეიძლება წააგოს. ეს არის დღეს პრობლემა, თორემ „ქართულ ოცნებას“ დღეს ხმების 40%-ის მიღება შეუძლია. 60%-ი გადანაწილდება ოპოზიციაზე, ოღონდ აქ 5%-იანი ბარიერი არსებობს. ოპოზიციამ ძალიან სწორად უნდა იმოქმედოს. ივანიშვილმა წინასწარ, რაღაც ნაბიჯები გადადგა“.
ძაბირაძის აზრით, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა საკუთარი თავის გადასარჩენად.
“ის დაბრუნდა არა იმის გამო, რომ რაღაც კორუფციას ებრძოლოს, ეს ყველაფერი ფასადურია, დაბრუნდა, იმიტომ, რომ ივანიშვილი უშვებს შესაძლებლობას, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგოს. თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს, მაშინ ივანიშვილს სჭირდება გარანტიები, რომ ის ხელშეუხებელი იქნება, როგორც სააკაშვილს სჭირდებოდა გარანტიები და როგორც შევარდნაძეს სჭირდებოდა. ეს გარანტიები არა დღევანდელი ოპოზიციიდან სჭირდება, არამედ იმ თანამეგობრობისგან, რომლებმაც ეს გარანტიები სააკაშვილსაც მისცეს და შევარდნაძეს.”
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს, რომ არც ღარიბაშვილი და არც კობახიძე არ გამოირჩევიან კომპრომისული დამოკიდებულებით ოპოზიციისა თუ მედიის მიმართ.
ასე რომ, 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაც, მოსალოდნელია, რომ ისევ აგრესიული რიტორიკის ფონზე წარიმართოსო, ეუბნება კაკაჩია რადიო თავისუფლებას.