‘კომენტარს არ ვაკეთებ’– ადიგენის მერი აუდიტის დასკვნაზე

‘კომენტარს არ ვაკეთებ’– ადიგენის მერი აუდიტის დასკვნაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, კომენტარზე მერი, გოჩა ქიმაძე უარს ამბობს.

მუნიციპალიტეტის 2021–2022 წლების საქმიანობის შესწავლის შედეგად, აუდიტის სამსახურმა შეუსაბამობა დაადგინა ფინანსური რესურსების მართვაში; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაში; მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე; ქონების მართვასა და განკარგვაზე, ასევე, ორგანიზაციული და პერსონალის მართვის მიმართულებებზე.

ბიუჯეტის შესრულების ხარვეზები

მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 20.8%1 და 19.9%2 დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები

მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1 116 500 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

ხარვეზებით შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია

მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შედეგად, მუნიციპალიტეტი იბარებდა ხარვეზებით შედგენილ დოკუმენტაციას, რაც გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე, ამასთანავე, აუარესებდა მერიის პირობებს. მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია.

გამოუყენებელი აქტივები

მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას შეისყიდა ისეთი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მასალები, რომელიც გონივრულ ვადაში არ გამოუყენებია. შედეგად, 65 800 ლარი დახარჯულია არაეფექტიანად და სრულად არ არის მიღწეული პროექტითგათვალისწინებული მიზნები.

მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები

მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი. მოსახლეობის ნაწილს სასმელიწყალი მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისიხარისხი არ მოწმდება.

ქონების მართვის ხარვეზები

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტი გასხვისების შემდგომ საჯარო რეესტრში ვალდებულების გარეშე დარეგისტრირდა. შედეგად, საფრთხე შეექმნა ძეგლის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლებში არ გადასინჯა წინა წლებში იჯარით გაცემული ქონების საიჯარო ქირა, რითაც დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

დელეგირებული უფლებამოსილების დაფინანსება საკუთარი შემოსავლებიდან

მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯი გამოიწვია.

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები

მერიამ ვერ უზრუნველყო საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადო ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ დრომდე, სამცხე–ჯავახეთის მხოლოდ ხუთი მუნიციპალიტეტის, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის აუდიტის დასკვნები გამოაქვეყნა. ადიგენის გარდა, აუდიტის სამსახურმა დანაშაულის ნიშნები ოთხივე ხსენებულ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში დაინახა, რაზეც დაინტერესებისთვის საქართველოს პროკურატურას მიმართა.

SKNEWS