ნინოწმინდის მერიამ 1 221 800 ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული პროექტები ჩაიბარა, რომელიც მალევე დაზიანდა

ნინოწმინდის მერიამ 1 221 800 ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული პროექტები ჩაიბარა, რომელიც მალევე დაზიანდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით, ნინოწმინდის მერიამ უხარისხოდ შესრულებული და მალევე დაზიანებული პროექტები ისე ჩაიბარა, რომ რეაგირება არ ჰქონია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.  დაზიანებულია საჯარო სკოლები, რიტუალების სახლები, საბავშვო ბაღები, სპორტდარბაზი, კულტურის სახლები, მინი სტადიონი და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები. 

„მერიამ ჩაიბარა 1 221 800 ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ობიექტების ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ძირითადად, სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენა საექსპერტო დაწესებულებასა და მიმღებ კომისიას ევალებოდა. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს მათი პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია“,–ვკითხულობთ დოკუმენტში.

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მერიამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვასა და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას.