რა გავლენას ახდენს სოციალური ქსელების გამოყენება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?– რას ამბობს კვლევები?

რა გავლენას ახდენს სოციალური ქსელების გამოყენება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?– რას ამბობს კვლევები?

მსოფლიოს მასშტაბით, სოციალურ ქსელებს სამ მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, რაც საერთო მოსახლეობის 40%–ია. ადამიანები საშუალოდ ორ საათს ხარჯავენ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოწონებაში, გაზიარებასა და შექმნაში. სტატიაში გიამბობთ რა გავლენა აქვს სოციალური ქსელების მოხმარებას ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

სტრესი

ადამიანები სოციალურ მედიას ყველანაირი ინფორმაციის მისაღებად იყენებენ, დაწყებული საყოფაცხოვრებო თემებით, დამთავრებული პოლიტიკით. ჭარბი ინფორმაციის მიღების გზას ხშირად უარყოფითი მხარეც აქვს, რაც დაუსრულებელ სტრესს გულისხმობს. კვლევებით გამოვლინდა, რომ სოციალური ქსელები ადამიანებში უფრო მეტად ამძაფრებს სტრესს, ვიდრე მისგან ათავისუფლებს. მაგალითად, კვლევაში  მონაწილე 1800 რესპონდენტის გამოკითხვამ აჩვენა, რომ სოციალური მედიის გამოყენება სტრესის დაბალ დონესთან იყო დაკავშირებული.

დეპრესია

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა კავშირი დეპრესიასა და სოციალური მედიის გამოყენებას შორის, არსებობს კვლევებიც, რომელიც თვალსაჩინოს ხდის სოციალური მედიის გამოყენების დადებით მხარეებსაც.

ორი კვლევა, რომლებშიც 700–ზე მეტი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, აჩვენებს, რომ დეპრესიის სიმპტომები, მაგალითად უხასიათობა, დაბალი თვითშეფასება და უიმედობა დაკავშირებულია ონლაინ ინტერაქციის ხარისხთან:  ის ადამიანები არიან დეპრესიისკენ უფრო მეტად მიდრეკილნი, რომლებსაც ონლაინ ინტერაქციის ნეგატიური გამოცდილება აქვთ.

მსგავსი კვლევა, რომელშიც 1 700 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენებს, რომ მომხმარებლებს, რომლებიც ხშირად იყენებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელს, დეპრესიის და შფოთვის განვითარების სამჯერ უფრო მეტი რისკი აქვთ. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა კიბერ ბულინგი, სხვა ადამიანების ცხოვრებაზე დამახინჯებული წარმოდგენები და ფიქრები სოციალურ ქსელში გატარებული დროის უვარგისობაზე.

მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ სოციალური მედიის გამოყენებაზე დაკვირვება ხშირად იძლევა საშუალებას დეპრესიის, როგორც დიაგნოზის დადგენაში, რაც აადვილებს ადამიანისთვის საჭირო მკურნალობის კურსის დანიშვნას.

ძილი

ჩვენ გარშემორტყმული ვართ სხვადასხვა სახის ხელოვნური განათებებით დღისითაც და ღამითაც. კვლევამ ცხადყო, რომ ხელოვნური განათება ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას, რომელიც ჯანსაღ ძილზეა პასუხისმგებელი. მოკლედ რომ ვთქვათ, თუკი ძილის წინ ტელეფონს „სქროლავ“, „განწირული ხარ არასრულყოფილი ძილისთვის“.

პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს 18–30 წლის ასაკის 1 700 ადამიანის სოციალური ქსელების მოხმარების და ძილის ჩვევები. აღმოჩნდა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო იმას, რა დროს უთმობს ადამიანი სოციალურ ქსელებს, ასევე რამდენად ხშირად ამოწმებს ის მას. კვლევამ დაადასტურა. რომ სოციალური ქსელების „ისტერიული“ გადამოწმებაც ზრდის არაჯანსაღი ძილის რისკს.

დამოკიდებულება

თუკი სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება ნამდვილად არსებობს, ეს შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტზე დამოკიდებულების ერთ–ერთ ფორმად, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე განიხილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემად.

კვლევების შედეგად გამოვლენილია, რომ სოციალური ქსელების გადამეტებული მოხმარება დაკავშირებულია ადამიანური ურთიერთობების პრობლემებთან, გაუარესებულ აკადემიურ მიღწევებთან და „ონლაინ“ სამყაროში ადამიანებთან შემცირებულ შეხვედრებთან. ფაქტები ცხადყოფს, რომ სოციალური მედია ადამიანებზე სხვადასხვანგვარად მოქმედებს იმის გათვალისწინებით, თუ რა პრეისტორია აქვთ მათ სხვადასხვა სახის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხსა თუ პიროვნულ თავისებურებებზე.

შეიძლება ითქვას, რომ როგორც ჭარბი საკვების მიღება, აზარტული თამაშები და სხვა ცდუნებები, სოციალური ქსელების ზომაზე მეტად გამოყენებაც არ არის რეკომენდებული. ამავდროულად, ვერც იმას ვიტყვით, რომ სოციალური მედია საყოველთაოდ ცუდია, რადგან მას არაერთი სარგებელი მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში.

სტატია მომზადებულია BBC FUTURE–ზე დაყრდნობით.