„ისეთი უნიკალური პროდუქტი, როგორიც ვირის რძეა, ადამიანებამდე უფრო ინტენსიურად უნდა აღწევდეს“

„ისეთი უნიკალური პროდუქტი, როგორიც ვირის რძეა, ადამიანებამდე უფრო ინტენსიურად უნდა აღწევდეს“

„ისეთი უნიკალური პროდუქტი, როგორიც ვირის რძეა, ადამიანებამდე უფრო ინტენსიურად უნდა აღწევდეს,“ – ამის შესახებ ვირის რძის მწარმოებელი ფერმის „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირის რძეზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში მკვეთრად არის გაზრდილი, არსებობს უამრავი პრობლემა, რომლის გამოც ის სათანადო რეალიზაციას ვერ ახდენს და შესაბამისად, ნაკლებ მოგებაზეც გადის.

„ბიზნესპრესნიუსთან“ თემურ ლომიძე ყვება, რომ სახელმწიფოსგან მეტ ხელშეწყობას ისურვებდა, რადგან ისეთი უნიკალური პროდუქტი, როგორიც ვირის რძეა, ადამიანებამდე უფრო ინტენსიურად უნდა აღწევდეს.

„მქონდა ასეთი პროექტი: მინდოდა კოტეჯების გაკეთება, სადაც ეთნო-მუზეუმი, ტურისტული ზონა, საგამოფენო ოთახი განთავსდებოდა. ასევე 3-4 კოტეჯი მინდოდა ალცჰაიმერით და სხვადასხვა დაავადებით დაავადებული ბავშვებისთვის, რომელთა მკურნალობისთვის ვირის რძე მისწრებაა. ასეთი პრაქტიკა უცხოეთშიც უამრავია, მაგალითად, კვიპროსზე არსებობს კომპანია “ოქროს ვირი“, სადაც სპეციალურად ვიყავი ჩასული, რათა ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა და ჩემი პროექტი სრულყოფილი ყოფილიყო, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანე, ისევ და ისევ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის არქონის გამო,“ – აცხადებს თემურ ლომიძე.

მისი თქმით, შემოთავაზება ჰქონდა ჩინეთიდან, წელიწადში 5 000 სული ვირის შეძენის თაობაზე, თუმცა, ამის საშუალება ვერ გამოიძებნა.

თემურ ლომიძე ვირის რძის ფერმას გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში ფლობს. მის საკუთრებაშია 100 ვირი, რომელთაგან ყოველწლიურად 800 ლიტრ რძეს აწარმოებს, თუმცა სურს, წარმოება უახლოეს მომავალში 1200 ლიტრამდე გაზარდოს. 1 ლიტრი ვირის რძის ფასი ამჟამად 70 ლარია, თუმცა ფერმერი ფასის 10 ლარით გაძვირებას არ გამორიცხავს.

BPN