საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ევროკავშირის 9 რეკომენდაციას ეწინააღმდეგება, ამიტომ ვეტოს დაადებს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტმა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან. ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში“, –ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცვლილებები ითვალისწინებს ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას. ასევე იცვლება წევრების არჩევის წესიც. კერძოდ, კენჭისყრის პირველ ეტაპზე წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. ხოლო თუ პირველ კენჭისყრაზე კანდიდატებს ხმების საჭირო რაოდენობა არ ექნებათ, დაინიშნება მეორე კენჭისყრა, რომელშიც მათ უმრავლესობის მხარდაჭერა, ანუ 76 ხმა დასჭირდებათ. თუკი კანდიდატები საკმარის ხმებს კვლავ ვერ მოაგროვებენ, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა, კვლავ 76–ხმიანი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. საბოლოოდ, თუ პარლამენტი ვერცერთი კენჭისყრით ვერ აირჩევს კომისიის წევრს ან თავმჯდომარეს, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა. არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას ხუთი წლის ვადით დაიწყებენ.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდა – ერთი არჩეული დანიშნული იყო ოპიზიციური პარტიებიდან, მეორე კი აირჩეოდა ცესკოს მოქმედი წევრებიდან. ასევე კოდექსის მოქმედი რედაქციით, ცესკოს წევრები 76 ხმით აირჩევიან.