შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორია.

შშს-ს განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით, “ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად”, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული – ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.

“პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები:

„ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ლსდ“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე თქმით, კომპლექსური გამოძიების ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და უძრავ მოძრავი ქონების მოძიება და დაყადაღება, რომლებიც ნარკორეალიზაციის შედეგად უკანონო გზით იქნა მოპოვებული.

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მუდმივ რეჟიმში ხორციელდება ე.წ. დარქნეტში და სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე არსებული ონლაინ მაღაზიების იდენტიფიცირება.

“აღსანიშნავია, რომ მსგავს სქემებში ჩართული ნარკორეალიზატორების მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს სჭირდება გარკვეული დრო, რათა მოძიებულ იქნეს მყარი მტკიცებულებები, ტექნოლოგიურად დამუშავდეს დიდი რაოდენობის მონაცემები, დაინიშნოს და ჩატარდეს ექსპერტიზები, რათა დამნაშავე პირები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში”. – წერია განცხადებაში.

JAMNEWS