გამოეთრიეთ გარეთ –ადიგენში მუსლიმთა სამლოცველოს და რელიგიური სკოლის ფუნქციონირებას ეწინააღმდეგებიან

გამოეთრიეთ გარეთ –ადიგენში მუსლიმთა სამლოცველოს და რელიგიური სკოლის ფუნქციონირებას ეწინააღმდეგებიან

8 მარტს, დაბა ადიგენში წერეთლის N18–ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკეობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა. შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე, სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეიკრიბა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

ეზოში შეკრებილების მხრიდან ისმოდა შეურაცხმყოფელი შინაარსის მიმართვებიც, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

როგორც ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვებიან, მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რის მიხედვითაც, მუსლიმებს სახლის მეჩეთად გადაკეთება და მინარეთის დადგმა სურთ.

მხარეებს შორის დაპირისპირება ვიდეოჩანაწერშიც ისმის, რომელიც პარლამენტის დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ გაავრცელა.

„ვინ ოხერი ხარ გამაგებინე, გამოეთრიე გარეთ და ხალხს ელაპარაკე შე ახ***ო კაცო, გაეცი პასუხი, გაგიხევ სახეს შე ნაგლო კაცო შენ! დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ, ჩვენს აზრს არ ითვალისწინებთ, გამოდი მე დამელაპარაკე, ეს შენი სახლი არ გეგონოს, შენი ვერასდროს იქნება!“, – ამ სიტყვებით მიმართა ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა, ნიკოლოზ გეწაძემ შენობაში მყოფ პირს.

შენობაში მყოფი პიროვნება კი პასუხობს, რომ ტერიტორია მისი საკუთრებაა და იქ ყოფნის უფლება აქვს: „ჩვენ თქვენთან სალაპარაკო არ გვაქვს ქურდო, ჩვენ ველაპარაკეთ ხელისუფლებას და იქ მოგვარდება ყველაფერი. მიბრძანდით ბატონ გოჩასთან [ადიგენის მერთან]“, – უთხრა მან მართლმადიდებელ სასულიერო პირს და პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნის შემდეგ სახლის კარი დაკეტა.

აღნიშნული საუბრის პარალელურად, სამართალდამცავები მოსახლეობის და სასულიერო პირების შეკავებას ცდილობდნენ, რომლებსაც მუსლიმურ მხარესთან დალაპარაკება და შიდა ტერიტორიაზე შესვლა სურდათ. როგორც ვიდეოჩანაწერში ისმის, პოლიცია მოუწოდებს შესაბამის დანაყოფებს, რომ შეკრებილები სახლის ეზოში არ შეეშვათ, თუმცა მოგვიანებით მათმა ნაწილმა კორდონის გარღვევა მაინც სცადა.

„საჩხუბრად არავინ არის მოსული, ადიგენელი მოსახლეობა ვართ და გამოდი დაგველაპარაკე!“, – ამბობდა ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა, რომელთა ნაწილი აგრესიულად იყო განწყობილი.

დაპირისპირება დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყო, ადგილზე მივიდა ადიგენის მერი გოჩა ქიმაძეც. დანარჩენი ადგილობრივების მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ დაბაში მეჩეთი არ უნდა იყოს:

„ქრისტიანული მოსახლეობა ამას აღიქვამს, როგორც პროვოკაციას. იქ სადაც ახლა ეს მეჩეთია გახსნილი, არ ცხოვრობს არცერთი მუსლიმი. ყველანი დადიან სოფლებიდან, სადაც ისედაც აქვთ იქ სალოცავი. ეს არის სახლი და როგორც მეჩეთი არ იფუნქციონირებს. თუ სურვილი ექნებათ, ნებისმიერ სოფელში, სადაც მუსლიმი თემი ცხოვრობს და არ აქვთ მეჩეთი იქ გახსნიან, მერია პირიქით დაეხმარება ამ საქმეში.

ჩემთვის როგორც მერისთვის მნიშვნელოვანია რაიონში იყოს მშვიდობა და დღევანდელმა დღემ და წინა დღეებმა დამანახა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა და ეს მეჩეთი, რომელიც იქ იფუნქციონირებს მშვიდობას არ მოიტანს. ამიტომ, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, საჭიროებას  არ წარმოადგენს რომ აქ იყოს მეჩეთი“,–ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ გოჩა ქიმაძე.

რა შეეხება დაპირისპირებას, იგი კატეგორიულად უარყოფს: „ეს იყო ძალიან მშვიდობიანი უხმაურო შეხვედრა,  იქ ერთი ზედმეტი ხმამაღალი სიტყვა არ თქმულა ძალიან მშვიდობიანად მეგობრულად ჩაიარა ყველაფერმა. ეს სახლი გაყიდა ერთ–ერთმა მოქალაქემ , როგორც საცხოვრებელ სახლად. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მოქალაქე აღმოჩნდა მოტყუებული. იქ გაიხსნა მეჩეთი.

ამ მოქალაქეს [ვინც გაყიდა] მიადგნენ მეგობრები და უთხრეს, მეჩეთად თუ ყიდდი სახლს რატომ არ გვითხარიო. მან კი უპასუხა, მე სახლად გავყიდეო. ჰო და, სახლად თუ გაყიდე, მაშინ მივიდეთ და ვუთხრათ იმ ხალხს, რატომ გახსნეს მეჩეთიო. სალოცავის გაკეთებასთან დაკავშირებით, მერიიდან  ნებართვა არ აქვთ მიღებული. თავადაც აღიარებენ, რომ ეს მეჩეთია, დადიან პარასკევობით,  ჩემი ინფორმაციით 30–40 ადამიანი, ხან მეტი, ხან ნაკლები და ასრულებენ თავის რელიგიურ ლოცვებს. ამიტომ მივიდა იქ ხალხი რომ გაერკვია,  სხვა იქ დიდი არაფერი პრობლემა არ ყოფილა. საუკუნეებია ერთად მოვდივართ, მოყვრობაშიც არიან ოჯახები გადასული და არ გვაქვს ცუდი ურთიერთობები ერთმანეთთან“,–ამბობს მერი.

მისი განცხადებით, საკითხი მოგვარების პროცესშია და ვითარების გამწვავება მოსალოდნელი არ არის: „ვთვლი, რომ პრობლემა მოგვარებულია შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია და ისე, რომ საქმის გამწვავებას არ ველოდებით. ორშაბათს გვეცოდინება ამაზე ყველაფერი“.

სახლი, სადაც დღეს დაპირისპირება მოხდა იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძეს ეკუთვნის. მან გვითხრა, რომ დიდი ხანია ადიგენში არ იმყოფება, რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, თქვა, რომ მოგვიანებით დაგველაპარაკებოდა.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, სასულიერო პირმა დღის დიდი ნაწილი პოლიციის განყოფილებაში გაატარა. ნაშუადღევის შემდეგ, ჩვენ მასთან დაკავშირებას ვეღარ ვახერხებთ. აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ სურს არც მიქელაძის მეუღლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ადიგენში მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ, თუმცა მერაბ მიქელაძის პოლიციაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც გვიდასტურებენ.

რას ჰყვებიან ადგილობრივები

რელიგიურად მგრძნობიარე საკითხზე მოსახლეობის დიდი ნაწილი ღია საუბრისგან თავს იკავებს.

მუსლიმი მხარის ერთ–ერთი წარმომადგენლის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, რომ საცხოვრებელ სახლში მეჩეთის გახსნა და მინარეთის განთავსება იგეგმება.

„მოგონილია ეს ამბავი! სასწავლებელზე მინარეთის დადგმა გამორიცხულია!  ეს არის სასწავლებელი და ზოგადად, სასწავლებელზე მინარეთი არ კეთდება! საქართველოში საერთოდ არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ (რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება). აქ ლოცვა მხოლოდ პარასკევს ტარდება. 5–10 კაცია ხოლმე, მეტი არა. ამ ყველაფრის იდეა ის არის, რომ მოხდეს დაპირისპირება და ვიღაცებმა რაღაც ქულები დაიწერონ! ასეთი ზიზღის ენით საუბარი, მიმართვა და მოქმედება არ შეიძლება!“,–ამბობს იგი.

ერთ–ერთი პირი, ვინც დღევანდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, თუმცა არც მას სურს ვინაობის გამხელა, გვიყვება, რომ მოსახლეობის ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია აქ როგორც სკოლის, ისე მეჩეთის არსებობის. იგი ამბობს, რომ არ იცის ვინ გაავრცელა ინფორმაცია, მეჩეთად  გადაკეთებასთან დაკავშირებით.

„როგორც სხვებისგან ვიცი, უნდათ რომ ეს სახლი მეჩეთად გადააკეთონ და მინარეთი დადგან. ამან გამოიწვია პროტესტი. სოფლებიდანაც ჩამოვიდა მოსახლეობა, იყო მერი და მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც. მამა ნიკოლოზი შევნიშნე და სხვებიც. სკოლა დიდი ხანია აღარ არის აქ და სალოცავიც არ უნდა იყოს! სალოცავის გასახსნელად არ იყო ეს სახლი გაყიდული. მერმა შარშან უთხრა, რომ ლოცვები არ უნდა ჩატარებულიყო. როცა მოდიან აქ და ლოცულობენ, არ გვაწუხებენ, მაგრამ მინარეთს რომ დადგამენ?! როცა იკრიბებიან, ჩვენ არ გვზღუდავენ და არ გვიქმნიან პრობლემას, მაგრამ როდესაც მასიური იქნება, მინარეთიც ექნებათ. აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, ეტყობა „პრევენციის“ მიზნით კეთდება ეს  (პროტესტი)“,–აცხადებს ის.

მისივე თქმით, გასული წლის ივლისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, გარკვეული შეთანხმება შედგა და ნამდვილად შეიმჩნეოდა, რომ მუსლიმები აღარ იკრიბებოდნენ აქ ისე, როგორც ადრე.

„შარშან ასეთი პირობით შეთანხმდნენ, რომ აქ აღარ უნდა ჩაეტარებინათ ლოცვები. ადრე მანქანებით მოდიოდნენ და ბევრი იდგა ხოლმე ამ სახლთან, ივლისის ამბების შემდეგ, ვეღარ ვამჩნევდი. ისიც კი თქვა შარშან მერმა და მამა ნიკოლოზმა, რომ თუ ლოცვას არ მოიშლიან, იძულებული ვიქნებით ეს შენობა შევისყიდოთო, მოილაპარაკებენ ალბათ და გადასცენ მაგალითად ვინმე უსახლკაროს“,–ამატებს იგი.

ორი რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას არ ესწრებოდა, თუმცა მომხდარზე ინფორმაცია აქვს ადგილობრივს, ნათელა ბერიძეს. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ვინმესთვის საფრთხის ან დისკომფორტის შემცველი მუსლიმი მოსახლეობის ლოცვა ხსენებულ სახლში.

„მუსლიმი ვარ, არ მეშინია არავის, რადგან არც არაფერს ვაშავებ! ჩემთვის ვარ. ვლოცულობ. რა მიზეზით, რა პრინციპით ჰქონდათ ეს რეაქცია, არ ვიცი. მეგობრულად, მეზობლურად ვცხოვრობთ ერთად, შეხმატკბილებული. რატომ უნდა გვშლიდნენ ლოცვას ან ისინი, ან ჩვენ?! ერთი ერის შვილები ვართ!“,–ამბობს ის.

ერთ–ერთი თვითმხილველი, რომელიც მულიმურ თემს წარმოადგენს ამბობს, რომ იგი ამ სახლში მეჩეთის შესაძლო გახსნას არ ეთანხმება.

„მეჩეთის გახსნა უნდათ. მეც მუსლიმი ვარ, მაგრამ არ ვურჩევ გახსნას. არ არის ლამაზი. დაბა ადიგენში უმეტესი ქრისტიანი ცხოვრობს“.

აღნიშნულ საკითხზე დაპირისპირება გასული წლის ივლისში დაიწყო. მაშინაც, აღნიშნულ სახლთან ზარზმის მონასტრის სასულიერო პირები მივიდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებასაც.  შეკრებილების ძირითადი მოთხოვნა ადგილზე ლოცვის და სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტა იყო.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, რელიგიურ კონფესიებს შორის შექმნილ უთანხმოებაზე მოლაპარაკება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის და სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ჩართულობით შედგა. სასულიერო პირები მაშინ დაპირისპირების ზუსტ მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებდნენ, თუმცა ფაქტს არ უარყოფდნენ.

დღეს, 8 მარტს მომხდარ შემთხვევას „ყოველგვარ ადამიანური ღირსებისგან ამოვარდნილი ფაქტად“ აფასებს პარლამენტარი და „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე.

„შემზარავი იყოს ის რაც ვნახე. დღეს, ყოველგვარი ადამიანური ღირსებისგან ამოვარდნილი ფაქტი ვნახეთ. სასულიერო პირები გინებით მისულები თავს ესხმიან ადამიანებს და არ აძლევენ საშუალებას, რომ ადგილობრივებმა შეძლონ საკუთარი მრწამსის შესაბამისად ლოცვა. ეს პრაქტიკულად, გამოძიების საგანია და საჭიროებს სახელმწიფოს სერიოზულ ჩარევას და სამართლებრივი შეფასების მიცემას. ეს პრობლემა არ არის დღევანდელი, დაახლოებით ერთი წლის ამბავია. თითქოს ჩაერია ადრე სახელმწიფოს წარმომადგენელი და მოაგვარეს საკითხი, მაგრამ პრაქტიკულად მოატყუეს ადგილობრივები“,–აცხადებს იგი.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, გასულ წელს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, საკითხი უნდა მოგვარებულიყო, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მიცემული პირობა დაირღვა.

„გასულ წელს იყო ასეთი შეთანხმება, რომ ამ ადგილზე, სადაც ასრულებდნენ ლოცვას, იყო პრეტენზიები. ადგილობრივმა მუსლიმებმა თქვეს რომ სჭირდებოდათ მაშინ სხვა ფართი, რომელიც თითქოს სხვა სოფელში მისცეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ, ვინც ამაზე პასუხისმგებლობა აიღო და უნდა მოეგვარებინა ეს საკითხი, არ მოაგვარა“,–განმარტავს ის.

პოლიტიკოსის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში მთავარი როლი და პასუხისმგებლობა როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრია. იგი უახლოეს პერიოდში თავად გეგმავს აქ ჩამოსვლას და ოფიციალურ პირებთან საუბარს.

„ახლა მთავარია სახელმწიფოს რა პოზიცია აქვს! ის პრაქტიკულად დუმს და არაფერს აკეთებს! ორ ჯგუფს ერთმანეთთან აპირისპირებს თავისი ქცევებით! მე პრემიერსაც მივმართე განცხადებით და ვცდილობ პირადადაც გავესაუბრო. ეს თუ გაგრძელდება და დროულად არ მოგვარდება, კარგად არ დასრულდება რადგან ცუდის მომასწავებელია. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველას აქვს უფლება საკუთარ ფართში შევიდეს და ლოცვა შეასრულოს. სახელმწიფოს არასწორი მიდგომები დააპირისპირებს მოსახლეობას, რაც ქვეყანას არ აწყობს. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ ყველაფერს სწორად ვერ აღიქვამს. მაშინ ჩვენ (მუსლიმებმა) ამ ქვეყანაში ვერ უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა გვქონდეს პრეტენზია, რომ დემოკრატიული მმართველობა და ევროკავშირი გვინდა!“,–ამატებს იგი.

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, შეთანხმება სისრულეში ვერ მოიყვანეს, რადგან ახალ ფართში გადასვლაზე უარი თავად მუსლიმება თქვეს:

„შეთანხმება, რომელიც  იყო მიღწეული– დაირღვა. ამის გამო არის რელიგიურად მეორე მხარე გაღიზიანებული. აღარ მოხდა ეს (იჯარეთში ახალ ფართში გადასვლა), ზუსტად ამაშია საქმე რომ შემდგომ რატომღაც შეიცვალა ეს მიდგომა და უარი თქვეს მუსლიმებმა რატომღაც. ყველა სოფელში სადაც მუსლიმი თემი ცხოვრობს, არის მეჩეთი. შეთავაზებაც არის, რომ მერია  ყველანაირად ხელს შეუწყობს იქ, სადაც მუსლიმი თემი ცხოვრობს. თუ საჭიროა მეჩეთის აშენება, მერია ამაზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გასცემ ნებართვას წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად“,–ამატებს იგი.

ცნობისთვის, გასული წლის ივლისში სამცხე–ჯავახეთის მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემგანაცხადა, რომ ადიგენში სამლოცველო იმამმა, მერაბ (იუსუფ) მიქელაძემ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსგან“ დამოუკიდებლად გახსნა.

„მუსლიმთა სამმართველოს არ გაუხსნია, მერაბ მიქელაძეს კერძო სახლი იყო. იქ მას თუ უნდა ილოცებს და რაც უნდა ის იქნება. რადგან მუფთი ვარ და რელიგიური კუთხით მიმდინარეობდა პროცესი, ამიტომ მომიწია ჩარევა. მეჩეთის დანიშნულება ამ შენობას არ ჰქონია…  ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. მეჩეთს მეჩეთი უნდა ერქვას და სახლს – სახლი აქედან გამომდინარე, ის იქნება ისევ ბატონი მერაბის საცხოვრებელი სახლი და არავინ ხელს არ შეუშლის და აშენდება მეჩეთი და იქნება მეჩეთი. მუსლიმ თემს რომ ლოცვის პრობლემა არ ექნება, ის არ იქნება დაჩაგრული”.

როგორ გადაწყდება მხარეებს შორის კონფლიქტი,  ამ ეტაპზე უცნობია, „სამხრეთის კარიბჭე“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.