ადიგენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბათუმში მუსლიმმა თემმა აქცია გამართა

ადიგენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბათუმში მუსლიმმა თემმა აქცია გამართა

10 მარტს ბათუმში ადიგენში მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარბჭე” ავრცელებს. 

„ყველას მინდა გთხოვთ,  ვისზეც მიგიწვდებათ ხმა მივაწვდინოთ, რომ ეს არ არის არცერთი ადამიანის, არცერთი გულწრფელი მორწმუნეს დაწყებული ამბავი,  ეს არის პოლიტიკურად მართული ამბავი და ჩვენ ამ პოლიტიკაში არ ჩავებმებით, ჩვენ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მივეკუთვნებით. ჩვენ ვართ ერთადერთი გულწრფელი მრევლი, რომელიც თავის სალოცავს ითხოვს. კონსტიტუციის ფარგლებში უფლება გვაქვს, რომ ჩვენი ლოცვა აღვავლინოთ იქ სადაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ ისე, რომ არ შეიზღუდოს არვის არც უფლება, არც უსაფრთხოება და არც არაფერი“,– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ჰურიე აბაშიძის განაცხადებით, ნებისმიერი მოქალაქისთვის დღეს ერთად ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„თუ დღეს მუსლიმი მოსახლეობის უფლება ირღვევა ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის,  ეს არის ნებისმიერი მოქალაქის პრობლემა, ეს არის ყველა იმ ადამიანის პრობლემა, რომელიც სახელმწიფო ღირებულების მიხედვით ცხოვრობს . ჩვენ დღეს გვეზღუდება გამოხატვის, რწმენის თავისუფლება, ის რაც კონსტიტუციით უფლებამინიჭებულია ჩვენზე.  არავის აქვს უფლება ჩვენ ეს შეგვზღუდოს. ხელისუფლება, რომელიც ამ საკითხის ყველაზე მთავარი გამტარია ვალდებულია, რომ ვინც, ამ ადამიანების გამოხატვის უფლებას ხელი შეუშალა, ყველა უნდა დასაჯოს და ყველამ უნდა აგოს პასუხი“,– თქვა მან.

ჰურიე აბაშიძის თქმით, ხვალიდან, დიდი მარხვა იწყება, რომელიც ერთ თვეში დასრულდება და ამ პერიოდში, აღნიშნული საკითხის მოგვარება ხელისუფლებამ უნდა შეძლოს.

„მიმართვა მაქვს ხელისუფლებასთან. ერთი თვის მერე, როდესაც მარხვა დასრულდება, თქვენ აუცილებლად მოხვალთ სადღესასწაულო ლოცვაზე რასაც, მუდმივად აკეთებთ და ამ ადამიანებს თვლებში ჩახედავთ და ეტყვით, რომ ჩვენ ტოლერანტული სახელმწიფო ვართ, ჩვენ ვაღიარებთ ყველა ადამიანს, ყველა ადამიანის რელიგიას, გამოხატვას და თავისუფლებას. თუმცა, თუ ამ ერთი თვის მანძილზე ამ საკითხს ვერ მოაგვარებთ  ჩემი აზრით, ინდივიდუალურად მე როგორც ერთ მუსლიმ მოქალაქეს მიმაჩნია, რომ თქვენ ამ მეჩეთში არ შემოგესვლებათ. თუ ამბობთ რომ მე ვარ ხელისუფლება, რომ სახელმწიფოში ვაგვარებ პროცესებს, მაშინ კეთილი ინებეთ და დროულად მოაგვარეთ ეს პროცესი“,– განაცხადა აბაშიძემ.

აქციაზე იმყოფებოდა თეოლოგი და ბათუმში ახალი მეჩეთის წინამძღვარი თამაზ მელაძეც, მან მოსახლეობას პირველ რიგში სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა, რომ არ აყვნენ  პროვოკაციებს. მგელაძემ, აბაშიძის მსგავსად, ხელისუფლებას მიმართა და პრობლემის დროულად მოგვარება სთხოვა.

„ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მე მოგმართავთ, თქვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩვენ ვართ ერთიანი. ვიღაცა ცდილობს ჩვენს შორის შუღლის ჩამოგდებას. გთხოვთ, ნუ ავყვებით პროვოკაციებს გთხოვთ შეინარჩუნეთ სიმშვიდე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას  დროულად შეისწავლოს ის ფაქტი რაც მოხდა, დროულად გამოიძიოს. ლამაზი ფორმით, დაალაგოს მოსახლეობასთან ურთიერთობა ლამაზი ფორმით და იმ ადამიანებს რომლებიც იქ ლოცულობენ მისცენ საშუალება შეასრულონ თავიანთი ლოცვა თავიანთი უფლების მიხედვით. ჩვენ ამ ქვეყანაში კანონს ვემორჩილებით და კანონი ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ შეგვიძლია ლოცვა და გვაქვს რწმენის თავისუფლება. რამადანის მარხვის დასრულების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება ჩვენთან მოვა, მაშინ პირნათელი მოვიდეს და ჩვენ მუსლიმებს თვალებში ისე ჩაგვხედოს “,– თქვა თამაზ მგელაძემ გამოცამა „ბათუმელებთან“.

ცნობისთვის, გუშინ, 8 მარტს დაბა ადიგენში წერეთლის N18–ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკეობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა. შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე, მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია.

როგორც ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებდნენ, მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რის მიხედვითაც, მუსლიმებს სახლის მეჩეთად გადაკეთება და მინარეთის დადგმა სურთ.

აღნიშნულ საკითხზე დაპირისპირება გასული წლის ივლისშიც მოხდა, მართლმადიდებლი სასულიერო პირების და ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, დაბა ადიგენში მუსლიმები არ ცხოვრობენ, ამიტომ მათთვის გაუგებარია რატომ უნდა იყოს აქ მეჩეთი და სასულიერო სასწავლებლი.

სამცხე–ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის განმარტებით, იმამმა, მერაბ (იუსუფ) მიქელაძემ  სამლოცველო „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსგან“ დამოუკიდებლად გახსნა.

გასული წლის ივლისში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიქელაძის სახლში ლოცვა აღარ ჩატარდებოდა და მუსლიმებს ალტერნატიულ ფართს ადიგენის მიმდებარედ სოფელ იჯარეთში გამოუყოფდნენ. როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ “სამხრეთის კარიბჭესთან” განაცხადა, მუსლიმებმა შეთანხმებაზე უარი თქვეს, რამაც მართლმადიდებელი მხარის გაღიზიანება გამოიწვია.

აღნშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“, „საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, სახალხო დამცველმა  და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ.